გორის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gori 123.jpg

ვადმინისტრაციულ- ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ჩრდ-ით ესაზღვრება ჯავის, აღმ-ით – ახალგორისა და კასპის, სამხრ-ით – ბორჯომისა და წალკის, დას-ით – ქარელის, ჩრდ.-დას-ით – საჩხერის მუნიციპალიტეტები. ფართ. 2327,2 კმ 2 (დროებითი ადმინისტრაციის ჩათვლით). მოსახლ. 148,6 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ. გორი . გ. მ-ში არის 133 სოფელი, 21 თემი: ატენის (ცენტრი – პატარა ატენი), ახალუბნის, ბერბუკის, ბოშურის (ცენტრი – ქვემო ბოშური), დიცის, ვარიანის, ზეღდულეთის, კარალეთის, მერეთის, მეჯვრისხევის (ცენტრი – დიდი მეჯვრისხევი), მღებრიანის, ნიქოზის (ცენტრი – ქვემო ნიქოზი), საყავრის, სკრის, ტინისხიდის, ტირძნისის, ტყვიავის, ქვახვრელის, შავშვების (ცენტრი – ქვემო შავშვები), შინდისის, ძევერის და 1 სათავო სოფელი – ხიდისთავი. საქართვ. პრეზიდენტის 2007 წ. 10 მაისის #296 ბრძანებულებით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტები 11 თემით და 141 სოფლით.

