გრანელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტ. გრანელი.

(ნამდვ. გვარი – კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა) ტერენტი სამსონის ძე [3. VI (სხვა ცნობით 25. XI). 1897, წალენჯიხა, –10. X. 1934, თბილისი], პოეტი. 7 წლისა სოფლის სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ უკიდურესი გაჭირვების გამო მე-6 კლასიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც მამის სახელოსნოში წაღების კერვა დაიწყო. ცხოვრების პირობებმა მის ხასიათს მძიმე დაღი დაასვა. 1918 თბილისს გაემგზავრა, მეტისმეტად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მუშაობდა რკინიგზაზე ვაგონების გადამბმელად, კონდუქტორად, შემდეგ შიკრიკად გაზ. "სახალხო საქმეში", რ-შიც მისი პირველი ლექსი დაბეჭდა. ამ პერიოდში მეტად გაიტაცა ეროვნ. თავისუფლების იდეებმა (გაზ. "სახალხო საქმე", "ტრიბუნა", "ახალი ნაკადი", 1917–20). ფსევდ. გრანელი, მისი დების გადმოცემით, ლათ. სიტყვის "გრანუმის" (მარცვალი) მიხედვით აურჩევია – "მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო". სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა 1919 გამოსცა სამხატვრო- სალიტ. გაზ. "ია" და ჟურნ. "კრონოსის სარკე". 1920 და 1921 გამოაქვეყნა ლექსების 2 პატარა კრებული – "პანაშვიდები" და "სამგლოვიარო ხაზები", 1922 გამოსცა ლექსების წიგნი "სულიდან საფლავები", რ-საც შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტ. მაჩაბელმა, ვ. გაფრინდაშვილმა, პ. ორბელიანმა და კ. გამსახურდიამ. ლიტ. საღამოებზე მსმენელი მას აღტაცებით ხვდებოდა. თავისებურმა ცხოვრებამ, ბოჰემურმა ყოფამ გ-ის პოეზიაში უნუგეშობის, მარტოობის, განწირულობის თემატიკა შემოიტანა, რეალობის ასახვას მან მისტიკურ-რელიგ. ხილვები დაუპირისპირა ("საიდუმლო მისალმება ჭლექიან სამრეკლოს", "ფარული ვედრება", ორივე 1921; "ცრემლი შუაღამის", 1922), ადამიანურ 145 სიხარულს – მწუხარებისა და სიკვდილის აპოლოგია ("კვირის შუადღე", 1920; "სიშორე", 1921; "ცისფერი სიშორე", 1922; "პოეტი პატიმარი", 1926; "გულიდან სისხლის წვეთები", 1924). 1924 გამოიცა ახ. ლექსების წიგნი "Memento mori", რ-მაც ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ამავე წელს გ-ს რუსთაველის თეატრში სალიტ. საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, რ-შიც მის პოეზიას მაღალ შეფასებას აძლევდნენ კ. კაპანელი, ვ. ბარნოვი, გ. ნადირაძე, ი. გომართელი და სხვ. 1926 გ-მა გამოსცა უკანასკნელი წიგნი; 1928-იდან დაეწყო მკვეთრი სულიერი დეპრესია. სიცოცხლის ბოლო 4 წელი თბილ. და სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გაატარა. დაკრძალული იყო პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, საიდანაც 1987 გადაასვენეს მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ .: რჩეული, თბ., 1961; ლირიკა, თბ., 1972; რჩეული, თბ., 1979 (შეადგინა და წინასიტყვა დაურთო ლ. ალიმონაკმა); ასი ლექსი, თბ., 2005; ლექსები, თბ., 2010.

ლიტ .: ა დ ა მ ი ა რ., ტერენტი გრანელი, თბ., 2008; ა ლ ი მ ო ნ ა კ ი ლ., კვირის წირვები, თბ., 1988; ვ ე რ უ ლ ა ვ ა თ., ტ. გრანელი, თბ., 2009.

ლ. ალიმონაკი.

ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ უ ლ ტ უ რ ი ს ს ა მ ი ნ ი ს ტ რ ო ს ი, გაიხსნა 1987 წალენჯიხაში ტერენტი გრანელის დაბადებიდან 90 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით. პოეტის მამის სამსონ კვირკველიას ნასახლართან აღიმართა ორნამენტითა და ჩუქურთმიანი აივნებით დამშვენებული ორსართულიანი სახლი. გრანელის ნასახლარზე გაშენებულია სკვერი, რ-შიც არის პოეტის მემორიალური დაფა. მაცხოვრის ეკლესიის ძირში მოწყობილია დეკორირებული "ტერენტის წყარო". სახლმუზეუმში გამოფენილია გ-ის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. ეგრისის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს დაერქვა მისი სახელი.