გრიგოლ დადიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(1770–23. XII. 1804), ოდიშის (სამეგრელოს) მთავარი 1788–1804. 1789 სოლომონ II-ს დაეხმარა იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში და მიათხოვა თავისი და მარიამი. 1791 გ. დ-მა ცოლად შეირთო ქართლ-კახეთის მომავალი მეფის, გიორგი XII-ის ასული ნინო. 1792 გ. დ-ს დაუპირისპირდა სოლომონ II-ის ძმა მანუჩარი, რ-მაც მეფის დახმარებით გააძევა იგი ოდიშიდან. გ. დ. აფხ. მთავრისა და იმერეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის დავით გიორგის ძის (დავით II) დახმარებით რამდენჯერმე შეეცადა ოდიშის ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 1796 გ. დ. გადავიდა ქართლ-კახეთის სამეფოში, შემდეგ ერეკლე II-ის დახმარებით შეურიგდა სოლომონ II-ს. ერთხანს გ. დ. მასთან იმყოფებოდა, მალე ქუთაისიდან გაიქცა და დაიბრუნა ძალაუფლება. თავის მეტოქეს – მანუჩარს – საუფლისწულოდ მისცა სალიპარტიანო. რამდენიმე წლის შემდეგ გ. დ-მა ისევ დაკარგა ტახტი, რ-იც საბოლოოდ დაიბრუნა 1802. ამ დროისათვის სოლომონ II-ს გადაწყვეტილი ჰქონდა ოდიშის სამთავროს გაუქმება. შევიწროებულმა გ. დ-მა დახმარებისათვის მიმართა აფხ. მთავარს და მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე ლევანი. დახმარება სთხოვა რუს. მთავრობასაც. 1803 ივლ- ში გ. დ-მა რუს. იმპერატორის ერთგულების ფიცი მიიღო. იმავე წლის დეკ-ში მან ხელი მოაწერა მფარველობით ხელშეკრულებას, რ-იც ალექსანდრე I-მა 1804 ივლ. დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.

წყარო: დ ა დ ი ა ნ ი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; დ ა ვ ი თ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი ისტორია. – ბ ა გ რ ა ტ ბ ა ტ ო ნ ი შ ვ ი ლ ი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.

ლიტ .: დ უ მ ბ ა ძ ე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957. თ. ბერაძე.