გოჩაშვილები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოება, რ-იც XVII ს-იდან ფეოდ. სათავადოდ ყალიბდებოდა. გ-ს ვახუშტი მოიხსენიებს როგორც "მთავარს". ნიკო დადიანის სიტყვებით, ბაგრატიონთა გვარის შტო – გოჩაშვილნი "არიან აწ თავადნი", საგვარეულო განშტოების სახელწოდება გოჩა ბატონიშვილის სახელიდან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში გოჩას მემკვიდრეებს ცხარე ბრძოლა მოუწიათ უფლებრივი მდგომარეობის მოსაპოვებლად თუ მის შესანარჩუნებლად, მაგრამ ისინი არა თუ ბატონიშვილობას, არამედ ბაგრატიონობასაც ვეღარ ინარჩუნებენ. ფ. გორგიჯანიძის ცნობით, გოჩას ძე – გიორგი – მეფე როსტომის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობდა და თუ გაიმარჯვებდა, ქართლის ბატონობასაც კი მოელოდა, მაგრამ დამარცხდა. მას თვალები დათხარეს და მოკლეს; გოჩას შვილიშვილმა – იორამმა – ასევე "ინება" მეფობა, მაგრამ მას ვახტანგ V-მ დათხარა თვალები და მამულები წაართვა. დამცრობისა და შესაბამისი უფლებრივი მდგომარეობის დაკარგვის შემდეგ გ-მა ფეოდ. იერარქიაში თავადის რანგით დაიკავეს კუთვნილი ადგილი, ქართლის სამეფო კარისაგან შესაბამის ყმა-მამულს იღებდნენ და თავიანთი ახ. გვარით ქართლის ერთ-ერთი საფეოდალოს – გ-ის სათავადოს ბატონ-პატრონები გახდნენ.

წყარო: გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», წგ. 2, ტფ., 1925; დ ა დ ი ა ნ ი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ნ ი ნ ი ძ ე დ., ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა წარმოშობისათვის, « მაცნე», 1993, #2; მ ი ს ი ვ ე, გუარი მეფეთა ბაგრატიონთა – გოჩაშვილნი, თბ., 1998. დ. ნინიძე.