გრემი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრემი. მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი.
გრემი. სამეფო აბანო.
გრემი. ქულბაქები (რესტავრაციამდე).

ისტორიული ქალაქი, კახეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ- ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრი 1466–1616. გ. მდებარეობს სოფ. გრემის მახლობლად, მდ. ინწობის მარჯვ. ნაპირზე, მდინარეების ბოლიისა და ინწობის შესაყართან. აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევრისა და შავპრიალა კერამიკის ნაშთების მიხედვით ვარაუდობენ, რომ გ-ის ტერიტორიაზე მოსახლეობა გვიანდ. ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. იგი დასახლებული 149 იყო XII–XIV სს-შიც. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, 1466 გ. კახეთის სამეფოს დედაქალაქი და მნიშვნელოვანი კულტ. კერა გახდა. აქ XV ს-იდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს, რ-თაგან ცნობილია ანა დედოფლის გადაწერილი "ქართლის ცხოვრება" (XV ს.), თინათინ დედოფლის თაოსნობით მომზადებული კრებული სვინაქსარი (1535) და სხვ. მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობა გ-ში გაცხოველდა XVI ს. მიწურულიდან, როდესაც სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ დავით I, ქეთევან დედოფალი , მოგვიანებით – თეიმურაზ I.

გ. რთულ რელიეფზეა განლაგებული. არქეოლ. გათხრები მიმდინარეობდა 1939–49 (ა. მამულაშვილი) და 1963–67 (პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლ. 50 ჰა. გამოიყოფა 3 მთავარი ნაწილი: 1. მ თ ა ვ ა რ ა ნ გ ე ლ ო ზ თ ა ე კ ლ ე ს ი ი ს კ ო მ პ ლ ე ქ ს ი, რ-შიც შედის მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის წვრილმანი ნივთების დასამზადებელი ქურა, რესტავრ. 2011); 2. მ ე ფ ე - დ ი დ ე ბ უ ლ თ ა უ ბ ა ნ ი, რ-შიც განლაგებული იყო ორი სასახლე, ე. წ. "აკადემია", შადრევნიანი ნაგებობა, რვაკუთხა კოშკი, აბანო და სხვ.; 3. ს ა ვ ა ჭ რ ო უ ბ ა ნ ი, რ-ის ცენტრ. ნაგებობა იყო გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა). ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები დუქნების რიგით, შუაში იყო პატარა ეზო. დუქნებს ეზოს მხარეს მიშენებული ჰქონდა ღია აივნები, ალბათ, საქონლის გამოსაფენად. ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში იყო 30, სხვადასხვა საქმიანობისათვის გამიზნული დუქანი; ერთ-ერთში აღმოჩნდა ღუმელი ლითონის დამწვარი ნივთების ნაშთით, მეორეში – ექვსკუთხა აუზი. სავარაუდოდ, ეს დუქანი მხიარული თავშეყრის ადგილიც იყო. თითოეული დუქნის ფართ. დაახლ. 10 მ 2- ია; ქულბაქებს აღმ-იდან ესაზღვრებოდა სასტუმრო, რ-იც გეგმით მოგრძო სწორკუთხედის ფორმისაა (სიგრძე 80 მ ). შენობის კორიდორის ორივე მხარეს იყო 16–16 პატარა სათავსი. ამავე უბანში გაითხარა აბანო, რ-იც გ-ში ჩამოსული სტუმრებისათვის იყო განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდნენ. გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ კერამიკას [სპარსული წარწერებით – ლექსებითა და სადღეგრძელოებით შემკული მწვანე, მოჭიქული დიდი ჯამი, ჩინური სელადონის ნიმუშები, ჩინური სელადონის სპარს. მინაბაძები, ჩინური ფაიფურის ჯამები (ერთერთზე შემორჩენილია წარწერა – "მარადიული გაზაფხული")]. ქალაქს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ქაშანთან და ქირმანთან. იმ დროის მოწინავე ცენტრებს უკავშირდებოდა კეთილმოწყობილი სავაჭრო გზებით. ერთ-ერთი ასეთი გზა გრემიდან გავაზის, ბაზარ-ზაგემის, კახისა და შემახის გავლით ირანის ქალაქებისაკენ მიემართებოდა. 1614–16 ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობის შედეგად გ. გაპარტახდა. მის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაღესტნელ ფეოდალთა გამუდმებულმა თავდასხმებმაც. მტერთა შემოსევების შედეგად გრემმა საერთოდ დაკარგა ძვ. დიდება. როსტომ მეფის მემატიანე (XVII ს.) წერს: "იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულდანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომ-ქმნილნი". მას შემდეგ, რაც სატახტო ქალაქმა თელავში გადაინაცვლა, მიტოვებული გ. ნანგრევებად იქცა. ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან გამოირჩევა ნაქალაქარის აღმ-ით, მაღალ გორაკზე აღმართული მთავარანგელოზთა გუმბათოვანი ტაძარი, რ-იც აგებულია (1565) ლევან კახთა მეფის შეწევნითა და თაოსნობით. ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. შესასვლელი აქვს დას-იდან, სამხრიდან და ჩრდ-იდან; შიდა სივრცის ცენტრ. ნაწილი დაგვირგვინებულია გუმბათით, რ-იც საკურთხევლის კუთხეებსა და თავისუფლად მდგარ ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 8 სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის აფსიდი ბემიანია, მის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა. ეკლესია ნაგებია აგურით, გამოირჩევა კახეთის იმ დროის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი, ძლიერ აზიდული, მსუბუქი პროპორციებით. ეკლესიის მოხატვა 1577 დაუმთავრებიათ. დას. კედელ ზე პორტრეტულად გამოსახულია ქტიტორი, რ-საც ეკლესიის მოდელი უჭირავს ხელში. კომპლექსს გარს არტყია გალავანი, რ-ის კედლებში სათოფურებია დატანებული და გარედან კონტრფორსებით არის გამაგრებული. გალავნის სამხრ. კუთხიდან მდ. ინწობისკენ გვირაბი ეშვებოდა. ორ ბურჯს შორის მოქცეული, საგანგებოდ გამაგრებული შესასვლელი გალავნის ჩრდ.-დას. კუთხეშია მოწყობილი. ტაძრის აგებამდე გორაკზე სასახლის ტიპის კოშკური ნაგებობა იდგა, რ-იც XIX ს-ში გადააკეთეს და თაღებით გახსნილი სამრეკლო დადგეს. 1999 აღდგა გ-ის მამათა მონასტერი. 2011 ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., ქართული ცენტრალურ- გუმბათოვანი არქიტექტურა, ტ. 1, 3, თბ., 1975–81; მ ა მ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ა., გრემის სარწყავი არხი, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1941, ტ. 11 Β; მ ი ს ი ვ ე, კახეთის ძველი აბანოები, იქვე, 1947, ტ. 14 Β; შ ა ნ ი ძ ე ა., ფ უ თ უ რ ი ძ ე ვ., სამენოვანი წარწერა გრემში, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი ლ., გ ი უ ნ ა შ ვ ი ლ ი ჯ., გრემში ნაპოვნი ჯამი სპარსული წარწერით, «აღმოსავლური ფილოლოგია », 1972, [ტ.] 2; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Kахетии, Тб., 1959. ჯ. გვასალია. პ. ზაქარაია. ლ. მენაბდე. ლ. ჭილაშვილი.



