გორკონი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სააქციო საზოგადოება), გორის საკონსერვო ქარხანა, საქართველოს კვების მრეწველობის ერთ-ერთი მსხვილი და უძველესი საწარმო. 1919 გორში (ცხინვალის გზატკეცილზე) საკონსერვო საქმის სპეციალისტის ევსევი ბერიტაშვილის (ივანე ბერიტაშვილის ძმა) ინიციატივით დაარსდა საქართველოში პირველი საკონსერვო ქ-ნა, რასაც ხელი შეუწყო ამ რ-ნში მაღალხარისხოვანი ნედლეულის – ხილისა და ბოსტნეულის სიუხვემ. ქ-ნა კუსტარული წესით ამზადებდა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, აგრეთვე გამხმარ ხილს (ჩირს). ქ-ნამ მრავალჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა, აღიჭურვა ახალი ტექნიკით, ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 1960–69, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ დაშორებით (შინდისის გზატკეცილზე), აშენდა ახ., თანამედროვე ტიპის საწარმო – გორის საკონსერვო კომბინატი, რ-ის სიმძლავრემ წელიწადში 32 მლნ., ხოლო წარმოებამ 31343 ათ. პირობითი ქილა კონსერვი შეადგინა (1969). ამზადებდა 80-მდე დასახელების ბოსტნეულის, ხილის, ტომატისა და ბავშვთა კვების კონსერვებს, რ-ის 80% გადიოდა სსრ კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში. 1976 შეიქმნა საკონსერვო მრეწველობის გორის აგროსაწარმოო გაერთიანება (მასში შევიდა გორისა და ტყვიავის ხილკენკროვანი წვენების, კარალეთისა და გორის საკონსერვო ქ-ნები და ბერბუკის საბჭ. მეურნეობა), რ-იც 1980-იდან ეტაპობრივად დაიშალა. 1994-იდან გორის საკონსერვო ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა "გ.", რ-ის აქციების მფლობელთა შორისაა შვეიცარული ფირმა "ბუტეკ კლასიკი" (BUTEC CLASSIC). ქ-ნას უჭირავს 10,2 ჰა მიწის ფართობი, აქვს რკინიგზის ჩიხი, თბომავალი, სამანქანო მისასვლელი გზები, ორმაგი ელექტროკვების ხაზი, ჩართულია ქალაქის წყალმომარაგების ქსელში. მის შემადგენლობაშია 5 ძირითადი (ხილბოსტნეულის, ბავშვთა კვების, სატომატე, რბილობიანი წვენების და მთავარი საამქროები), 3 დამხმარე საამქრო და სასაწყობო მეურნეობა. წარმოების ძირითადი მიმართულებაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების დამზადება. გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია: მურაბები, ჯემები, კომპოტები, საბავშვო კონსერვები, საწებლები, ბოსტნეულის კონსერვები, მარინადები და სხვ. ძირითადი სანედლეულო ზონებია: გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, მცხეთის მუნიციპალიტეტები. საწარმოს სიმძლავრე 48,5 მლნ. პირობითი ქილა კონსერვია წელიწადში (2009). გამოშვებული პროდუქცია გადის საექსპორტოდ. 1997 მადრიდში ჩატარებულ გამოფენაზე ქ-ნის პროდუქციამ (კაკლის მურაბა) მიიღო ჯილდო – "ევროპის თაღი". დ. დავითულიანი.