გოროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), სხალტბის სერის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 640 , მცხეთიდან 10 კმ . 487 მცხ. (2002). ისტ. წყაროებში პირველად XII ს-იდან მოიხსენიება. საბუთებიდან ჩანს, რომ გ. ყოფილა წმ. ევაგრეს ნასყიდი სოფელი, რ-ის შეწირულობა 1170 მეფე გიორგი III-მ განუახლა შიომღვიმის მონასტერს. 1392 სითარხნის გუჯრის მიხედვით, გ. მცხეთის საკათოლიკოსო სოფელია. გ. 1447 და 1559 საკათოლიკოსო მამულების გუჯრებშიც არის მოხსენიებული. 1741 წყალობის წიგნის მიხედვით, კათოლიკოსმა დომენტიმ გ. გადასცა გედევანიძეს. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში გ. სამუხრანოს კუთვნილებაა. სოფლის განაპირას დგას აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. აგებულია 1830. დას. კედლის კეხზე მოგვიანებით სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ინტერიერში, აფსიდის კონქში, XX ს. საკმაოდ მდარე ხარისხის მოხატულობაა შემონახული.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, I, თბ., 1964; ქართული სამართლის ძეგლები ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970. ჯ. გვასალია.