გრაბარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Grabar) ანდრე (1896, კიევი, – 5. X. 1990, პარიზი), ხელოვნების ისტორიკოსი, ადრინდ. ქრისტ. და ბიზანტ. ხელოვნების მკვლევარი. პარიზის კოლეჟ დე ფრანსისა და ეკოლ დეზ-ოტ-ეტიუდის პროფესორი. საფრანგეთის წარწერათა და ბელეტრისტიკის აკად. და მრავალი ქვეყნის სამეცნ. საზ-ბისა და აკად. წევრი. ავტორია ფუნდამენტური ნაშრომებისა, რ-ებშიც განხილულია გვიანდ. ანტ. და ადრინდ. შუა საუკ. ბიზანტიისა და აღმ. ევრ. ქვეყნების იკონოგრაფიის, მხატვრობისა და გამოყენებითი ხელოვნების, ხუროთმოძღვრების ისტორიის საკითხები. ზოგ მათგანში განხილულია ძვ. ქართ. ხელოვნების ძეგლებიც.

თხზ.: L’ Empereur dans l’art byzantin. Recherches sur l’art officiel de l’Empire d’Orient, P., 1936; Byzantine painting. Historical and critical Study, Geneva, 1953; Les revêtements en or et en argent des icones byzantines du Moyen-âge, Venise, 1975. ვ. ბერიძე.



გრაბარი

ი. გრაბარი.
ი. გრაბარი. "არყის ხეების ხეივანი". 1940. ტრეტიაკოვის გალერეა

იგორ ემანუილის ძე (25. VII. 1871, ბუდაპეშტი, – 16. V. 1960, მოსკოვი), რუსი ფერმწერი და ხელოვნებათმცოდნე. სსრკ სახ. მხატვარი (1956), სსრკ მეცნ. აკად. (1943) და სსრკ სამხატვრო აკად. (1947) ნამდვილი წევრი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასა (1894– 96) და მიუნხენის ა. აჟბეს სკოლაში (1896–98). მრავალჯერ იმოგზაურა ევროპაში, იყო აშშ-ში, ეგვიპტესა და თურქეთში. 1889- იდან მუშაობდა პეტერბურგში, 1903-იდან – მოსკოვში. იყო გაერთიანება "მირ ისკუსტვასა" და რუს მხატვართა კავშირის წევრი. გ-მა იმპრესიონისტ მხატვართა შემოქმედების გადამუშავების საფუძველზე 1901–08 შექმნა საკუთარი ფერწერული სტილი. ამავე პერიოდის ნატურმორტებში გ. ცდილობდა ნეოიმპრესიონიზმისათვის დამახასიათებელი ფერწერული ხერხებით გადმოეცა განათების მრავალფეროვნება, განწყობილება ("ქრიზანთემები", 1905, "აულაგებელი მაგიდა", 1907, ორივე – ტრეტიაკოვის გალერეა). გ-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით გამოიცა "რუსული ხელოვნების ისტორია" (ტ. 1–6, 1909–16). ხელოვნების შესწავლისას გ. ეყრდნობოდა შედარებით მეთოდს. 1913–25 ხელმძღვანელობდა ტრეტიაკოვის გალერეას. იყო ხელოვნ. ძეგლთა და სიძველეთა დაცვის, აგრეთვე მუზეუმთმცოდნეობისა და სარესტავრაციო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1941–42 ცხოვრობდა საქართველოში, თბილისში ეწეოდა აქტ. შემოქმედებით მოღვაწეობას. შექმნა ქართვ. ხელოვნ. მოღვაწეთა – მედეა ჯაფარიძის (1942), ნატო ვაჩნაძის (1942), ალექსანდრა თოიძის (1942), მარინე იაშვილის (1942), ნ. კანდელაკის (1943) – პორტრეტები (ყველა – საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.