გოსტიბე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ახალქალაქის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე. ზ. დ. 1500 , კასპიდან 33 კმ , მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 26 კმ . 45 მცხ. (2002). გ. პირველად მოიხსენიება XVII ს-ში. 1652 მეფე როსტომმა გ. უბოძა იორამ სააკაძეს . გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ გ. სახასო სოფელი გახდა. XVIII ს-ში გ-ის მოსახლეობა ლეკთა თარეშის გამო ამოწყდა. 1866- იდან გ-ში დასახლდა გუდამაყრიდან და ფშავიდან გადმოსული მოსახლეობა. სოფლის მახლობლად შემორჩენილია X ს. დასასრ. (ან X–XI სს. მიჯნის) წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებულ ვიწრო ნაგებობას აღმ-ით ნახევარწრიული, სარკმლიანი აფსიდი აქვს. გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია. მათზე დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. ნაგებია რუხი, მომწვანო ფერის უხეშად გათლილი ქვის კვადრებით. პილასტრები, აფსიდის მიმდებარე კუთხეები და კამარის საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვითაა გამოყვანილი, კედლის თაღები და კონქის ნაწილი – შირიმით. ყველა იმპოსტი, აგრეთვე პილასტრების ზოგი ნაწილი მწვანე ქვისაა. ეკლესია შელესილი ყოფილა. კედლებზე, უშუალოდ ქვაზე, წითელი საღებავით დახატული ჯვრებია. შესასვლელი ორია – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დას-ით ყრუ კედელია. ინტერიერში კედლებზე შეწყვილებული დეკორ. თაღებია, რ-თა კრონშტეინები ასევე მწვანე ქვისაგანაა გამოთლილი. ფასადების დეკორ. მორთულობაში გამოყენებულია ჯვრის გამოსახულებანი. აღმ. სარკმელი შემკულია სათაურით, მასზედაც ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიაზე არის წარწერებიც. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია "დავით გალატოზი" – ეკლესიის მშენებელი ოსტატი. სოფელში დგას საბრძოლო კოშკიც (იხ. აგრეთვე სტ. გოსტიბის სამაროვნები ).

ლიტ .: М е п и с а ш в и л и Р. С., Памятники архитектуры Х–Х1 веков в сел. Кабери и Гостибе, «ქართული ხელოვნება », 1979, #8. ჯ. გვასალია. რ. მეფისაშვილი.