გრიგოლია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ლუკას ძე [21. XI (3. XII). 1879, სოფ. საჭილაო, ახლანდ. სოფ. მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, – 25. XII. 1976, სოხუმი], თერაპევტკურორტოლოგი, საკურორტო საქმის ორგანიზატორი აფხაზეთში. პროფესორი (1946), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957), აფხ. დამს. ექიმი (1950). 1910 დაამთავრა ტომსკის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. გ-ს თაოსნობით 1914 სოხუმში გაიხსნა ინფექციური საავადმყოფო და ქალაქის II საავადმყოფო, აფხაზეთში ჩატარდა მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები (1924–26), შეიქმნა სამკურნ.-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა ფართო ქსელი. გ. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მუშაობაში. 1925-იდან მისი ხელმძღვანელობით დაიწყო აფხ. კლიმ. და ბალნეოლ. რესურსების გამოვლენა და შესწავლა. 1938 სოხუმში გ-ს თაოსნობით გაიხსნა კურორტოლოგიის ინ-ტი, რ-საც 1947–70 თვითონვე ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ .: Гульрипш, Л., 1934; Курортные богатства Абхазии, Л., 1934; Гагрская группа курортов, М., 1956.

ლიტ .: К и п и а н и Т. И., Жизнь и деятельность Александра Лукича Григолия, Тб., 1965.




სარჩევი

გრიგოლია გურამ კონსტანტინეს ძე

(დ. 13. III. 1932, თბილისი), ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1992), პროფესორი (1994). 1955 დაამთავრა თსუის ისტ. ფაკ-ტი. 1956–77 მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინ-ტში, 1977–82 – საქართვ. მეცნ. აკად. არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. 1984-იდან არის თსუის ლექტორი, 1992–2006 – ამავე უნ-ტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი, ხოლო 2007-იდან – თსუ-ის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკ-ტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლ. ძეგლი. მისი მონაწილეობით გაითხარა ბრილის სამაროვანი (1952–53); ხოვლეგორა (1955–57); წოფის (1957–58), წონისა და ჯრუჭულის (1958–63), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958–65) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963–71); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966–81) და სხვ. გ-ს გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზ-ბის ისტორიისა და ანტ. ხანის საისტ. გეოგრაფიის პრობლემებს.

თხზ .: ქვემო ქართლის პალეოლითი, თბ., 1963; ცენტრალური (პალური) კოლხეთის ნეოლითი, თბ., 1977; საქართველოს არქეოლოგიისა და საისტორიო გეოგრაფიის აქტუალური პრობლემები, თბ., 1992; ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, თბ., 1994. ბ. ჯორბენაძე.



გრიგოლია გურამ ლუარსაბის ძე

(დ. 14. X. 1938, თბილისი), ჰიდროენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1996). 1961 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში", 1965–72 – ენერგეტიკის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, ხოლო 1972–93 – თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე; 1997–2006 იყო ამავე კათედრის გამგე. შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინტში კატასტროფულ მოვლენათა სექტორის გამგედ. გ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა მდინარის ჩამონადენის პროცესის მათ. აღწერა და მოდელირება. პირველად ჰიდროლოგიაში ჩამონადენის პროცესის აღწერისათვის გამოიყენა ჯონსონის განაწილება. ეს მეთოდოლოგია შესულია ჰიდროლ. მახასიათებლების გაანგარიშების საერთაშ. მითითებებში. გ. სწავლობს გლობალური დათბობის ზეგავლენას კლიმატზე. იყო საქართვ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ექსპერტი. 2009-იდან ჰიდრომეტეოროლოგიურ ინ-ტში წამყვანი მეცნ. თანამშრომელია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ. : Гидрология реки Бзыбь, Тб., 1981.



გრიგოლია ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე

ვ. გრიგოლია.
ვ. გ რ ი გ ო ლ ი ა. ბიბლიოგრაფიული კრებულის ფორზაცი "ქართული წიგნი". 1941

