გორასამარხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყ ო რ ღ ა ნ ი, არქეოლოგიური ძეგლების კატეგორია – მიწაყრილიანი ან ქვაყრილიანი სამარხი. ჩვეულებრივ ნახევარსფერულია, უფრო იშვიათად – ოვალურ-კვადრატული ან მოგრძოფუძიანი; ფუძეს ხშირად ქვების წრიული წყობა ან თხრილი შემოუყვება. მიწაყრილით ან ქვაყრილით დაფარულია სამარხთა სხვადასხვა სახეობა: აკლდამა , დოლმენი, კატაკომბა, ქვით ან ძელებით ამოშენებული დასაკრძალავი დარბაზი, ორმოსამარხი და სხვ. გამოირჩევა დრომოსიანი და უდრომოსო გ-ები. გ., ჩვეულებრივ განკუთვნილი იყო ერთი პიროვნებისათვის, მაგრამ ხშირად წარჩინებულებს თან აყოლებდნენ ცოლს, მონებსა თუ მოახლეებს. ზოგი გ. გვარის რიგითი წევრების სამარხებს ფარავს ("გრძელი ყორღანები" რუსეთში; ტყვიავისა და ქორეთის გ-ები საქართველოში). გ-ებში თითქმის ყოველთვის არის აღაპის ნაშთები; ხშირია დაკლული საქონლის ჩატანების შემთხვევაც. ზოგჯერ მთავარი მიცვალებულისა და მისი თანმხლები სამარხების გარდა, გ-ის ყრილში გვხვდება გვიანდ. ე. წ. ჩაშვებული სამარხებიც. ადრინდ. ხანაში გ-ები ჩვეულებრივ ჯგუფებადაა განლაგებული, თუმცა ზოგი განმარტოებით დგას. გვიანდ. ხანაში კი გვხვდება გ-ების დიდი ჯგუფები. იგი გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. კასპიისა და შავიზღვისპირეთის ველებზე და ჩრდ. კავკასიაში (მაიკოპის კულტურა) აღმოჩენილია გვიანდ. ნეოლითისა და ენეოლითის ხანის (ძვ. წ. IV–III ათასწლ.) გ-ები. გ. ყველაზე მეტად დამახასიათებელია ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანისათვის; აღმ. და ჩრდ. ევროპასა და ცენტრ. აზიაში გ-ებში კრძალავდნენ გვიანდ. შუა საუკუნეებამდე, რუსეთში – XIV ს-მდე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი უძველესი გ-ები გვიანდ. ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (იხ. მტკვარ-არაქსის კულტურა ), განსაკუთრებით ცნობილია შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) გ-ები (თრიალეთი, მესხეთჯავახეთი, კახეთი), სადაც ნაპოვნია პოლიქრომული ოქრომჭედლობისა და მაღალმხატვრული კერამიკის უბადლო ნიმუშები (ოქროსა და ვერცხლის თასები, ოქროს ყელსაბამები და შტანდარტები, მოხატული კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი და სხვ.). გათხრილია ქვით ნაგები დიდი დასაკრძალავი დარბაზები – ძელსამარხები, მუხის დიდი მორებით ნაგები "სახლი საკრძალავი" (იხ. ბედენის გორასამარხები ). საქართველოში შესწავლილია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მდიდრული გ-ებიც (დიღომი, კახეთი). დაკრძალვის ეს წესი ანტ. ხანამდე შემორჩა. ა. აფაქიძე.