გრიგოროვიჩ-ბარსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილი გრიგოლის ძე (1701, კიევი, – 7. X. 1747, იქვე), ცნობილი რუსი მოგზაურ-მომლოცველი. სწავლობდა კიევის სას. აკადემიაში, მაგრამ ავადმყოფობის გამო სწავლას თავი დაანება. 1724 შევიდა ლვოვის იეზუიტთა აკადემიაში მოგონილი გვარით (ბარსკი), მაგრამ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარიცხეს აკადემიიდან. 1724 ფეხით წავიდა რომში, შემდეგ მოიარა საბერძნეთის წმინდა ადგილები, სირია, პალესტინა. 1735 ანტიოქიის პატრიარქმა სილვესტრმა ბერად აკურთხა ვასილის სახელით. 1747, უკვე მძიმედ დაავადებული, დაბრუნდა კიევში. აქვს მოგზაურობის დროინდელი ჩანაწერები, რ-თა ცალკეული ნაწილები რამდენჯერმე გამოიცა XVIII–XIX სს-ში. საინტერესო ცნობები აქვს იერუსალიმისა და, განსაკუთრებით, ათონის ქართ. სავანეების შესახებ. გ.-ბ. ერთი იმათგანია, რ-საც ჯვრის მონასტერში უნახავს ქართვ. მეფეთა პორტრეტები. ათონის მთაზე გ.-ბ. ორჯერ (1725, 1744) ყოფილა. თავის ჩანაწერებში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ათონის ივერთა მონასტერს : დაწვრილებით აღწერა იგი, მიმოიხილა სავანის ისტორია და ქართველთა აღმშენებლობითი საქმიანობა, გაეცნო ძვ. საბუთებს. გ.-ბ. აღნიშნავს, რომ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკა უმდიდრესი ყოფილა ათონზე არსებულ ბიბლიოთეკებს შორის. ქართველთა ნაკვალევი მან ფილოთეოსის მონასტერშიც შენიშნა.

თხზ .: Первое посещение святой Афонской горы, СПб., 1886; Второе посещение святой Афонской горы, СПб., 1887. შ. ცირეკიძე.