გოძიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე (1897, სანქტ-პეტერბურგი, – 1941, ვარშავა), სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. 1916 დაამთავრა სამხ. სასწავლებელი. 1918-მდე მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში, 1914–18 მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1918 ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1919–22 იყო პოლონ. ეროვნ. არმიის კავალერიის როტმისტრი. ვარშავის პოლიტ. მეცნიერებათა ინ-ტის დამთავრების შემდეგ ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიც. და საზ. მოღვაწეობას. იყო ჟურნ. "სინათლის ხმის" რედაქტორ-გამომცემელი. 1931–39 თავმჯდომარეობდა პოლონეთის ქართველთა კომიტეტს. 1926 გამოსცა საყურადღებო ნაშრომი "საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე". მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართ. ემიგრაციასთან. დაკრძალულია ვარშავის სამხ. სასაფლაოზე. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის ჯვრითა და პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით.

ლიტ .: გ რ ი შ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., ქართველები პოლონეთში, თბ., 2006. ლ. ურუშაძე.



გოძიაშვილი

ვ. გოძიაშვილი.
ვ. გოძიაშვილი. ტიგრან ოფოფიანცი, სცენა სპექტაკლიდან "ძველი ვოდევილები".

ვასილ (ვასო) დავითის ძე [14 (27). XI. 1905, თბილისი, – 30. I. 1976, იქვე], მსახიობი. სსრკ სახ. არტისტი (1958), სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1952), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). 1922–24 სწავლობდა თბილ. დრამ. სტუდიაში (ხელმძღვ. ა. ფაღავა). 1924–30 იყო თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის, ხოლო 1930-იდან გარდაცვალებამდე – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. გ. გამოირჩეოდა ჭეშმარიტი არტისტიზმით, მკაფიო აქტიორული ინდივიდუალობით, მაღალი პროფ. ოსტატობით, იმპროვიზაციის დიდი უნარით, სცენური მომხიბვლელობით, მ უ ს ი კ ა ლ უ რ ო ბ ი თ , პლასტიკურობით. მის შემოქმედებაში აისახა ქართ. თეატრის საუკეთესო ტრადიციები. გ. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამ., ისე კომიკურ და გროტესკულ როლებს. მის მიერ შექმნილი ლუარსაბ თათქარიძის სახე ("კაცია ადამიანი?!", ი. ჭავჭავაძის მიხედვით) ქართ. თეატრის ისტორიაში შევიდა როგორც ქართ. აქტიორული სკოლის ერთერთი ბრწყინვალე მონაპოვარი. აღსანიშნავია სხვა როლები: ახმა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ჩეშმაკოვი (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ავეტიკა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), რუი ბლაზი (ვ. ჰიუგოს "რუი ბლაზი"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მეფე ერეკლე (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), რიჩარდ III (შექსპირის "რიჩარდ III"), კეისარი (ბ. შოუს "კეისარი და კლეოპატრა"), ფილიპე (ფ. შილერის "დონ კარლოსი") და სხვ. გ-მა თავისსავე დადგმულ სპექტაკლში "ძველი ვოდევილები" (ა. წერეთლის "ბუტიაობა", ა. ცაგარლის "ოინბაზი", ბახუტაშვილის "სასამართლოში") ბრწყინვალედ შეასრულა ტიგრან ოფოფიანცის, არშაკასა და სპექტაკლის წამყვანის – მოხუცი მსახიობის როლები. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. საესტრადო ხელოვნ. განვითარებაში. იყო ესტრადის მსახიობთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი. წარმატებით მოღვაწეობდა კინოში. შესრულებული აქვს სიკოს ("ქეთო და კოტე", 1948), ავეტიკას ("რაც 135 გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965) და სხვ. როლები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ .: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი ე., ვასო გოძიაშვილი, თბ., 1972; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ვასო გოძიაშვილი, თბ., 1964; Г у г у ш в и л и Э., Театральные портреты, Тб., 1968. ლ. ცაგარეიშვილი.






გოძიაშვილი

მ. გოძიაშვილი.
მ. გოძიაშვილი სცენაზე.

მარეხ ილიას ასული (დ. 30. XII. 1926, თბილისი), ესტრადის მომღერალი. საქართვ. სახ. არტისტი (1968). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI (მოსკოვი, 1957) და VII (ვენა, 1959) მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი. 1948 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1953-იდან იყო საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. ამავე წელს დააარსა ვოკალურსაკრავიერი ტრიო (პირველი შემადგენლობა: გ., ე. სეფაშვილი, კ. მაკარიძე), რ-საც დიდხანს ხელმძღვანელობდა ჯ. ბაღაშვილსა და ვ. ტატიშვილთან ერთად. გ. ქართვ. კომპოზიტორთა მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელია. გამოირჩეოდა ხმის სასიამოვნო ტემბრით, მუსიკალობით, ეროვნ. კოლორიტის (განსაკუთრებით, ქალაქური ფოლკლორის) შეგრძნების უნარით. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა შ. მილორავას "ყვავილებში დამეკარგე" და "შემირიგდი", გ. ცაბაძის "გამოღმით შენ ხარ", "მუხამბაზი" (ვაჟა-ფშაველას, პ. გრუზინსკის, ნ. დიასამიძის ლექსებზე) და, განსაკუთრებით, მისი საკუთარი – "წაღვერი და თბილისი" და "გამიგონია" (ა. თევზაძისა და ი. ნონეშვილის ლექსებზე); გ-სა და მის ტრიოს დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართ. ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში. იგი კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში და საზღვარგარეთ (დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ინდოეთი, კუბა, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და სხვ.). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). 2010 აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქედ.






გოძიაშვილი

ნ. გოძიაშვილი.

ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე [2 (14). I. 1899, თბილისი, – 24. VIII. 1965, იქვე], რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1941). სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ბათუმში 1917. 1918-იდან მსახიობად მუშაობდა თბილ. მუშათა თეატრში, სოხუმის, ჭიათურის თეატრებში. 1926 დაამთავრა ქართ. დრამ. სტუდია (მოსკოვი) ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ რეჟისორად და მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის თეატრებში და თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. (1932–35) თეატრში. 1936– 47 ხელმძღვანელობდა ფოთის თეატრს, სადაც დადგა სპექტაკლები: სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა", ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" და სხვ. 1948– 56 იყო თბილ. სანკულტურის თეატრის რეჟისორი. დადგა: თ. სვანის "სვანეთის მთებში", გ. ბერძენიშვილის "ჩემი სილამაზე", რ. ქორქიას "მაიას წყარო" და სხვ. 1949– 50 და 1960–61 თელავის თეატრში დადგა სპექტაკლები – ვ. პატარაიას "უჩა-უჩარდია", გ. ბერძენიშვილის "გული ხელისგულზე" და სხვ. 1956–58 გ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მთ. რეჟისორად, სადაც განახორციელა დადგმები: დ. თაქთაქიშვილის "შარავანდედი", გ. ქელბაქიანის "ხმა გულისა" და სხვ. იყო აგრეთვე თბილ. ესტრადის თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი (1923–30), ბათუმის მუშა-ახალგაზრდობის თეატრის რეჟისორი (1935–36).

ლიტ .: კ ვ ი ნ ტ რ ა ძ ე - გ ო ძ ი ა შ ვ ი ლ ი ც., ნიკო გოძიაშვილი, თბ., 2006. შ. ცუცქირიძე.