გრდემლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლითონისაგან ჩამოსხმული და კუნძზე დამაგრებული გლუვზედაპირიანი ლითონის საკვერავი დაზგა. პატარა გ-ს იყენებენ ოქრომჭედლები და მესაათეები. საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი სხვადასხვა მოყვანილობისა და ზომის ფოლადისა და ქვის გ-ები. ქართ. მითოლოგიაში გ. დაკავშირებულია ამირანის თქმულებასთან (ამირანის კლდეზე მიჯაჭვა, ხმლის გაჭედვა; ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედლები გ-ს უბრად სამჯერ დაჰკრავენ უროს, ამირანმა არ აიშვასო). ქართვ. ხალხის ძვ. რელიგ. წარმოდგენებით გ. წმინდა ("ნაწილიან") საგნად ითვლებოდა და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებდნენ. ძველადვე სცოდნიათ დამნაშავის გ-ზე "გადაცემა" დასასჯელად და მისი "ახსნაც" (ცოდვის მიტევება). რუსთაველთან მოხსენებულია ტყვიის გ. ("გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა"), რ-ზეც ხდებოდა ალმასის (ქვამაგარის) მოწახნაგება. ნ. რეხვიაშვილი.



სარჩევი

გრდემლი

ყოველკვირეული ეროვნულ- ლიბერალური მიმართულების გაზეთი. სულ გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნომერი 1907 ქუთაისში. მოკლე ხანში "გ-ის" ნაცვლად გამოვიდა გაზ. "ალი" (მხოლოდ ერთი ნომერი), რ-შიც გაგრძელდა "გ-ის" ზოგიერთი დაუმთავრებელი სტატია (რედაქტორ-გამომცემელი – ა. ჩილაევი). ი. ლორთქიფანიძე.



გრდემლი

ლიტერატურული კრებული. გამოვიდა თბილისში სამ წიგნად. I–II წიგნი გამოქვეყნდა 1912, III–1916. კრებულში დაბეჭდილია ა. აბაშელის, შ. არაგვისპირელის, ვ. ბარნოვის, ი. გედევანიშვილის, ს. გორგაძის, ი. გრიშაშვილის, ი. ევდოშვილის, ი. ვართაგავას, პ. იაშვილის, ია კარგარეთელის, დ. კლდიაშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, კ. მაყაშვილის, ა. პაპავას, თ. რაზიკაშვილის, ვ. რუხაძის, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, ლ. ქიაჩელის, ა. შანშიაშვილის, ა. ჭუმბაძისა და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტ .: ვ ა რ თ ა გ ა ვ ა ი., მოგონებები, ნაწ. 2, თბ., 1962. ი. ლორთქიფანიძე.



გრდემლი

ლიტერატურული სურათებიანი ჟურნალი. გამოდიოდა 1923 თბილისში ორ კვირაში ერთხელ. გამომცემელი – საქ. კპ (ბ) ცკ და საქართვ. პროფკავშირთა საბჭო. გამოიცა 7 ნომერი. იბეჭდებოდა ორიგინ. და თარგმნილი მხატვრული ნაწარმოებები, წერილები სოციალ. მშენებლობაზე, კრიტიკა, ბიბლიოგრაფია და სხვ. თანამშრომლობდნენ მწერლები: დ. კლდიაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. მაშაშვილი, შ. კარმელი, ი. ვაკელი, პ. სამსონიძე. რედაქტორი – პ. საყვარელიძე. ი. ლორთქიფანიძე.



გრდემლი

ყოველთვიური ლიტერატურული ალმანახი, ქუთაისის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის ორგანო; გამოდიოდა იქვე, 1927–28. გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია. გამოიცა 4 ნომერი. თანამშრომლობდნენ ს. მინდაძე, ბ. კეშელავა, ვ. დარასელი, თ. ჭუმბურიძე, შ. ჩარკვიანი, ვ. გაბესკირია, დია ჩიანელი, ფ. დგებუაძე-ფულარია, ჯ. ჯორჯიკია, ა. ურუშაძე და სხვ. ი. ლორთქიფანიძე.