გრიგოლი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახეთის მთავარი (787–827), VIII ს. 80-იან წლებში გააერთიანა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი და იწოდა კახთა მთავრად, ანუ ქორეპისკოპოსად. გ-ის მთავრობის პირველივე წლებში კახეთის სამთავროს ჩამოსცილდა ჰერეთი, რ-იც XI ს. დასაწყისამდე დამოუკიდებელ პოლიტ. ერთეულად დარჩა. სამაგიეროდ კახეთის სამთავროს საზღვრები გაფართოვდა დასავლეთის მიმართულებით. კახეთის ქორეპისკოპოსის სამფლობელოს ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ I დ ი დ ი კურაპალატისა და აფხაზთა მეფის თეოდოს II-ის ინტერესებს. მათ შეერთებული ძალებით გაილაშქრეს კახეთის მთავრის წინააღმდეგ. გ-ს ამ ბრძოლაში ეხმარებოდნენ მთიულები, წანარები და თბილისის ამირა ალი შუაბის ძე. ბრძოლა მდ. ქსანზე მოხდა დაახლ. 791–818 შორის. გ. დამარცხდა და მის მიერ დაპყრობილი შიდა ქართლის გარკვეული ნაწილი ისევ აშოტ კურაპალატმა დაისაკუთრა. მიუხედავად ამისა, გ-ის დროს კახეთის სამთავროს ტერიტ. მაინც ქსნის ხეობამდე ვრცელდებოდა.

წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ .: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1954, ნაკვ. 31; პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII– XI სს.), თბ., 1982; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965. თ. პაპუაშვილი.




სარჩევი

გრიგოლი

გრიგოლი. ოშკის ტაძრის მშენებელი. გამოსახულება რელიეფებიან ბოძზე.

ოშკის ტაძრის მშენებელი, მოღვაწეობდა X საუკუნეში. მოხსენიებულია ოშკის ტაძრის დიდ სამშენებლო წარწერაში: "მე გრიგოლ ღირსმყო ღმერთმან მსახურებისა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი". ამავე წარწერაში მოხსენიებულ ისტ. პირთა მიხედვით (ადარნასე III კურაპალატის ძენი – ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით III დიდი კურაპალატი) წარწერა X ს. 60-იანი წლებით თარიღდება. მუხლმოდრეკილი, ხელებაპყრობილი გ. გამოსახულია ტაძრის სამხრ. გალერეაში რელიეფებიან ბოძზე, ვედრების კომპოზიციის ქვეშ. ე. თაყაიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ გ. შესაძლოა გრიგოლ ღვთისმეტყველის ზოგიერთი ნაწარმოების მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი იყოს. ოშკის ტაძარი შუა საუკ. საქართვ. ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა და მხატვრული და ისტ. თვალსაზრისით ღირსეული ადგილი უკავია ქართ. ხელოვნ. ისტორიაში.

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ჯ ო ბ ა ძ ე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007. ვ. ბერიძე.










გრიგოლი

მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი. 1437–39 მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც იოანე ეპისკოპოსთან ერთად საქართვ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა. კრების მოწვევის მთავარი მიზეზი იყო ოსმ. წინააღმდეგ გაერთიანების საკითხი. დას. ევრ. ქვეყნების უმაღლესმა ხელისუფლებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. კრებაზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს პაპისაგან რეალური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გ-მა ეკლესიების გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერა.

ლიტ .: ჟ უ ჟ უ ნ ა ძ ე ო., XV ს. პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970. დ. ნინიძე.



გრიგოლი

(ერისკაცობაში – გრიგოლ ბეჟანის ძე ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე), აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1696–1742. აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საეკლ. მამული, საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად სანთლის ბეგარა შემოიღო, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. გ. მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში, ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად; გ. ენერგიულად იბრძოდა ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ, დადიანს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა, თუ იგი თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვას არ აკრძალავდა. გ. ცდილობდა აღედგინა, ქრისტიანობა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში. 157

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, « მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; მ ი ს ი ვ ე, ფეოდალური მეურნეობის ორგანიზაციის ისტორიიდან გვიანფეოდალურ საქართველოში, იქვე, 1954, ნაკვ. 30. ბ. ლომინაძე.



