გორელოვკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (სამცხეჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ზეგანზე, მდ. ბუღდაშენის (ფარავნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ეფრემოვკა, ორლოვკა, ჟდანოვანი, სამება, სპასოვკა). ზ. დ. 2050 , ნინოწმინდიდან 10 კმ . 1,1 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის საშენი მასალის (ვულკ. წიდა) საბადო. ადგილ. სომხები გ-ის ძვ. სახელწოდებად ბუღდაშენს ასახელებენ. სიძველეებიდან ამ დიდ სოფელში ახლა აღარაფერია შემორჩენილი, თუმცა XX ს. 30-იან წლებში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ახსოვდა, რომ გ. ძვ. სოფლის ნანგრევებზე იყო აშენებული (ეკლესიის ნანგრევი, ძვ. სასაფლაო დიდი ბრტყელი ლოდებით, ზეთის სახდელი ნაგებობა და სხვ.). გ-ის მახლობლად, ბუღდაშენის ტბის აღმ. ნაპირზე, ძვ. ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია ნასახლართა დიდი ბუდეები და სასაფლაო ძვ. დაუმუშავებელი ლოდებით, ეკლესიის კვალი კი აღარსადაა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (1595) ეს ადგილები სრულიად დაუსახლებელი ჩანს. XIX ს. 40-იან წლებში რუსეთის მთავრობამ ჯავახეთში გადმოასახლა დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან. სახელი "გ." მათი შერქმეულია.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი: თორი, ჯავახეთი, თბ., 1985. დ. ბერძენიშვილი .