გორაძირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გორაძირი. სატაძრო კომპლექსი. ძვ. წ. VII – IV სს.

ძვ. წ. VII–IV სს. არქეოლოგიური ძეგლი – წარმართული სატაძრო კომპლექსი სამაროვნითურთ. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულთან, ადგილ "გორაძირზე", სოფლის სამხრ.-აღმით, დაახლოებით 2 კმ დაშორებით მდებარე ორი გორიდან უმაღლესზე (ჩრდ-ით მდებარე გორა). 1967–68 ჩატარებული გათხრებით (ხელმძღვ. ე. გოგაძე) გამოვლენილი სამაროვანი მოიცავს 3–4 ჰა . აქ გაითხარა სამი ყორღანი და ოთხი ორმოსამარხი. დასტურდება კოლექტიური დაკრძალვა და კრემაცია. სამარხეული მასალა ძირითადად კერამიკაა. მიცვალებულებისათვის ჩაუტანებიათ აგრეთვე ბრინჯაოს ისრისპირი, საკინძი, სამაჯური, ხელშუბისპირები, მშვილდსაკიდი, ღეროვანი საკინძები, ცხოველის ფორმის ბრტყელი აბზინდა, ორნამენტირებული ბალთა, პინცეტი, სამაჯურები (ერთი ოქროს გარსაკრავიანი), სამნაწილიანი ფირფიტოვანი საკიდი ხვია, ცხოველის მინიატიურული ქანდაკება, ბრინჯაოსა და რკინის სატევრები, სარდიონის თეთრი კაჟისებური ქვის, მინისა და პასტის მძივები. გორაძირის ძეგლებში დაკრძალვის წესი და სამარხეული მასალა გამოხატავს კოლხური და აღმ. ქართული არქ. კულტურების ელემენტთა შერწყმას და სასაზღვრო რეგიონში ამ კულტ. სფეროების სათანადო ეთნ. ნაკადთა შერწყმის პროცესზე უნდა მიუთითებდეს. მასალის ტიპოლოგიური ანალიზით ძეგლი ძვ. წ. VII–VI სს. ფარგლებში ექცევა. 1997–98 გაითხარა სატაძრო კომპლექსი, რ-იც გორის თხემზეა გამართული. იგი ორფენიანია. ზედა ფენა წარმოადგენს დაახლოებით 60–70 მ 2 ფართობის ფლეთილი ქვით ნაგებ სწორკუთხა შენობას, რ-ის აღმ. ნაწილში გამოვლინდა ქვის ცალპირი წყობით ნაშენი შიდა კედლის ნაშთიც. ნაგებობის ცენტრ. ნაწილში მომწვანო ფერის თიხის, კუბის ფორმის ორი პოდიუმი გაიწმინდა. ფენაში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლ. მასალიდან (კერამიკა, რკინის ნივთები) ყურადღებას იქცევს თეფშის ფორმის ორი ჭურჭელი, რ-ზეც დაძერწილია სფერულმუცლიანი პატარა კოჭბები. ფენა ძვ. წ. V–IV სს-ით თარიღდება. ქვედა ფენა წარმოადგენს ღია, კვადრატულ სამლოცველო მოედანს, რ-იც მოგებული იყო ფილაქვებით (10 სმ × 10 სმ ). მის ცენტრ. ნაწილში აღმოჩნდა მრგვალი, ბრტყელი ლოდი 10 სმ დიამეტრის გამჭოლი ნახვრეტით, რ-იც სავარაუდოდ, სარიტუალო სვეტის ან კერპის ბაზისი უნდა ყოფილიყო. მოედანზე აღმოჩნდა სხვადასხვა ცხოველის და ფრინველის დამწვარი ძვლები (შეწირულობები), ფრაგმენტულად წარმოდგენილია თიხის მრავალრიცხოვანი ჭურჭელი, რკინის ფიბულები და ისრისპირები, ბრინჯაოს სამაჯური, სკვითური ისრისპირი და სხვა. ფენა ძვ. წ. VII–VI სს-ით თარიღდება. თხემის ჩრდ. ნაწილში, მინდორზე გაიწმინდა დიდი ზომის ფლეთილი ქვებით ნაგები ოთხკუთხა შენობის საძირკვლის ნაშთი. მისი შიდა არე დაფარული იყო სამშენებლო ბათქაშით; სავარაუდოდ იგი ქვის საძირკველზე აღმართული ბათქაშით შელესილი ხის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. საბერძნეთიდან შემოტანილი ამფორისა და შავლაკიანი ჭურჭლის მცირე ფრაგმენტები რამდენადმე აზუსტებს ნაგებობის თარიღს და იგი ძვ. წ. V–IV სს-ით განისაზღვრება.

ლიტ .: გ ო გ ა ძ ე ე., დ ა ვ ლ ი ა ნ ი ძ ე ც., გორაძირი, თბ., 1981; გ ო გ ა ძ ე ე., მ ე შ ვ ე ლ ი ა ნ ი თ., პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი რ., ქ ო რ ი ძ ე ი., ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე მ., წარმართული ტაძარი გორაძირიდან, «არქეოლოგიური ჟურნალი», V, თბ., 2010. ე. გოგაძე. ი. ქორიძე.