გრიგოლი

(დ ა დ ი ა ნ ი) (დაახლ. 1760–1822), ცაიშის ეპისკოპოსი (ცაიშელი), მოგვიანებით მიტროპოლიტი; განმანათლებელი, მისიონერი, ქველმოქმედი. ოდიშის მთავრის კაცია ოტიას ძე დადიანის ხელშეწყობით აღადგინა და მოაშენა ცაიშის მონასტერი, შეაკეთა მთავარი ტაძარი და შესძინა სამღვდელმსახურო ინვენტარი, წიგნები. ააშენა ქვის სამრეკლო, აგრეთვე სახლები მღვდლებისა და სხვა სას. პირებისათვის, მონასტერს შემოავლო გალავანი. გ. დიდ ყურადღებას უთმობდა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების შეკრებას, წიგნსაცავის შექმნას. სხვადასხვა დროს მონასტერს აუშენა 4 ტაძარი: სოფ. ლარჩავას – მთავარანგელოზის, სოფ. კოცოხს – თევდორე ტირონის, ხეთას – წმ. კვირიკესი, ხეთაში, თავისივე მამულში, ააგო სასახლე და მოაწყო კარის ეკლესია. იქვე დააარსა სასწავლებელი, ააგო საცხოვრ. და სამეურნ. დანიშნულების შენობები. თავისი სახსრებით დაიხსნა დას. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მაჰმადიანთა მიერ გატაცებული ტყვეები. დიდი სამისიონერო საქმიანობა გასწია აფხაზთა დასაბრუნებლად ქრისტ. სარწმუნოებაზე. 1822 წ. 19 ივნ. შედგენილ მის ვრცელ ანდერძში საინტერესო ცნობებია იმდროინდელ დას. საქართველოს სოც., პოლიტ. და კულტ. მდგომარეობაზე. ფრ. სიხარულიძე.



გრიგოლი

(ერისკაცობაში – გიორგი ელიზბარის ძე დ ა დ ი ა ნ ი) (1824, სოფ. ქვიშხორი, ქუთაისის გუბ., – 12. X. 1907, მარტვილი), სასულიერო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სწავლა გააგრძელა ნახარებაოს ღვთისმშობლის მონასტერში, სადაც ზედმიწევნით შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა, ტიპიკონი. შემდეგ სწავლობდა სამეგრელოს სამაზრო სას. სასწავლებელში, რ-ის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სას. სემინარიაში. 1845 წ. 1 იანვარს იგი მორჩილად გაამწესეს, 1849 აპრილში კი ბერად აღიკვეცა. 1850 იანვარში თავისივე თხოვნით თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს, 1852 კი ეგზარქოსმა ისიდორემ მღვდელმონაზვნად აკურთხა. 1857 ნოემბერში იგი სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზვნად გაამწესეს, 1858–62 – ბიჭვინთის, შემდეგ აბჟუას ოლქის მთავარხუცესი იყო; 1862 კი სოხუმის საკათედრო ტაძრის იღუმენად დანიშნეს. 1875 გ. საქართვ.- იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს, 1879 წ. 28 ივლისიდან დავით-გარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1886, რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად აკურთხეს, იგი გამუდმებით ზრუნავდა თავის ეპარქიაში სას. განათლების სრულყოფაზე, ამ მიზნით სოფ. ბანძაში გახსნა 2-წლიანი სამრევლო სკოლა. გ. წინ აღუდგა რუსეთის რეაქციულ პოლიტიკას, რ-იც მიზნად ისახავდა საქართველოსგან სამეგრელოს ჩამოშორებას. კავკ. სასწ. ოლქის ზედამხედველის იანოვსკის მითითებით მეგრულად ითარგმნა ლოცვები, ასევე განზრახული იყო სკოლებში მეგრულად სწავლების შემოღება. გ-მა რამდენიმე სხდომა ჩაატარა ამ განზრახვის წინააღმდეგ, იქაურ სამღვდელოებას და საზ-ბას განუმარტავდა ამ პოლიტიკის მზაკვრობას. მეუფე გ-ისა და იქაური მრევლის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ გ. არასაიმედო პიროვნებად მიიჩნია, ეპარქია ჩამოართვა და საცხოვრებლად თავდაპირველად გელათის, შემდეგ კი მარტვილის მონასტერი მიუჩინა. დაკრძალულია ჭყონდიდის დღევანდელ საკათედრო ტაძარში. ე. ბუბულაშვილი.