ისტორიული ცნობა. ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. შიდა ქართლის ("ზენა სოფლის") ისტორიულად დაწინაურებული რეგიონია. იგი საქართვ. ცენტრ. მხარეს – "ქვეყანას" წარმოადგენდა. აქ იკვეთებოდა საქართვ. უმთავრესი სამიმოსვლო გზები. ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორიაზე ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნაკვალევი მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. ტერიტ. ინტენსიურად არის ათვისებული ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში . ამ პერიოდში შეიმჩნევა ზოგიერთი სამოსახლოს გამსხვილება და გარკვეული მიკრორაიონის ცენტრად გადაქცევის ტენდენცია (მაგ., გუდაბერტყა ). ადრინდ. ანტ. ხანისათვის (ძვ. წ. VI–IV სს.) აღმ. საქართველოში წარმოიშვა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მათგან ერთ-ერთი იყო "ზენა სოფელი", რ-ის ცენტრი მდებარეობდა უფლისციხის მიდამოებში. ადრინდ. ფეოდალიზმის ხანაში ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორიის მტკვრის სამხრით მდებარე ნაწილი შედიოდა ტანისხევში, ჩრდ. ნაწილი კი რეხას, გვერდისძირს, საცხუმეთსა და აჩაბეთის ხევს ეკუთვნოდა. X ს-ში მტკვრის მარცხ. სანაპიროზე წარმოიქმნა ერთი ისტ.-გეოგრ. "ქვეყანა" (ცენტრი – უფლისციხე), მტკვრის მარჯვ. სანაპიროზე – მეორე "ქვეყანა", რატი ბაღვაშის საერისთავოდ წოდებული (ცენტრი – ატენი ). XII–XIII სს-ში ნაჭარმაგევში (ახლანდ. კარალეთი) მდებარეობდა გაერთიანებული საქართვ. მეფეთა სასახლეები. XV ს-იდან ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. შედიოდა საამილახვროს, სამაჩაბლოს, ქსნის საერისთავოს და საციციანოს შემადგენლობაში. XVI ს-იდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხ.-ადმ. ერთეულად – სადროშოდ ანუ სასარდლოდ. რეგიონის ტერიტ. შედიოდა მეორე და მეოთხე სადროშოში, სადაც ერთის სათავეში იდგა ამილახვართა ფეოდ. სახლობა, ხოლო მეორისაში – ციციშვილთა ფეოდ. სახლის წარმომადგენლობა. ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, ნიქოზის, რუისისა და მცხეთის საეპისკოპოსოებზე. 1802 შეიქმნა გორის მაზრა , 1930 – გორის რ-ნი (2006-იდან – გორის მუნიციპალიტეტი). 1991 გორის რ-ნს შეუერთდა ყოფ. სამხრ. ოსეთის აო- ში შემავალი ცხინვალის რ-ნი. ბუნება. გ. მ-ის მთავარი ოროგრ. ერთეულებია: 1. იურული და ცარცული ფლიშური წყებებით აგებული საშუალ- და მაღალმთიანი გუდისის ქედი; 2. იურული, ცარცული და პალეოგენური, უმთავრესად ტერიგენული ქანებით აგებული მაღალმთიანი ხარულის ქედი; 3. მეოთხეული ნალექებით აგებული შიდა ქართლის ვაკე, რ-ის მიკრორელიეფის მთავარი ელემენტებია ეროზიული ხეობები და მეოთხეული ტერასები. იგი მოიცავს მტკვრის შუა ხეობასაც, რ-ის ძირზე გაშლილია ვრცელი ტერასული ვაკეები. აქ აკუმულაციურ ფორმებთან ერთად გვხვდება რელიეფის დენუდაციური და მეწყრული ფორმები; 4. ნეოგენური ქანებით აგებული დაბალმთიანი კვერნაქები; 5. უმთავრესად პალეოგენური და ცარცული ნალექებით აგებული თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთა (ნიშანდობლივია საფეხურებად განლაგებული ძვ. მოსწორებული ზედაპირები) შტოქედებითა და მ. შ. ღრმად ჩაჭრილი ხეობებით. რელიეფის მსხვილი ფორმებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მდინარეების პატარა ლიახვის, მეჯუდისა და დიდი ლიახვის ხეობები. პატარა ლიახვის ხეობა აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშით, მეჯუდის ხეობა – ცარცული ფლიშური წყებებით და პალეოგენური ნალექებით, დიდი ლიახვის ხეობა – ახალგაზრდა ალუვიური ნალექებით. მდინარის მარჯვ. მხარეს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის ლიხის ქედის რუსთავ- ძარის შტოქედი. უმთავრესი სასარგებლო წიაღისეულია საშენი მასალები, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე მოიპოვება კერამ. თიხები, ატენის მახლობლად – სალესი და სადოლაბე ქვები. გ. მ. ზომიერად ნოტიო სუბტროპ. ჰავის ოლქშია და ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. შიდა ქართლის ვაკეზე ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მთისწინეთში, დაბალ-, საშუალ- და მაღალმთიან ზონაში ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი – ზომიერად ცივი, ზაფხული – ხანგრძლივად თბილი, საშუალმთიანეთში – გრილი, მაღალმთიანეთში ნამდვილი ზაფხული არ იცის. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა ვაკეზე 9,5–10,9ºC, დაბალ- და საშუალმთიან ზონაში 3,6- იდან 9,5ºC-მდეა. იანვ. საშ. ტემპ-რა ვაკეზე –1,2, –1,8ºC, საშუალმთიან ზონაში –3,2ºC, მაღალმთიან ზონაში უფრო დაბალი ტემპ-რაა. აგვ. საშ. ტემპ-რა ვაკეზე 20,5–22,5ºC მდეა, დაბალმთიან ზონაში 18,6ºC; აბსოლ. მინ. ვაკეზე –31ºC-მდეა, აბსოლ. მაქს. 40ºC, მთიან ზონაში 36ºC. ნალექები ვაკეზე – 580 მმ წელიწადში, დაბალმთიან ზონაში – 610 მმ . მეტი ნალექი მოდის საშუალდა მაღალმთიან ზონაში. ვაკეზე ნალექების მინიმუმი მოდის აგვ-ში, მაქს. – მაისში, მაღალმთიანეთში – მინ. – იანვ-ში, მაქს. – მაის-ივნისში. მთელი წლის განმავლობაში ქრის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარი, მთიან ნაწილში იცის მთახეობათა ქარი.

უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

გ. მ. მდიდარია შიგა წყლებით. მუნიციპალიტეტს კვეთს მდ. მტკვარი, რ-საც ერთვის ლიახვი (მარცხნივ) და ტანა (მარჯვნივ). სხვა მდინარეთა შორის აღსანიშნავია პატარა ლიახვი, მეჯუდა, თეძამი, არცეულა, ტილიანი და სხვ. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ლიახვი საზრდოობს აგრეთვე მყინვარული წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა – ზამთარში. მდინარეები გამოყენებულია სარწყავად და ენერგეტ. მიზნით. გაყვანილია ტირიფონის, დოეს–გრაკლის, სკრა–ქარელის არხები. ნიადაგები სიმაღლებრივ ზონებად არის გავრცელებული: ვაკეზე ალუვიური (ძვ. ალუვიური), მდელოს კარბონატული და ალუვიური ყავისფერი კარბონატული

ნიადაგებია. საშუალმთიანი ზონის ქვემო ნაწილში საშ. და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგია, ზემო ნაწილში – ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი. ვრცელი ფართ. უკავია მთის მდელოს ნიადაგს. სუბალპ. მდელოს სარტყელში გავრცელებულია კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგები, ალპ. სარტყელში, კლდეებსა და ქვაყრილებს შორის – მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი ნიადაგი. აქა-იქ კირქვების გამოფიტვის პროდუქტებზე კორდიან-კარბონატული ნიადაგია. მცენარეული საფრის გავრცელებაც სიმაღლებრივ ზონალურობას ემორჩილება. ვაკეზე ძირითადად კულტ. მცენარეულობაა, მაგრამ შემორჩენილია ბუნებრივი მცენარეულობაც. მდინარეთა გასწვრივ ჭალის ტყეებია. მთისწინეთსა და მთის ქვემო კალთებზე განვითარებულია მუხნარ-ჯაგრცხილნარი და ჯაგეკლიანები. ტყის ზონის ქვემო სარტყელს ქმნის ქართული მუხა და რცხილა, მათთან შერეულია ნეკერჩხალი, ცაცხვი და სხვ. (ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი ბუჩქები). ტყის ზოლის ზემო ნაწილში გაბატონებულია წიფელი, არის წიწვოვნებიც (ფიჭვნარი, ნაძვნარ-სოჭნარი). ტყის ზონა მთავრდება სუბალპ. ტანბრეცილი მეჩხერი ტყით (არყი, მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, ცირცელი და სხვ.). ყველაზე მაღალი ადგილები – სუბალპ. და ალპ. მდელო – საძოვრებადაა გამოყენებული.

მუნიციპალიტეტში ძუძუმწოვართაგან გვხვდება არჩვი, გარეული ღორი, შველი, ირემი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა, მგელი, ტურა, მელა, მურა დათვი, ენოტისმსგავსი ძაღლი, ტყის კატა. ფართოდაა გავრცელებული ციყვი, თაგვისებრნი, კურდღელი, ზღარბი, თხუნელა და სხვ. მრავალფეროვანია ორნითო- და იქთიოფაუნა.

ძირითადი ლანდშაფტები: 1. ჭალები ტუგაის მცენარეულობით ალუვიურ ნიადაგზე; 2. ჯაგეკლიანი ვაკე მდელოს ყავისფერი და შავმიწისებრი ნიადაგებით; 3. მთისწინეთი მუხნარ-ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიანი სტეპით ტყის ყავისფერ ნიადაგზე; 4. დაბალმთიანეთის შერეულ-ფოთლოვანი და წიფლნარ- მუქწიწვოვანი ტყის ლანდშაფტი ყავისფერ და ყომრალ ნიადაგებზე; 5. საშუალო სიმაღლის მთები წიფლის ტყეებით ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე; 6. სუბალპ. ტყეები და მდელოები, ალპ. მდელოები. მოსახლეობა. საქართვ. მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნ. საყოველთაო აღწერის შესაბამისად გ. მ-ის მოსახლ. უმეტესობას შეადგენენ ქართველები (93,2%), ცხოვრობენ აგრეთვე ოსები (4,9%), მცირე რაოდენობით – სომხები, აზერბაიჯანელები და რუსები. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 500–1200 ფარგლებშია. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 146,7 კაცი 1 კმ 2-ზე. მოსახლ. 66,7% ცხოვრობს სოფლად.

