გრიფიუსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გრიფიუსი.

(Gryphius) ანდრეას [ნამდვ. გვარი – გ რ ა ი ფ ი (Greif) (2. X. 1616, გლოგაუ, სილეზია, – 16. VII. 1664, იქვე)], გერმანელი პოეტი და დრამატურგი. ბაროკოს ლიტ. სკოლის წარმომადგენელი. მისი მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან (ოდები, ეპიგრამები, სას. საგალობლები, სონეტები, კომედიები და ტრაგედიები) განსაკუთრებით საყურადღებოა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე" (1646–47, 165 გამოქვეყნდა 1657). პიესა ერთერთი უდიდესი მარტვილის აპოლოგიაა; ეფუძნება საქართვ. დედოფლის – ქეთევანის, რ-იც მწერლის მორალური იდეალია, მოწამებრივი ცხოვრებისა და სიკვდილის ფაქტს. პიესა ბაროკოს სტილის ტიპობრივი ნიმუშია. მასში წარმოდგენილი არიან ისტ. პირები (კახეთის მეფე ალექსანდრე II, თეიმურაზ I, ქართლის მეფე ლუარსაბ II, დიდი მოურავი გიორგი სააკაძე და სხვ.). "ქეთევან ქართველი" ("Catharina von Georgien") გამოქვეყნებისთანავე დაიდგა ვოლაუს თეატრის სცენაზე, მას მერე არაერთხელ წარმოადგინეს გერმ. თეატრებში. სპექტაკლმა გააღვიძა დიდი ინტერესი საქართველოსადმი. კოლხი მედეას შემდეგ ქეთევან დედოფლის წამება ყველაზე პოპულარული თემა გახდა. პიესის არსებობა ქართვ. საზ-ბისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1904, როდესაც გაზეთ "ცნობის ფურცელში" (#2654) დაიბეჭდა ი. რამიშვილის მიერ ქ. ფრაიბურგიდან (გერმანია) გამოგზავნილი ინფორმაცია, რ-ის სათაურია "ქართველი ქალი გერმანულ დრამატულ ხელოვნებაში". ამ წერილს გამოეხმაურა ი. ჯავახიშვილი («Византийский временник», 1904, ტ. XI, გვ. 775–776). პიესა ქართულად გამოიცა 1975. მას დართული აქვს შ. რევიშვილისა და ა. გელოვანის (მთარგმნელი) ნარკვევები და კომენტარები. პიესა ზაარბრიუკენელმა რეჟისორმა პროფ. ჰერმან ვედეკინდმა 1982 რუსთაველის თეატრში დადგა, ხოლო 1984 – ქ. ბალვეს "გამოქვაბულის თეატრში". ამ დადგმას მიესალმა თვით რომის პაპი. გ-სა და მის პიესას მიეძღვნა არაერთი გამოკვლევა და წერილი. მათგან აღსანიშნავია ა. ბიბიჩაძის, შ. რევიშვილის, თ. ნატროშვილის, ი. ტაბაღუას, ვ. კუპრავას, ზ. აბაშიძის, ჯ. ბურდულისა და სხვ. შრომები.

ლიტ .: ბ ი ბ ი ჩ ა ძ ე ა., ა. გრიფიუსი და მისი ტრაგედია "კათარინა ქართველი", თბ., 1950 (ავტორეფ.); ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი თ., ათასი ელვის ნათელი, «ლიტერატურული საქართველო », 1986, 16 მაისი; ხ ა ვ თ ა ს ი გ., ნარკვევები გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1953. ა. გელოვანი.