გრუზინოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევგრაფ იოსების ძე (1770, ნოვოჩერკასკი, – 5. IX. 1800, იქვე), რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, რომან ნამჩევაძის (იხ. გრუზინოვები ) შვილიშვილი. თავი გამოიჩინა 1788–90 რუსეთშვედეთის ომსა და პოლონეთის 1794–96 კამპანიაში. 1796 დაავალეს კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკის დაკომპლექტება (პოლკის პირველი მეთაური თვითონ იყო). 1797 მიანიჭეს გვარდიის პოლკოვნიკის წოდება. ერთხანს იმპ. პავლე I-ის ნდობით სარგებლობდა, მაგრამ 1798 აპრ-ში იმავე იმპერატორის ბრძანებით დააპატიმრეს და რეველის ციხეში ჩასვეს, შემდეგ ჩერკასკში გადაასახლეს. 1800 წ. 5 სექტ., სპეც. სამხ. სასამართლოს განაჩენით, სიკვდილით დასაჯეს. ვარაუდობენ, რომ გ-ის დევნასა და სიკვდილით დასჯას პოლიტ. მოტივი ედო საფუძვლად. ა. სუვოროვის სამხ. სკოლის ტრადიციებზე აღზრდილი გ. სხვა მოწინავე ოფიცრებთან ერთად აშკარად გამოთქვამდა უკმაყოფილებას სუვოროვის სამხ. და პოლიტ. ასპარეზიდან ჩამოცილების გამო. გ-ისა და მის თანამოაზრეთა პოლიტ. პლატფორმა მიზნად ისახავდა რუსეთში არსებული წყობილების დამხობას. მათი აზრით, მართვაგამგეობა "სახალხო სენატს" უნდა აეღო ხელში, მომავალი საზ-ბის ცხოვრებას კი საფუძვლად უნდა დასდებოდა "ბრძნული კანონმდებლობა", რ-ის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანი იქნებოდა. გ. მაღალ შეფასებას აძლევდა ე. პუგაჩოვსა და მის მოძრაობას. დაჯილდოებული იყო უმაღლესი სამხ. ორდენებით.

ლიტ. : გ ვ ი ნ ჩ ი ძ ე ო., რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ისტორიიდან, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე, Братья Грузиновы, Тб., 1965. ო. გვინჩიძე.



გრუზინოვი

ილია ეგორის ძე (1781_1813), რუსი ანატომი და ფიზიოლოგი, წარმოშობით ქართველი, აზნაურ რომან ნამჩევაძის (იხ. გრუზინოვები ) შთამომავალი. 1801 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი, 1804 – პეტერბ. სამედ.-ქირურგ. აკადემია და იმავე წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში" (ლათ. ენაზე). მალე იგი როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნეს გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. რუსული წყაროს საფუძველზე ირკვევა, რომ მან რუსეთისათვის პირველმა შეადგინა "ინგლისური გრამატიკა". 1809 დაბრუნდა მოსკოვში და ანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში. 1811-იდან მოსკ. უნ-ტის ანატ. კათედრის ორდინარული პროფესორი იყო. 1812 სამამულო ომის დროს მოხალისედ წავიდა არმიაში, იყო მოსკ. ლაშქრის კორპუსის ექიმი და დაიმსახურა გმირი პროფესორის სახელი. შეისწავლა ადამიანსა და ცხოველებში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკ. უნტის ანატ. მუზეუმი გაამდიდრა ანატ. პრეპარატებით, მ. შ. აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი. დაკრძალულია ვილნოს გუბერნიის ბარუნის მონასტრის კედელში.

თხზ. : Слово о новооткрытом месте происхождения голоса в человеке и других животных, М., 1812.

ლიტ .: К о ш т о я н ц Х. С., Очерки по истории физиологии в России, М., 1946. ზ. კაციტაძე.



გრუზინოვი

პეტრე იოსების ძე (1772, ნოვოჩერკასკი, – 27. X. 1800, იქვე), რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, ე. გრუზინოვის უმცროსი ძმა. კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა ოჩაკოვისა და რიმნიკის ბრძოლების დროს, რისთვისაც დააჯილდოვეს წმ. გიორგის ჯვრითა და ოქროს ჯვრით. მონაწილეობდა პოლონეთის 1794–96 კამპანიაში. 1798 აპრილში დააპატიმრეს და ძმასთან, ევგრაფთან, ერთად გადაასახლეს ჩერკასკში. 1800 წ. 27 ოქტ. სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე კაზაკ ოფიცერთან ერთად.

ლიტ. იხ. სტ-თან გ რ უ ზ ი ნ ო ვ ი ე. ი. ო. გვინჩიძე.