გორგაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გორგაძე. "მამაკაცის პორტრეტი". 1957.

ანთიმოზ მიხეილის ძე (2. VII. 1924, ქუთაისი, – 2. I. 1970, თბილისი), მოქანდაკე, გრაფიკოსი, ოქრომჭედელი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1947, ი. ნიკოლაძის კლასი). 1948-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ. ქართ. რელიეფური ქანდაკების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ნამუშევრები: "რუსთავი" (1954, ტონირებული თაბაშირი, რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), "ჭაბუკის პორტრეტი" (1956), "მამაკაცის პორტრეტი" (1957 ორივე საქართველოს ეროვნული გალერეა, თბილისი). მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი კომპოზიციითა და ამაღლებული განწყობით. ავტორია სკულპტურული ფიგურებისა: "ჩამომსხმელი" (1950, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), "მეშახტე ბოტკოველი" (1951, ტონირებული თაბაშირი, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი); შესრულებული აქვს გრაფ. სერიები: "ჩეხოსლოვაკია", "ეგვიპტე", "თურქეთი" (მხატვრის კუთვნილება), სპორტისა და თეატრის თემებზე შექმნილი კომპოზიციები. გ. წარმატებით მუშაობდა ჭედურ ხელოვნებაშიც. გ. მასხარაშვილი.









გორგაძე

ბ. გ ო რ გ ა ძ ე. "მუხრანის ხიდი". 1956. კერძო კუთვნილება.

ბიძინა ვასილის ძე (17. XI. 1919, ოზურგეთი, – 11. IX. 1992, თბილისი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1961). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1947, უ. ჯაფარიძის კლასი). II მსოფლიო ომის მონაწილე. 1947-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ. პეიზაჟისტია. მისი შემოქმედების ძირითადი თემა იყო საქართვ. ისტ. წარსულისა და აწმყოს ასახვა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "რუსთავი" (1952–53), "ბათუმი" (1953), "ელბაქიძის აღმართი" (1955), "ზღვის პეიზაჟი" (1958), "შემოდგომა" (1981) და სხვ. გ. მონაწილეობდა საზღვარგარეთ (პოლონეთი, 1959; გერმანია, 1969) მოწყობილ ქართვ. მხატვართა გამოფენებში.














გორგაძე

მიხეილ ანთიმოზის ძე (13. VI. 1896, ქუთაისი, – 2. V. 1972, თბილისი), სპორტის ისტორიკოსი. საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1961), პროფესორი (1963). 1927 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის ისტორიის განყ-ბა. იყო საქართვ. ფიზიკური კულტურის ინ-ტის რექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1939–69 – ინ-ტის ფიზკულტურის ისტ. და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1969-იდან – ამ კათედრის პროფესორი. 1967 მისი ხელმძღვანელობით დაარსდა საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის მუზეუმი. 1966–70 იყო ქსე-ის სპორტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: ნარკვევები საქართველოს ფიზიკური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1959; ფიზიკური კულტურის ისტორია, თბ., 1965.




გორგაძე

სერგი რომანოზის ძე (1876, სოფ. ილემი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1929, თბილისი), ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა თ მ ც ო დ ნ ე , ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ქუთ. სას. სასწავლებელი (1890), შემდეგ – თბილ. სას. სემინარია (1897) და სწავლა განაგრძო ყაზანის სას. აკად. ისტ. ფაკტზე. მისი უმთავრესი ისტ. ნაშრომებია: "წერილები საქართველოს ისტორიიდან" (წგ. 1–2, 1906–08), "საქართველოს მე-18 ს. სამხედრო ისტორიის მასალები" (1927) და სხვ. გ. ავტორია ქართ. ვერსიფიკაციის პირველი სისტემ. კურსისა ("ქართული ლექსი", 1930), რ-შიც განხილულია მახვილის, მეტრიკის, სტროფიკის, რითმისა და ლექსის კომპოზიციის საკითხები. გ-მ შეადგინა ქართ. ლიტ-რის ქრესტომათიები: "ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია" (1915), "ჩვენი ახალი მწერლობა" (წგ. 1–2, 1917–18) და სხვ. მანვე გამოსცა ბესიკის თხზულებანი (1912), ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (1914), იაკობ ხუცესის (ცურტაველის) "შუშანიკის წამება" (1917). საყურადღებოა გ-ის გამოკვლევა "ქართული სადასიტყვაობა" (1915), რ-იც ქართ. წინადადების საკითხებს ეძღვნება. თავისი დროისათვის ძალზე საჭირო წიგნად იყო მიჩნეული აგრეთვე მისი "ქართული მართლწერა" (1916). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ .: საქართველოს ეკლესია და მისი დასაწყისი, «მოამბე», 1905, #3, 4, 5; ქართული წყობილსიტყვაობა, ტფ., 1912; ქართული ლექსი, თბ., 1930.

ლიტ .: ა ბ ა შ ი ძ ე ზ., სერგი გორგაძე ქართლის მოქცევის ქრონოლოგიის შესახებ, თბ., 1997; მ ი ს ი ვ ე, სერგი გორგაძე ქართული ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის შესახებ (IV–VI სს.), თბ., 1997; გ ა წ ე რ ე ლ ი ა ა., რჩეული ნაწერები, ტ. 2, თბ., 1965; გ რ ი გ ა ლ ა შ ვ ი ლ ი ლ., სერგი გორგაძე, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მკვლევარნი, თბ., 1986. თ. დოიაშვილი.