გორდაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ნესტორის ძე [1(13). VI. 1897, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 12. IV. 1979, თბილისი], პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1924–25 მონაწილეობდა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში. 1941–46 განაგებდა ამიერკავკ. ფრონტის სანიტ.-ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდეგო განყ-ბას. 1946–53 იყო ს. ვირსალაძის სახ. მალარიისა და სამედ. პარაზიტოლოგიის ინ-ტის ეპიდემიოლოგიური განყ-ბის, ხოლო 1953–73 – ამავე ინ-ტის ჰელმინთოლოგიური განყბის გამგე, 1973-იდან გარდაცვალებამდე – მეცნიერ-კონსულტანტი. გ. შეისწავლიდა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხებს, ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Материалы по изучению симптоматологии карликового гименолепидоза, «Медицинская паразитология и паразитарные болезни», 1940, т. 9, в. 5.


გორდაძე

გ. ს. გორდაძე.

გიორგი სერაფიონის ძე [20. III(2. IV). 1911, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 30. VIII. 1976, თბილისი], ფიზიკოსი, კვანტური ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1961). დაამთავრა თსუ (1930). 1934 მუშაობა დაიწყო იქვე. 1935–37 იყო თსუის თეორ. ფიზ. კათედრის გამგე, 1936–37 – თსუ-ის ფიზ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორი. 1947–54 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. და გეოფიზ. ინ-ტში, პარალელურად – თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში (1948–55), 1954–76 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში; გ-მ ჩაატარა უმარტივესი სამატომიანი მოლეკულების კვანტური გამოკვლევა და სხვ.

თხზ .: ქიმიური ვალენტობის კვანტურ- მექანიკური თეორიის თანამედროვე მდგომარეობისათვის, ტფ., 1936; ზოგადი ფიზიკა, თბ., 1960.

ლიტ .: Ч и т а я Г., Ч и м а к а д з е Г., Гордадзе Георгий Серапионович, «საქართველოს პოლიტექნიკური ინ-ტის სამეცნ. შრომები», 1978, # 9 – მყარი ტანის ფიზიკა (ახლავს გ-ის შრომების ბიბლიოგრ.). ვ. პარკაძე.





გორდაძე

მიხეილ (დ. წ. უცნობია, თელავი, – 1919, იქვე), პოეტი, ლიტ. ფსევდონიმი – ა ბ უ ლ ა ძ ე. იყო თანამედროვე და მეგობარი ი. დავითაშვილისა, რ-მაც გ-ს 1881 უძღვნა ლექსი "ახალ მელექსეს". გ-ის მიერ ხალხ. კილოზე დაწერილი ლექსების თემა იყო მუშათა მძიმე ცხოვრება, გაუნათლებლობა. მის პოეზიაში მნიშვნელოვანია პატრიოტული მოტივი ("ჩემი სამშობლო", "ვუძღვნი თ. აკაკი წერეთელს" და სხვ.). გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული: "სამშობლო ანუ ლექსთა კრება" (1881) და "ლექსნი" (1893). მისი ერთი ლექსი – "ჩიტი" დაიბეჭდა "ივერიაში" (1893, 24. X). გაზ. "დროების" ცნობით, 1880 გ-ს განუზრახავს "არჩილიანის" გამოცემა, მაგრამ უშედეგოდ. [[ს. ხუციშვილი]] .