მეურნეობა. სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია. სპეციალიზებული დარგებია მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მოსახლ. შემოსავლის ძირითადი წყაროა მეხილეობა (უმთავრესად მოჰყავთ ვაშლი). აქაური ხილი გამოირჩევა შაქრიანობით, არომატულობითა და ტრანსპორტაბელობით. განვითარებულია მევენახეობა, ძირითადად გავრცელებულია ვაზის შამპანური ჯიშები. ნათეს ფართობში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საშემოდგომო ხორბალს, საკვებ ბალახებსა და სხვ. მოჰყავთ პარკოსანი კულტურები, უმთავრესად ლობიო. განვითარებულია მეცხოველეობა, კერძოდ, მესაქონლეობა, მეფრინველეობა; მისდევენ მეფუტკრეობას. სამრეწვ. წარმოება შედარებით სუსტადაა განვითარებული, ძირითადად წარმოდგენილია კვების მრეწვ. საწარმოებით. ბერბუკში, შინდისსა და კვარხითში არის საკონსერვო ქ-ნები, ფუნქციონირებენ ღვინის, აგრეთვე საშენ მასალათა და ადგილ. მრეწვ. წვრილი საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა მცირე სიმძლავრის ტირიფონის ჰესი (აგებულია ტირიფონის სარწყავი არხის ვარდნილზე). გ. მ-ის ტერიტორიაზე გადის საქართვ. რკინიგზის მაგისტრალი და ცენტრ. ავტობანი. ტერიტორიას კვეთს ადგილ. მნიშვნელობის საავტ. გზები. კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. 2011 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში იყო სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო და კერძო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ა. ერისთავ-ხოშტარიას (მეჯვრისხევი), ი. გოგებაშვილის (ვარიანი), ნ. ლომოურის (არბო), ა. ჯავახიშვილის (ძევერა) სახლ-მუზეუმები, უფლისციხის ისტ.-არქიტ. მუზეუმ-ნაკრძალი.

მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სამედ. დაწესებულებები. მდ. მტკვრის მარჯვ. მხარეს, თრიალეთის ქედის ჩრდ. მთისწინეთში მდებარეობს ადგილ. მნიშვნელობის ბალნეოლ. კურორტი გორიჯვარი .

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. მუნიციპალიტეტის ისტ. და ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია: ზემო ნიქოზის ღვთაების კომპლექსი (V–XVII სს.), ატენის სიონის გუმბათოვანი ტაძარი (VII ს.), ვერეს ეკლესია გარდატენის მიდამოებში (VI ს., გადაკეთებულია XI ს-ში), მღებრიანის კლიკის ჯვრის (VII–VIII სს.), არბოს წმინდა გიორგის (X ს.), საორბისის (1152) ეკლესიები, უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი (ძვ. წ. ბოლო საუკუნეები – შუა საუკ.), გორის ციხე (ძვ. წ. III–II სს. – შუა საუკ.), გორიჯვრის ეკლესია და ციხე (ორივე შუა საუკ.), ბობნევის (1683), ბოშურის (შუა საუკ.), შინდისის , აშურიანის ეკლესიები: ქვახვრელის გამოქვაბული კომპლექსი (ადრინდ. ფეოდ. ხანა; ეკლესია – 1716), მეჯვრისხევის, ტირძნისის, ტყვიავის ციხე-დარბაზები (ყველა გვიანდ. ფეოდ. ხანა და სხვ.).

2008 აგვისტოში რუს. აგრესიის შედეგად გ. მ-მა სერიოზული ზარალი განიცადა. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ნაგებობები, დაიჭრა და დაიღუპა ასობით ადამიანი, ხოლო ათასობით ოჯახი იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს სამხედრო ავიაცია, ასევე ტაქტიკური რაკეტა "ისკანდერი", რაც დადასტურდა საერთაშორისო ექსპერტიზის მიერ. ამჟამად გ. მ-ის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

ლიტ .: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983. ჯ. გვასალია . ე. ლოლუა. დ. უკლება.