გორკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. გორკი.

მაქსიმ (ნამდვ. სახელი და გვარი – ალექსი მაქსიმეს ძე პ ე შ კ ო ვ ი) [16(28). III. 1868, ნიჟნი-ნოვგოროდი, – 18. VI. 1936, გორკი, მოსკოვის ახლოს], რუსი მწერალი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი; ე. წ. სოციალისტური რეალიზმისა და საბჭოთა ლიტერატურის ფუძემდებელი. ცოდნა შეიძინა თვითგანათლებით. ბევრს მოგზაურობდა. 1891 გ. სამხრეთისკენ გაემგზავრა. იმავე წლის 1 ნოემბ. თბილისს ჩამოაღწია. აქვე მოეწყო მუშად ამიერკავკ. რკინიგზის სახელოსნოში. თითქმის მთელი წელი იცხოვრა საქართველოში. თბილისში გ. პირველად დაუკავშირდა რევოლუციონერებს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. თბილისში, კრასნოგორსკის ქუჩაზე (ახლანდ. მაქსიმ გორკის ქუჩა, ძველი თბილისის რ-ნი), მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "კომუნა"; აქ გამართულ საღამოებს მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავდა. გ. მოხსენებებით გამოდიოდა თბილ. სხვადასხვა უბანში, დაუახლოვდა ჩუღურეთის რევ. ორგანიზაციას, სადაც მას ამარაგებდნენ აკრძალული ლიტრით. თბილისში დაიწერა და 1892 წ. 12 სექტ. გაზ. "კავკაზში" გამოქვეყნდა გ-ს პირველი მოთხრ. "მაკარ ჩუდრა". თბილისშივე დაწერა პოემა "ქალიშვილი და სიკვდილი", ასევე რამდენიმე მოთხრობა, რ-ებიც მოგვიანებით დაიბეჭდა. 1898 გ. მეორედ ჩამოვიდა თბილისში, 1900 ზაფხულში კი ა. ჩეხოვთან, მხატვარ ვ. ვასნეცოვსა და ექიმ ა. ალექსინთან ერთად მესამედ ესტუმრა საქართველოს და ორ კვირაზე მეტხანს დარჩა. 1903 ზაფხულში გ., თითქმის ერთი თვით, კვლავ ესტუმრა საქართველოს. თან ახლდნენ მეუღლე ე. პეშკოვა, გამომც. "ზნანიეს" დირექტორი კ. პიატნიცკი და სხვ., იყო ბათუმში, სოხუმში, ბორჯომში, აბასთუმანში, ქუთაისში, რაჭაში. ადგილ. პრესამ სათანადოდ გააშუქა მწერლის ჩამოსვლა. არქივებში შემონახულია ჟანდარმერიის დოკუმენტები, რ-ებშიც აღნიშნულია გ-ს მონაწილეობა თბილ. და ქუთ. არალეგალური წრეების მუშაობაში, მის მიერ გაწეული ფულადი დახმარება სოციალ-დემოკრატთა სასარგებლოდ. 1905 გ. ბოლშევიკური პარტიის რიგებში შევიდა. 1906 დასაწყისში იგი პარტიის დავალებით საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. 1907 სათათბირო ხმის უფლებით დაესწრო პარტიის V ყრილობას ლონდონში. 1928 გ. მეხუთედ ესტუმრა საქართველოს. მაშინ საბჭ. კავშირი საზეიმოდ აღნიშნავდა გ-ს დაბადების 60 წლისთავს. ეს იუბილე საგანგებოდ აღნიშნეს საქართველოშიც. მოეწყო გ-ს საჯარო გამოსვლები, შეხვედრები მწერლებსა და ჟურნალისტებთან. მეექვსედ (უკანასკნელად) მწერალი 1929 ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, ისვენებდა გაგრაში. ერთი დღით ეწვია თბილისს, შეხვდა ქართვ. მწერლებს. მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებანი ასახა ნარკვევში "საბჭოთა კავშირში" (1929). 1931 გ-მ გამოგზავნა წერილი, რ-ითაც ასე მიმართა ქართველ ხალხს: "თქვენი ქვეყნის ულამაზესმა ბუნებამ და თქვენმა რომანტიკულმა სიფაქიზემ – სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რამაც მე, მაწანწალა, ლიტერატორად მაქცია" (Горький М., Собр. соч. в тридцати томах, т. 25, ც. 414).

თხზ .: Архив А. М. Горького, т. 1–14, М., 1939–76; Полн. собр. соч. Художественные произведения, т. 1–25, М., 1968–76; თხზულებანი, ტ. 1–10, თბ., 1956–68.

ლიტ .: გ ვ ე ნ ე ტ ა ძ ე გ., მაქსიმ გორკი და ქართველი საზოგადოებრიობა, თბ., 1968; ა. მ. გორკი. ბიბლიოგრაფიული საძიებელი, თბ., 1968; კ ა კ ი ა შ ვ ი ლ ი გ., მაქსიმ გორკი საქართველოში (ბიბლიოგრაფია), თბ., 1969; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ქართველი საზოგადოებრიობა და მაქსიმ გორკი, თბ., 1977; Г в е н е т а д з е Г. Д., Максим Горький и грузинская литературная мысль в начале ХХ века, Тб., 1961; И м е д а д з е В. К., Горький в Грузии, Тб., 1958; Летопись жизни и творчества А. М. Горького, т. 1–4, М., 1958–60. გ. გვენეტაძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გორკი&oldid=2010-დან“