გრემი

სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, მდ. ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., გრძელი ჭალა, შაქრიანი). ზ. დ. 480 , ყვარლიდან 22 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 19 კმ. 977 მცხ. (2002). მის მახლობლადაა ისტ. ქალაქი გრემი. მ. ბალიაური.



გრემი

"გრემი".

ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი ). მზადდება ღვინის სპირტისაგან, რ-იც მიიღება ყვარლის მუნიციპალიტეტის მიკრორაიონებში მოწეული თეთრი ყურძნის (რქაწითელი) გადამუშავებით მიღებული საბრენდე ღვინომასალის გამოხდით და შემდეგ მუხის კასრებში მისი 9–10-წლიანი დაძველებით. ხასიათდება გამჭვირვალე ოქროსფერით, მსუბუქი, საკმაოდ განვითარებული ბუკეტით, ჰარმონიული რბილი გემოთი, 40% (მოცულობით) სპირტშემცველობით. "გ-ს" 1961-იდან 2010-მდე უშვებდა სააქციო საზ-ბა "სარაჯიშვილი" (ყოფ. თბილისის კონიაკის ქ-ნა), ამჟამად კი მისი მწარმოებლები არიან სააქციო საზ-ბები "ვაზიანი" და კორპორაცია "ქინძმარაული". "გ-ს" ტექნოლოგია შეიმუშავეს ვ. ციციშვილმა , ო. ლორთქიფანიძემ, დ. ნიკოლაიშვილმა. 1964–2009 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსზე მიღებული აქვს 1 გრან-პრი, 10 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გრემი&oldid=2274-დან“