გროსჰეიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. გროსჰეიმი.

ალექსანდრე ალფონსის ძე [23. II(6. III). 1888, სოფ. ლიხოვკა, ახლანდ. დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა, – 4. XII. 1948, ლენინგრადი], რუსი ბოტანიკოსი. სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), აზერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1945). 1912 დაამთავრა მოსკ. უნ-ტი. მუშაობდა თბილ. ბოტან. ბაღში (1913– 26), თბილ. პოლიტექ. ინ-ტში (1917–30), აზერბ. უნ-ტში (1927– 46), სსრკ მეცნ. აკად. ამიერკავკ. ფილიალის აზერბ. განყ-ბის ხელმძღვანელად (1932–36), მის მიერვე დაარსებული აზერბაიჯანის ბოტან. ინ-ტის დირექტორად (1936–47). 1947-იდან განაგებდა სსრკ მეცნ. აკადემიის აკად. ვ. კომაროვის სახ. ბოტან. ინ-ტის ჰერბარიუმის კავკ. სექტორს და ლენინგრადის უნ-ტის ბოტან. კათედრას. მთელი სამეცნ. მოღვაწეობა მიუძღვნა კავკ. ფლორისა და მცენარეულობის შესწავლას. გ-ის ძირითადი ნაშრომები: "კავკასიის ფლორა" (ტ. 1–4, 1928– 34; მეორე გამოც. ტ. 1–7, ბაქო, 1939–67), "კავკასიის ფლორის ანალიზი" (ბაქო, 1936), "კავკასიის მცენარეული რესურსები" (ბაქო, 1946), "კავკასიის მცენარეული საფარი" (მოსკ., 1948), "კავკასიის მცენარეთა სარკვევი" (მოსკ., 1949). შექმნა ყვავილოვან მცენარეთა ორიგინ. ფილოგენეზური სისტემა (1945). მნიშვნელოვანია აგრეთვე მონოგრაფიები: "მტკვარ-არაქსის აუზის მცენარეულობა" (1932) და განსაკუთრებით "თალიშის ფლორა" (1926). გ-ის მრავალწლოვანი საექსპედიციო მუშაობის შედეგად ამიერკავკასიაში შეგროვილი უმდიდრესი მასალა დაცულია თბილ. და ბაქოს ბოტან. ინ-ტების ჰერბარიუმებში, ხოლო მათი დუბლეტები – ლენინგრადისა და ერევნის ბოტან. ინ-ტებში. აღწერა მეცნიერებისთვის უცნობი მრავალი ახ. სახეობა. გ-ის პატივსაცემად მცენარეთა ერთ გვარსა და მრავალ სახეობას მისი სახელი უწოდეს. ზ. ღვინიანიძე.