გრიგოლი

გრიგოლი (გ. ფერაძე).

(ერისკაცობაში – გრიგოლ რომანოზის ძე ფ ე რ ა ძ ე) (31. VIII. 1899, სოფ. ბაკურციხე, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 6. XII. 1942, ოსვენციმი, პოლონეთი), წმინდა მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი, ისტორიკოსი, თეოლოგი. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და აღსაზრდელად წაიყვანა ბიძამ, ყვარლის ეკლესიის მოძღვარმა გიორგი ფერაძემ. თბილ. სას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილ. სას. სემინარიაში შევიდა. 1918 თბილ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის სტუდენტი გახდა. 1918 სავალდებულო სამხ. სამსახურში გაიწვიეს. 1921 გ. კვლავ დაუბრუნდა უნ-ტს, მაგრამ მალე, თავის ორ ძმასთან ერთად, ბოლშევიკური აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის ჩადგა, დამარცხების შემდეგ სოფ. მანავში მასწავლებლობდა. 1921 შემოდგომაზე გარეკახეთის სამღვდელოებამ გ. გელათის III საეკლ. კრებაზე მიავლინა. აქ პროფ. კ. კეკელიძემ და მიტროპოლიტმა ნაზარმა გ-ის ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის საკითხი წამოჭრეს, რასაც მაშინვე გამოეხმაურნენ საქართვ. კათოლიკოს- პატრიარქი ამბროსი და ცნობილი გერმ. მოღვაწე ა. ლაისტი , რ-მაც სარეკომენდაციო წერილით მიმართა ცნობილ გერმ. თეოლოგს ი. ლეფსიუსს. მისი დახმარებით გ. 1922 იანვარში ბერლინის უნ-ტის სტუდენტი გახდა. 1925, კვლავ ლეფსიუსის დახმარებით, გ. ბონის უნ-ტში ჩაირიცხა, სადაც 1927 მიენიჭა ფილოს. დოქტორის ხარისხი დისერტაციისათვის: "ქართული ბერ-მონაზვნობის ისტორია მისი დასაწყისიდან 1064 წლამდე". ამ დროისათვის იგი შესანიშნავად ფლობდა ძვ. ებრაულ, სირიულ, არაბულ, კოპტურ, ძვ. ბერძნულ, ლათინურ, ძვ. სომხურ, სლავურ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებს. მიუხედავად იმისა, რომ გ-ის ავტორიტეტი დასავლეთში დღითი დღე იზრდებოდა, მას მაინც გული სამშობლოსაკენ მოუწევდა. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ გ-მა საქართველოში დაბრუნების თხოვნით მიმართა საბჭ. საელჩოს, მაგრამ უარი მიიღო. 1927 გ-ს დაენიშნა ერთწლიანი სტიპენდია ინგლისში, სადაც ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნ-ტის ბ-კაში დაცული ქართ. ხელნაწერების შესწავლას შეუდგა, მაგრამ მალე ბონში დაბრუნება მოუხდა, სადაც პრივატ-დოცენტის წოდებით კითხულობდა ძვ. ქართულ და ძვ. სომხურ ლიტრათა კურსებს. 1929 მან პარიზში წმ. ნინოს ეკლესია დააარსა, 1931 მღვდლად ეკურთხა. იმავე წელს პარიზში დაიწყო სამეცნ. ჟურნალის ("ჯვარი ვაზისა") გამოცემა, რ-შიც სისტემატურად ბეჭდავდა საკუთარ სტატიებსაც. 1932 მან საბოლოოდ დატოვა ბონის უნ-ტი და 1933 ვარშავის უნ-ტის მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკ-ტზე პატროლოგიის პროფესორად და კათედრის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა. 1934 ლონდონის წმ. სოფიის საკათედრო ტაძარში გ. არქიმანდრიტად აკურთხეს. ამ დროიდანვე დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართ. ხელნაწერების მოსაძიებლად. 1935 იგი ათონის მთაზე გაემგზავრა, გზად რუმინეთსა და ბულგარეთში არაერთი ქართ. ხელნაწერი გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფიის საჯარო ბ-კაში მიკვლეული გრიგოლ ბაკურიანის ძის მიერ შედგენილი პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ქართ. ვარიანტი. ათონზე მან შეიძინა 15 ქართ. ხელნაწერი. 