გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია, მდებარეობს გორის მახლობლად მტკვრის მარჯვ. სანაპიროს მაღალ გორაკზე. ნაგებია ქვით. აგების თარიღი უცნობია, მაგრამ კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის (1574– 1605) დროს იგი უკვე კარგადაა ცნობილი. ხალხ. თქმულებით, თამარ მეფის აგებულია. ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდიან მ. ბროსე , დ. ბაქრაძე , ე. თაყაიშვილი . პ. უვაროვას აზრით, როგორც ეკლესია, ისე მისი გალავანი უძველესი დროისაა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, "... გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარებს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს". ამ ეკლესიაში ინახებოდა კანკელის წინ დასადგმელი ჯვარი (ამჟამად საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია). ჯვარი ხისაა და შეჭედილია ვერცხლის ფირფიტებით, რ-ებზეც გამოსახულია წმ. გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები. შუაში მოთავსებულია ჯვარცმა, იქვეა ღვთისმშობლისა და იოანეს გამოსახულებები. ჯვრის კონუსისებრი ქუდიც ვერცხლით არის შეჭედილი, მასზე წმინდანები არიან გამოსახული. ჯვრის კონუსური ქუდი გ. ჩუბინაშვილმა XIII ს-ით დაათარიღა, ხოლო თავად ჯვრის დათარიღების შესახებ გამოთქმულია ორი თვალსაზრისი. ერთი მოსაზრებით (თ. საყვარელიძე), ჯვარი მდიდრული დეკორისა და მისი მოჭედილობის მიხედვით XVI ს. მიეკუთვნება. ასევე მიაჩნდა გ. ჩუბინაშვილსაც. განსხვავებული მოსაზრებით (ვ. თუთბერიძე), ჯვრის წარწერიდან გამომდინარე, იგი XV ს-ით შეიძლება დათარიღდეს. ხალხს სჯეროდა ეკლესიის სასწაულთმოქმედი ძალისა. ამიტომ იგი დიდძალ მლოცველს იზიდავდა. აქ ძველთაგანვე იმართება გორიჯვრობა – წმ. გიორგის სახელობის დღეობა. გ. ე-ის მიდამოებში წყალი არ იყო. 1712 ვახტანგ VI-ის მეუღლეს, ჩერქეზთ ბატონის ასულ რუსუდანს, იგი ბურეთის მთიდან 125 გამოუყვანია. 1920 მიწისძვრის დროს დანგრეული ეკლესია ამჟამად აღდგენილი (1988, არქიტ. გ. ციციშვილი) და მოქმედია. ტერიტორია კეთილმოწყობილია.

ლიტ .: თ უ თ ბ ე რ ი ძ ე ვ., გვიანფეოდალური ხანის ქართული ჭედურობის ერთი ძეგლის შესახებ, «ძეგლის მეგობარი », 1976 , # 41; ს ა ყ ვ ა რ ე ლ ი ძ ე თ., XIV–XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990