გრუზინსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) გიორგი ალექსანდრეს ძე (2. XI. 1762, მოსკოვი, – 15. V. 1852, სოფ. ლისკოვო), რუსეთის სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, მეფე ბაქარის შვილიშვილი. დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში. შეისწავლა უცხო ენები. 1768 იმპ. ეკატერინე II-ის ბრძანებით ჩარიცხეს პეტერბურგის ქვეითთა პოლკში, 1776-იდან ელიზავეტგრადის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში იყო (1778-იდან – კაპიტანი, 1786-იდან – მაიორი). მის სამხ. კარიერას ხელი შეუშალა მამის, ალექსანდრე ბატონიშვილის , ქართლის ტახტისთვის ბრძოლამ და ამ ნიადაგზე ეკატერინე II-თან უთანხმოებამ. 1786 თავი დაანება სამხ. სამსახურს და დასახლდა ნიჟნი- ნოვგოროდის გუბერნიის სოფ. ლისკოვოში. 1792 აირჩიეს ჯერ მაკარიევოს მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად, 1795 კი – ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. 1798 პავლე I-მა ხისტი ხასიათის გამო გადააყენა. საქართველოს რუსეთთან შეერთების წინა წლებში გ. შეხვდა იმპ. ალექსანდრე I-ს და ქართ. ეკლესიის რელიკვია – წმ. ნინოს ჯვარი – გადასცა. 1807– 28 ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. სამამულო ომის (1812) დროს მეთაურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის მოხალისეებს. ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა მეურნეობის განვითარების საქმეში. იგი ერთ-ერთი მდიდარი მემამულე გახდა რუსეთში. თავისი შემოსავლის ნაწილი გ-მ ნიჟნი-ნოვგოროდის ცენტრში სასახლეების გაფართოებას მოახმარა. მან დააარსა ინვალიდთა თავშესაფარი, აღსაზრდელთა სახლი; ლისკოვოში გახსნა აფთიაქი, 1800 კი ააშენა სამრეკლო, დიდი ქვის ტაძარი, თვითონვე იკისრა საეკლ. მსახურების ყველა ხარჯი. 1848 ქალაქის სასწავლებელს თავისი სასახლე აჩუქა. თვითონვე ინახავდა მოსწავლეებსაც. მფარველობდა და ეხმარებოდა დეკაბრისტებს. ჰქონდა მდიდარი ბ-კა ქართ., რუს. და ევრ. ენებზე. დაკრძალულია თავისსავე აშენებულ ტაძარში. ფ. სიხარულიძე.



სარჩევი

გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) გიორგი ვახტანგის ძე

(1712–1786), იხ. გიორგი ბატონიშვილი.



გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) დავით ბაგრატის ძე

(30. IV. 1819, პეტერბურგი, – 24. IX. 1888, იქვე), თავადი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე (1880-იდან). ვინაიდან შვილი არ დარჩა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ძმისწულზე – პ. ა. გრუზინსკიზე.

ლიტ .: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბ., 2003; Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под ред. С. Думина, М., 1996. ნ. ჯავახიშვილი.



გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) ილია გრიგოლის ძე

(20. IV. 1867 – 1947), რუსეთის არმიის გენერალ- მაიორი. 1895 დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა გვარდიაში, პლასტუნთა ბატალიონში, კავკასიის მსროლელთა პოლკში, კაზაკთა ჯარების მთავარ სამმართველოში არტილერიის უფროსად. 1918 მსახურობდა თეთრ არმიაში, შემდეგ – წითელ არმიაში. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა კურსებზე. 1921-იდან იყო უმაღლესი სამხ. სკოლის მასწავლებელი.

ლიტ .: В о л к о в С., Офицеры российской гвардии, М., 2002. მ. გოგიტიძე.



გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) იოანე გრიგოლის ძე

(24. VI. 1826, პეტერბურგი, – 15. IX. 1880, იქვე), თავადი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე. დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი (1847). კამერ-პაჟის რანგით ჩაირიცხა კავალერგარდის პოლკში, სადაც ერთ წელიწადს მსახურობდა. XIX ს. 60-იან წლებში ცხოვრობდა დას. ევრ. ქვეყნებში. დაახლოებული იყო რუს მწერალ ა. გერცენთან. აქვეყნებდა სტატიებს ლონდონსა და ჟენევაში გამომავალ გაზ. "კოლოკოლში", რ-ის გამოცემაში მას მატერ. წვლილი შეჰქონდა. თავი მოუყარა ძვ. ქართულ ხელნაწერებს, მხატვრული ჭედურობის ნიმუშებსა და ისტ. რელიკვიებს. იყო პეტერბურგში არსებული "ინგლისური კლუბის" წევრი. მას, როგორც სამეფო სახლის უფროსს, პლატონ იოსელიანმა მიუძღვნა "ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა". გ-მ თავის კოლექციაში თავმოყრილი ხელნაწერების ფონდი საჩუქრად გადასცა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას. მფარველობდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებს. ვინაიდან შვილი არ ჰყავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ბიძაშვილზე – დ. გრუზინსკიზე .

ლიტ .: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ნ., გრიგოლ I – უკანასკნელი ქართველი მეფე, თბ., 2008; Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под ред. С. Думина, М., 1996. ნ. ჯავახიშვილი.



გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) პეტრე ალექსანდრეს ძე

პ. გრუზინსკი-ბაგრატიონი.

(26. IV. 1857, თბილისი, – 3. II. 1922, დაკრძალულია სვეტიცხოველში), უგანათლებულესი თავადი, ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, კამერჰერი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე (1888-იდან). მამა პ. გრუზინსკიბაგრატიონისა.

ლიტ.:ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბ., 2003; Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под ред. С. Думина, М., 1996. ნ. ჯავახიშვილი.







გრუზინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) პეტრე ნიკოლოზის ძე

პ. ნ. გრუზინსკი.
პ. ნ. გ რ უ ზ ი ნ ს კ ი. "ბოშათა ბანაკი". 1860.

(1837–1892), ფერმწერი, ბატალისტი და ჟანრისტი. 1851 შევიდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში. სურათისათვის "ბოშათა ბანაკი" დაიმსახურა მცირე ოქროს მედალი (1860), ხოლო – სურათისათვის "ღუნიბის აღება" – დიდი ოქროს მედალი (1862). საზღვარგარეთ გაემგზავრა აკადემიის მხარდაჭერით. პარიზში დახატა სურათები "ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე" და "ბაზარი ფონტენბლოში". 1864 ჩამოვიდა რუსეთში, რათა შეექმნა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის შეკვეთილი სურათის ("რუსის ჯარის მოახლოებისას მთიელები ტოვებენ აულს") ესკიზები. 1872 სამუდამოდ დაბრუნდა რუსეთში და იმავე წელს პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიამ აღნიშნული სურათისათვის აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. გ-ს გვიანდ. (1890-მდე) ნამუშევრებია:"სცენა სოფლის ცხოვრებიდან", "გასეირნება ქალაქგარეთ" და სხვ.