[15 (28). VIII. 1903, სოფ. სეფიეთი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 11. I. 1977, თბილისი], გრაფიკოსი და მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1969). შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1973). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1930), იყო ი. შარლემანისა და ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1933-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1947-იდან – პროფესორი). იყო "ქართველ ხელოვანთა საზოგადოებისა " (1928–29) და მხატვართა გაერთიანება "სარმას" წევრი (1930– 32). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1928-იდან, 1920–30 წლებში გ. ძირითადად მუშაობდა როგორც მოქანდაკე. შექმნა კამერული ქანდაკებები: "სამშობლო" (1928, გამომწვარი თიხა აღმდგენი ჭიქურით), "ქალიშვილის თავი" (1928, ტონირებული თიხა), "ქართველი ქალი" (1928, კერამიკა, ჭიქური), შოთა რუსთაველის ძეგლის პროექტი (1936, სანთელი, შ. მიქატაძესთან ერთად). 1932-იდან მუშაობდა გრაფიკაში. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. წიგნის სამკაულისა და შრიფტის შექმნაში. ძვ. ქართ. ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნის დეკორის საფუძველზე შექმნა წიგნის მორთულობის ახ. კომპოზიციები (თავსართები, ბოლოსართები, თავსამკაული ასოები და სხვ.). დაამუშავა ქართ. შრიფტის ახ. ვარიანტები. გ-ს ფუნდამენტური ნაშრომები: "ქართული აკადემიური შრიფტი და მისი 396 ვარიაციის სისტემა" და "მხატვრული შრიფტი და მისი შექმნის ხერხები" შეადგენს ქართ. თანამედროვე შრიფტის გრაფ. სახეების შექმნისა და კანონიზაციის თეორ. საფუძველს. ეს ნაშრომები საფუძვლად დაედო თბილ. სამხატვრო აკადემიაში შრიფტის სწავლების დისციპლინას. 1989 გამოვიდა გ-ს წიგნი "დაზგური და წიგნის გრაფიკა". გააფორმა 100- ზე მეტი წიგნი, მ. შ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (1974– 87). მისი ნამუშევრები გამოირჩევა კომპოზ. სიმკაცრით, ასოების მოხაზულობის ჰარმონიულობითა და სილამაზით, შინაარსის მხატვრული შესაბამისობით. ხელმძღვანელობდა მხატვართა ჯგუფს, რ-მაც შეასრულა მოსკოვში ქართ. ხელოვნ. დეკადისთვის პლაკატები და აფიშები (1958), რ-საც ეტაპური მნიშვნელობა აქვთ ამ დარგის განვითარებისათვის. გააფორმა "ვეფხისტყაოსნის" (1937), ა. წერეთლის (1940), ნ. ბარათაშვილის (1945) საიუბილეო გამოცემები, ვაჟაფშაველას თხზულებები (1957), კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" (1953), გ. ტაბიძის ლექსების კრებული (1959), ქართ. პოეზიის ანთოლოგია ინგლ. ენაზე (1958) და სხვ. შექმნილი აქვს ისტ. პირთა, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა (გიორგი სააკაძე, 1938; გ. ორბელიანი, 1943, ორივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი) პორტრეტები; საგამომცემლო გერბები, მარკები, საიუბილეო პლაკატები, აფიშები. იყო ექსლიბრისის საერთაშ. გამოფენის ლაურეატი (1934, ლოს-ანჯელესი, აშშ). მის საცხოვრებელ სახლში (კ. ქუთათელაძის ქუჩა, 4) არის მხატვრის სახელოსნო, სადაც ინახება ხელოვნის არქივი და საინტერესო შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რ-საც თავი მოუყარა მხატვრის მეუღლემ ი. დივნოგორცევა- გრიგოლიამ. მ. კარბელაშვილი.






გრიგოლია კარლო ბესარიონის ძე

კ. გ რ ი გ ო ლ ი ა. "ჭაბუკი". თაბაშირი. 1957.

(დ. 14. V. 1927, სენაკი), მოქანდაკე. საქართვ. ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციის პრეზიდენტი (1996), ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშ. ცენტრის წევრი (1992). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1956; პედაგოგები – ნ. კანდელაკი , შ. მიქატაძე ). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1991–92). გ-ის ნამუშევრებში მკაფიოდაა გამოვლენილი მისთვის დამახასიათებელი ინდივიდ. სახეობრივი აზროვნება, მისწრაფება პლასტ. ფორმის განზოგადებისაკენ. ნამუშევრები: "მოხუცის პორტრეტი" (1961), "ქალის პორტრეტი" (1962), "ბიჭი" (1964), "დიმიტრი ერისთავის პორტრეტი" (1969), "პლასტიკური ფორმა" (მარმარილო; ბიჭვინთა, 1970), "პლასტიკური ფორმა" (სპილენძი; თბილისი, 1985) და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება საქართვ. კულტურის სამინისტროსა და საქართვ. მხატვართა კავშირის ფონდებში.






გრიგოლია კონსტანტინე გრიგოლის ძე

[27. IX (10. X). 1904, სოფ. ჭითაწყარი, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 13. V. 1982, თბილისი], ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1956), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). 1930 დაამთავრა თსუ-ის პედაგოგიური ფაკტის ისტორიული განყ-ბა. 1936–53 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – გამგედ. ამავე პერიოდში კითხულობდა საქართვ. ისტორიის ზოგად კურსს თბილ. და ბათუმის პედ. ინ-ტებში. 1942-იდან გარდაცვალებამდე ეწეოდა პედ. საქმიანობას თსუ-ში. იკვლევდა ქართ. წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. თხზ .: ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, ნაწ. 1 – ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954; რას მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება", გამოც. მე-2, თბ., 1971.



გრიგოლია ნოდარ გიორგის ძე

(დ. 1. VI. 1945, სოფ. ჭოგნარი ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1994). 1968 დაამთავრა თსსუ. 1971-იდან მუშაობდა თსსუ-ის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრაზე (1994-იდან – კათედრის გამგე). 1995–2010 მოსკოვის, მიუნხენის და ევროპის სხვა წამყვან კლინიკებში მიწვეული იყო პროფესორის სტატუსით. გ. არის თსსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი, 1995-იდან – თბილისის გრ. მუხაძის სახ. ქირურგიული საზ-ბის თავმჯდომარის მოადგილე. საერთაშ. ევროპის ქირურგთა ასოციაციისა (1998) და საერთაშ. გასტრო-ჰეპატოლოგიური საზ-ბის წევრი (1994). გ-ს ეკუთვნის მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 7 მონოგრაფია, 2 გამოგონება და 4 რაციონალიზატორული წინადადება. გამოცემული აქვს 6 სახელმძღვანელო. მისი სამეცნ. ნაშრომები ეხება გასტროენტეროლოგიის აქტუალურ საკითხებს. თხზ .: კლინიკური ქირურგია, თბ., 1998; ზოგადი ქირურგია, თბ., 2005; ქირურგიული დაავადებები, თბ., 2009.