გროში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(პოლ. grosz, გერმ. Groschen, ლათ. denarius grossus - მძიმე მონეტა), სხვადასხვა ქვეყნის და დროის მონეტა. გ. პირველად მოიჭრა XII ს-ში იტალიის ქ. გენუაში, მასით – 1,46 გ . თავდაპირველად ის საკმაოდ დიდი ზომის ვერცხლის მონეტა იყო. 1266 წ. გ-ის მსგავსი მონეტა გავრცელდა საფრანგეთში "გროტურნუას" სახელწოდებით. შემდგომ ფრანგული მონეტის მსგავსი გ -ების მოჭრა ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ დაიწყო. ყველაზე გავრცელებული მონეტა იყო პრაღული გ., რ-საც XIV ს. დასაწყისიდან XVI ს. შუა პერიოდამდე ჭრიდნენ ჩეხეთში. პრაღული გ. მიმოქცევაში იყო აგრეთვე გერმანიაში, პოლონეთსა და რუსეთში. ფრანგული "გროტურნუას" მსგავსი მონეტა მოიჭრა ინგლისში 1279 და ეწოდა "გროუტი", პრაღული გ-ის მსგავსი მონეტა კი მოიჭრა პოლონეთში 1367. XVI ს-ში გ. ხურდად იქცა და მრავალმა ქვეყანამ ამოიღო ხმარებიდან. რუსეთის იმპერიაში შემავალი პოლონეთის სამეფო 1832-იდან გ-ს ჭრიდა ორი ნომინალით: პოლონურითა და რუსულით. ერთი პოლონური გ. უტოლდებოდა 0,5 კაპიკს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლონეთმა შემოიღო საკუთარი ვალუტა – 1920-იდან დაიწყო ზლოტის მოჭრა, რ-იც უდრიდა 100 გ-ს. რუსეთში სპილენძის გ. პირველად მოიჭრა 1654 და გათანაბრებული იყო 2 კაპიკთან, ხოლო შემდეგ – ნახევარ კაპიკთან. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი გ. მიმოიქცეოდა ქვეყნის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს და ნახევარკაპიკიანს უტოლდებოდა. გ-ს საუბარში ხშირად გადატანითი მნიშვნელობით ხმარობენ (გამოთქმა "გროშის ფასად" ნიშნავს – ძალიან იაფად, თითქმის მუქთად). მ. ჯიბუტი .

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გროში&oldid=1035-დან“