გრიგოლ ბაკურიანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ ბაკურიანის ძე. პეტრიწონის მონასტრის საძვალის მოხატულობა. XI ს.

(XI ს. 20-იანი წლები – 1086, სოფ. ველიატოვო, ბულგარეთი), XI ს. ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ერისთავთერისთავ ბაკურიანის შვილი. ბიზანტიის იმპერიის ორი პროვინციის – აღმოსავლეთისა (სამხრ. კავკასია) და დასავლეთის (ბალკანეთი) დიდი დომესტიკოსი (სარდალი), ჰქონდა სევასტოსის ტიტული პოლიტიმისი სამშობლო – იმიერ ტაო – დავით III დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტ. პოლიტ. საზღვრებში მოექცა. 1064 თანამმართველის თანამდებობა ეკავა ბიზანტ. იმპერიის აღმ. ადმ. ერთეულში – თემა იბერიაში (რეზიდენცია ანისში); ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობის დროს (1064) ანისის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. შემდეგ გადაიყვანეს ბალკანეთში, ხოლო 1071 იგი კვლავ თემა იბერიის მმართველი და აღმოსავლეთის დომესტიკოსი გახდა [რეზიდენცია – თეოდოსიოპოლი (კარნუქალაქი)]. თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ჩასაბმელად გ. ბ. ძ-მ, ბიზანტ. ხელისუფალთა ნებართვით, 1072–73 საქართვ. მეფეს გიორგი II-ს გადასცა კარის (ყარსის) ციხე-ქალაქი და მისი მომიჯნავე ქვეყანა. XI ს. 70-იანი წლების ბოლოს გ. ბ. ძ. კვლავ ბალკანეთში მსახურობდა და მიიღო მთელი რიგი სამფლობელოები. მისი მამულები, რ-ებსაც სრული საგადასახადო იმუნიტეტი ჰქონდა მინიჭებული, გაბნეული იყო იმპერიის სხვადასხვა მხარეში. გ. ბ. ძ-ის ხელშეწყობით 1081 ბიზანტ. საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დამარცხდა და ტახტზე ალექსი I კომნენოსი ავიდა. ამისათვის გ. ბ. ძ. დასავლეთის დიდი დომესტიკოსის რანგში აიყვანეს (რეზიდენცია ქ. ადრიანოპოლში). იგი იმპერატორთან დაახლოებული პირი იყო, დამოუკიდებელ სამხ. ოპერაციებს ატარებდა ნორმანების, პაჭანიკებისა და ყივჩაღების წინააღმდეგ. 1083 გ. ბ. ძ-მ პეტრიწონში (ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა მონასტერი (იხ. პეტრიწონის მონასტერი ), რ-საც დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება დაუმკვიდრა. მონასტერს შეუდგინა ტიპიკონი (წესდება). გ. ბ. ძ. თავისი წარმომავლობის, ოჯახისა და ძმის – აბას მაგისტროსის შესახებ მოგვითხრობს ტიპიკონში, რ-იც დაიწერა ბერძნ. და ქართ. ენებზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა გვიანდ. ნუსხებმა (XII–XIII სს.). ქართ. ნუსხის მიხედვით, ტიპიკონი დაიწერა ბერძნ. და ქართ. ენებზე, ბერძნ. ნუსხის მიხედვით კი – ბერძნ., ქართ. და სომხ. ენებზე. გ. ბ. ძ. დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში. დაკრძალულია პეტრიწონის მონასტრის საძვალეში, სადაც შემონახულია გ. ბ. ძ-ის და მისი ძმის აბას მაგისტროსის ფრესკული გამოსახულება (XI ს.).

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; პეტრიწონის ტიპიკონი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963; შ ა ნ ი ძ ე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971; Typicon de Gregoire Pacourianos, pour le monastère de Petrizos (Backovo) en Bulgarie. Text original publié par Louis Petit, СПб., 1904; , Lipsiai, 1888

ლიტ. : ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., გრიგოლ ბაკურიანის ძის ტიპიკონის გაგებისათვის, კრ.: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991; გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., გრიგოლ ბაკურიანის ძე, «მნათობი», 1970,

  1. 2; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული

მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980; შ ა ნ ი ძ ე ა., დამატებითი ცნობა გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელის მოწერის შესახებ, კრ.: ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); А р у т ю н о в а В. А., Григорий Пакуриан (Бакуриани) и цели основания Петрицонского монастыря, «Н. Марр и вопросы арменоведения», Ер., 1968; М а р р Н. Я., Иоанн Петрицский, грузинский неоплатоник ХI–ХII вв., «ЗВОИРАО», т. ХIХ, 2–3, СПб., 1909; С и л о г а в а В. И., Новые материалы по истории грузино- болгарских взаимоотношений, «მაცნე». ისტ. სერია, 1982, #2; 10, 1938. ა. ბოგვერაძე. ვ. სილოგავა.