გორის შეთანხმება 1758

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმერეთის მეფე სოლომონ I-სა და ქართლკახეთის მეფეებს თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს შორის დადებული ხელშეკრულება. ხრესილის ბრძოლაში 1757 მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სოლომონ I მოელოდა თურქოსმალთა ახ. ჯარების შემოსევას. სულთანმა ხრესილთან განცდილი მარცხის გამო სიკვდილით დასაჯა ახალციხის ფაშა ჰაჯი-აჰმედი და მის მაგივრად დანიშნა მისი ბიძაშვილი ჰასანი (ჯაყელი), რ-საც იმერეთის დარბევა დაავალა. ახალციხის ფაშა აქტიურად იყენებდა ლეკთა მოთარეშე რაზმებს. 1758 სოლომონ I ჩავიდა გორში, სადაც იმყოფებოდნენ თეიმურაზ II და ერეკლე II, და მათ შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გაფორმდა: "რომელსაც ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო". გ. შ-ს ორივე მხარისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგ., 1759 და 1760 იმერეთის ჯარი ქართლ-კახეთის ლაშქართან ერთად იბრძოდა ლეკებისა და განჯის სახანოს წინააღმდეგ. ერეკლეც რამდენჯერმე დაეხმარა სოლომონს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო 1763 მან თურქებს ჩაუკეტა იმერეთში აღმ-იდან შესასვლელი გზა და აიძულა უკან გაბრუნებულიყვნენ.

წყარო: ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; ხ ე რ ხ ე უ ლ ი ძ ე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1989.

ლიტ .: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე შ., სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752– 1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.