გორიჯვრობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა გიორგის სახელობის დღეობა. იმართება გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიასთან (გორიჯვრის მთაზე, გორის მახლობლად) 6 მაისსა და 23 ნოემბერს. გ. იზიდავს მრავალ მორწმუნეს ქართლის თითქმის ყველა კუთხიდან. ძველად მთელი ეკლესია შემკული იყო სხვადასხვა შეწირული ნივთებით. გ-ს მიაწერენ ავადმყოფთა და ყოველგვარი სნეულებისაგან განკურნების სასწაულმოქმედ ძალას. მლოცველები დღეობაზე ასრულებენ სხვადასხვა სახის საწესო რიტუალს. ვისაც ეკლესიაში ასვლა არ შეუძლია, ის მთის ძირში გორიჯვრის ნიშთან ლოცულობს. გორიჯვრის წმ. გიორგის განსაკუთრებულ გავლენაზე მეტყველებს ისიც, რომ ძველად მას მარტო გორში 22 კომლი ყმა ჰყავდა. 1920 გორიჯვრის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა მორწმუნე მოსახლეობა დღესასწაულებს მაინც მართავდა. მორწმუნეთა მატება განსაკუთრებით იგრძნობა უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში. მლოცველებს თან მიჰყავთ მამლები, ყოჩები, იშვიათად – მოზვრები, რ- თაგანაც ზოგს კლავენ, ზოგს კი ცოცხალს უშვებენ. იმართება დიდი პურობა ცეკვა-თამაშით.

ლიტ. : მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994. ე. მამისთვალიშვილი.