1936 გ-მა იმოგზაურა იერუსალიმსა და სირიაში, რათა იქ გასცნობოდა ქართ. სიძველეებს. მოგზაურობის შედეგები მან გამოაქვეყნა პოლ. ჟურნალში "სლოვო". სხვადასხვა საცავებში გ-მა გამოავლინა ასობით ქართ. ხელნაწერი, ისტ., პალეოგრ. და არქეოლ. მასალა. იგი ეხმარებოდა ე. თაყაიშვილს საფრანგეთში გატანილი ქართ. განძეულის დაცვაში. მამა გ-მა დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა უცხოეთის სამეცნ. წრეებში, მაგრამ სსრ კავშირში არა თუ მისი ნაშრომების დაბეჭდვა, ხსენება და თუნდაც სქოლიოში მითითებაც კი აკრძალული იყო. 1939, გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, გ-მა გადაწყვიტა არ დაეტოვებინა პოლონეთი. იგი ეხმარებოდა დაჭრილებს, ცდილობდა შეძლებისდაგვარად ეხსნა პოლონელები და ებრაელები. 1942 მაისში გ. ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მისი ბინა გაჩხრიკეს. დაიკარგა ხელნაწერები, რ-ებზედაც იგი მუშაობდა და ისტ. ღირებულების ის საეკლესიო ნივთები, რ-ებსაც მოგზაურობისას იძენდა საქართველოში დასაბრუნებლად. გ. თავდაპირველად პავიაკის ციხეში ჩასვეს, შემდეგ – მაუთჰაუზენის, ბოლოს კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს, სადაც იგი მალე დაიღუპა. არსებობს მისი დაღუპვის ორი ვერსია: ერთის მიხედვით, გერმანელი ოფიცრის მკვლელობის გამო ბანაკის ადმინისტრაციამ გაშიშვლებული ტუსაღები, ყინვაში დააყენა, ვიდრე მკვლელს არ დაასახელებდნენ. მაშინ გ. გამოეყო მწკრივს. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, შემდეგ კი დაწვეს; მეორე ვერსიით, მამა გ. თავისი ნებით შესულა გაზის კამერაში მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. მამა გ. დღესაც ძალზე პოპულარულია უცხოეთის თეოლ. წრეებში. პოლონეთში იგი წმინდანად შერაცხეს. გ-ის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელი ამოტვიფრულია უნ-ტისა და წმ. იოანე კლემაქსის მართლმადიდებელი ეკლესიის ომში დაღუპული მოღვაწეების მემორიალურ დაფებზე. პარიზში კვლავ მოქმედებს მამა გ-ის დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესია. ქართვ. ხალხმა ღირსეულად დააფასა მამა გ-ის ღვაწლი: 1995 საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მამა გ. წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 23. XI (6. XII).

თხზ .: ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე, «საუნჯე», 1983, #4; უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ, გ. ჯაფარიძის გამოც., თბ., 1995; ბედისწერა, თარგმ. ე. კვირიკაშვილისა, «არტანუჯი», 2003, # 11; საქართველოს ეკლესიის უძველესი ისტორიის პრობლემები, თარგმ. თ. ჭუმბურიძისა, იქვე; პატროლოგიის გაგება, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, თარგმ. ე. კვირიკაშვილისა, იქვე.

ლიტ .: მ ე გ რ ე ლ ი ძ ე ი., გრიგოლ ფერაძე, «სამშობლო», პარიზი, 1924, ოქტ., #6; ნ ო ზ ა ძ ე ვ., გრიგოლ ფერაძე, «მამული», ბუენოს-აირესი, 1952, # 5; პ ა პ რ ო ც კ ი ჰ., არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, «ლიტერატურული საქართველო », 1987, 22 მაისი; ს ა ი თ ი ძ ე გ., წმ. მღვდელმოწამე, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, «არტანუჯი », 2003, # 11; შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. 2, თბ., 1992. შ. ცირეკიძე.