გორის სავიკარიო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. შეიქმნა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების (1811) შემდეგ, 1812 წ. 30 იანვარს, რუს. სინოდის განკარგულებით. იგი შედიოდა მცხეთისა და ქართლის ეპარქიის შემადგენლობაში, რ-თა მმართველი საქართვ. ეგზარქოსი იყო. გორის ეპისკოპოსი საქართვ. ეგზარქოსის ვიკარ- ეპისკოპოსად ითვლებოდა. რუს. სინოდის გადაწყვეტილებით გორის ვიკარ-ეპისკოპოსად დაინიშნა დოსითეოსი (ფიცხელაური), რ-იც 1811–14 პეტერბურგში იმყოფებოდა და საქართვ. საეგზარქოსოს გარდაქმნის პროექტზე მუშაობდა; რუსეთის სინოდის მითითებით დოსითეოსმა შეიმუშავა საქართვ. 121 საეკლ. მოწყობის ახ. დებულება, რ-იც 1814 წ. 30 აგვ. რუს. იმპერატორმა დაამტკიცა. დოსითეოსს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა და დაინიშნა ახალდაარსებული "ოსეთის სასულიერო კომისიის" ხელმძღვანელად.

გორის ვიკარ-ეპისკოპოსები ძირითადად ცხოვრობდნენ თბილისში და ეგზარქოსს ეხმარებოდნენ ეპარქიის მართვაში. გ. ს-ს ტერიტორიაზე არსებობდა გორის სას. სასწავლებელი, რ-ის კურსდამთავრებულები სწავლას თბილისის სას. სემინარიაში აგრძელებდნენ. დოსითეოსის შემდეგ გორის ვიკარ- ეპისკოპოსები იყვნენ: გერვასი მაჭავარიანი (1814–17); სტეფანე ჯორჯაძე (1818–39); ნიკიფორე ჯორჯაძე (1844 –51); იოანე ავალიანი (1852–58); გაბრიელ ქიქოძე (1859–60); გერმანე პაპიტაშვილი (1862–69). 1869 წ. 30 მაისიდან 1898 წ. 20 მარტამდე გ. ს. უმღვდელმთავროდ იყო დარჩენილი. 1881–86 გორის ვიკარ- ეპისკოპოსი იყო ალექსანდრე ოქროპირიძე. მისი მღვდელმთავრობის დროს გ. ს-ში გაიხსნა სას. სასწავლებლები. აღდგა სამონასტრო ცხოვრება და შეკეთდა შიომღვიმის მონასტერი , ზედაზნის მონასტერი . მღვდელმთავარი ხელს უწყობდა ძვ. ქართ. საეკლ. გალობის აღდგენას. 1898–1900 გ. ს-ს ხელმძღვანელობდა ლეონიდე (ოქრიპირიძე); 1900–02 – კირიონ II (საძაგლიშვილი); 1902–05 – ბენიამინ მასნუკოვი; 1905–06 – ეფთვიმე ელიაშვილი; 1907–09 – პეტრე კონჭოშვილი. უკანასკნელი მღვდელმთავარი იყო ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე (1912–17). საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ გ. ს. გაუქმდა.

ლიტ .: К и р и о н (Садзагелов), Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата за XIX ст., Тфл., 1901. ე. ბუბულაშვილი.