გორგილაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბ ჰასანის ძე (5. V. 1937, სოფ. ხალა, ახლანდ. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, – 8. IV. 2006, ბათუმი), პოეტი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკ-ტი (1961). პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1957, პირველი წიგნი "ნედლი სალამურები" – 1962. ავტორია პოეტური კრებულებისა: "დიდი თვალები" (1964), "ლირიკული პოემები" (1969), "ზღვიდან აკრეფილი კენჭები" (1970), "ლექსები" (1973), "სინაზე" (1977), "ლირიკა" (1979), "მოფერება" (1984) და სხვ. ლექსების ძირითადი თემატიკაა სიყვარული, აჭარის ისტ. წარსული და პოეტის მშობლიური კუთხის მკვიდრთა სულიერი სამყარო. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).



გორგილაძე

ლ. გორგილაძე.

ლეონიდე ერემიას ძე (5. IX. 1914, თბილისი, – 22. IX. 1989, იქვე), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983; წ.- კორ. 1974). ისტ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1960), სა105 ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1933 დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი. 1938–52 მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალში უფროს მეცნ. თანამშრომლად, პარტიის ისტ. სექტორის გამგედ. 1946–64 იყო თსუ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე, 1964-იდან – მეცნ. კომუნიზმის კათედრის გამგე, ხოლო 1962–66 – პრორექტორი. მუშაობდა კომპარტიის, მეცნ. კომუნიზმის ისტ. და თეორიის საკითხებზე. მთავარი ნაშრომები: "მარქსიზმის ისტორიისათვის საქართველოში" (1956); "ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან" (1961); "სოციალიზმის ისტორიიდან" (წგ. 1–2, 1967–70). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.






გორგილაძე

მ. გორგილაძე – ადიკო. ქ. კიკნაძე – კნეინა ჩიტუნია, შ. დადიანის "გუშინდელნი"..

მალხაზ დიმიტრის ძე (4. IV. 1938, თბილისი, – 1. I. 1996, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს დამს. არტისტი. 1960 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (დ. ალექსიძის კლასი). 1962–67 მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკადემიურ დრამ. თეატრში, სადაც შექმნა დასამახსოვრებელი სახეები: კლავდიო (უ. შექსპირის "აურზაური არაფრის გამო"), ჯიბო (ო. იოსელიანის "ცეცხლთან თამაში"), გიგი (გ. ხუხაშვილის "მთაწმინდის მთვარე"), ვლადიმერი (ვ. კოროსტილიოვის "მე მჯერა შენი"). 1967–75 მუშაობდა რუსთავის თეატრში. საუკეთესო როლები: კრისტიანი (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), თავადი ოლენსკი (ვ. კოროსტილიოვის "ასის წლის შემდეგ"), მეფე (პ. კაკაბაძის "კახაბერის ხმალი"), ედგარი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ზაზა (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"). 1975-იდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. შეასრულა მთ. როლები: ვაჟა (ლ. თაბუკაშვილის "ძველი ვალსი"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), მარჯანი (გ. რობაქიძის "გრაალის მცველნი") და სხვ. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუკა ("ნინო"), ვაჟა ("დღე პირველი, დღე უკანასკნელი"), ემზარი ("ენგურის ნაპირებზე"), თავადი მიქელაძე ("დათა თუთაშხია"). მონაწილეობდა აგრეთვე ფილმებში: "ჯილდო", "პიერი მილიციის თანამშრომელი", "წინაპართა მიწა", "ფესვები", "ფიროსმანი". გ-ს ჰქონდა მომხიბვლელი გარეგნობა, ლამაზი ტემბრის ხმა, სცენური კულტურა. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩეოდნენ უშუალობითა და სისადავით.