გოპაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. გოპაძე.

ილია ზურაბის ძე [8(20). I. 1853, ქუთაისი, – 29. III. 1932, თბილისი], თერაპევტი. მედ. დოქტორი (1886). სამედ. სამსახურის გენ.-მაიორი (1917). 1878 დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამედ.- ქირურგ. აკადემია. 1888 ბერლინში იმაღლებდა კვალიფიკაციას მასაჟისა და სამკურნ. ტანვარჯიშის დარგში. 1888–94 მუშაობდა პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში. 1894–1909 იყო აბასთუმნის სამხ. ჰოსპიტლის მთ. ექიმი, 1898-იდან – აბასთუმნის მინერ. წყლების დირექტორი. აბასთუმნის, როგორც ტუბერკულოზის სამკურნ. დაწესებულების, დამაარსებელი, რუს. საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის, ნიკოლოზ IIის უმცროსი ძმის, ტუბერკულოზით დაავადებული დიდი მთავრის – გიორგი ალექსანდრეს ძის პირადი ექიმი (ლაიბ მედიკოსი 1904-მდე), 1921-იდან – კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი. აქტიურად მონაწილეობდა კურორტის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. შეისწავლა მისი კლიმ. და ბალნეოლ. ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში. იყო კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზ-ბის გამგეობისა და ქართვ. ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზ-ბის წევრი, საქართვ. საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბის სამეცნ. ტერმინოლოგიის საექიმო წრის პირველი თავ-რე. მიღებული ჰქონდა წმ. ანდრიას, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

თხზ. : Влияние массажа на азотистый обмен и усвоение азотистых веществ, СПб., 1886 (дисс.); Абастуман как климатическая станция и бальнеологический курорт, Тфл., 1930.

ლიტ .: წ უ ლ უ კ ი ძ ე ა., მეცხრამეტე რესაუკუნის ქართველი ექიმები, თბ., 1961