გრიგოლისძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასათ (ასამ), (XII ს. დასაწყისი), დიდგვაროვანი ფეოდალი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) გვარის პირველი ცნობილი წარმომადგენელი, დავით აღმაშენებლის მეფობის დროინდელი მოღვაწე. XII ს. დასაწყისში ფლობდა ციხე გიშს. 1117-იდან, დავით აღმაშენებლის მიერ გიშის აღების შემდეგ, მეფის ვასალი გახდა და, როგორც ჩანს, მისგან ჰერეთის ერისთავობა მიიღო. XII–XIII სს. ჰერეთის ცნობილი ერისთავები – გრიგოლისძენი – ასათის შთამომავლები იყვნენ.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955. დ. მუსხელიშვილი.



გრიგოლისძე

ასათ, ჰერეთის ერისთავი XII ს. 80-იან წლებში. ერისთავობა წაართვა საღირ კოლონკელისძეს. 1186–87 იყო "არიშიანის ადგილის" მფლობელი, ანუ აღმ. საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე (სასაზღვრო მხარის გამგებელი). გ-ის ინიციატივით მოეწყო დიდი ლაშქრობა სელჩუკიანი თურქების წინააღმდეგ რანსა (განძის ქვემოთ ბელაქნამდე) და მდ. არაქსის აუზში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. დ. მუსხელიშვილი.



გრიგოლისძე

გრიგოლ ასათის ძე (გ. 1178), ჰერეთის ერისთავი, გრიგოლისძეთა (გიშელთა) ფეოდ. გვარის წარმომადგენელი. მონაწილეობდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის აჯანყებაში გიორგი III-ის წინააღმდეგ (1177–78). დაიღუპა მეფის ლაშქართან ბრძოლაში.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959. დ. მუსხელიშვილი.