გუბაზ I

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგრისის მეფე V ს. 50–60- იან წლებში. დაახლ. 456 აჯანყდა ბიზანტიის წინააღმდეგ ეგრისის დამოუკიდებლობისათვის. დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ უშედეგოდ. ბიზანტიის იმპ. მარკიანემ აჯანყების ჩასახშობად ჯარი გამოგზავნა. ეგრისელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ომი გაჭიანურდა. გ. I-მა მოლაპარაკება დაიწყო მოწინააღმდეგე მხარესთან, რ-მაც მოსთხოვა, გადამდგარიყო მეფობიდან ან გადაეყენებინა თავისი ძე, რ-იც თანამმართველად ჰყავდა. გ. I-მა მეფობა თავის ვაჟს წათეს დაუთმო, თვითონ კი, ბიზანტიელთა მოთხოვნით, 465 იმპ. ლეონ I-ს ეახლა კონსტანტინოპოლში. ბიზანტ. წყაროს ცნობით, გ. I ბიზანტ. სამეფო კარზე თავდაპირველად გაუკიცხავთ განდგომისათვის, შემდეგ კი კეთილად მოპყრობიან და სამშობლოში გამოუსტუმრებიათ.

წყარო: პ რ ი ს კ ე პ ა ნ ი ო ნ ე ლ ი, გუთების ისტორია, წგ.: გეორგიკა, ალ. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ლიტ .: ლ ო მ ო უ რ ი ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; მ ი ს ი ვ ე, К истории взаимоотношений Лазского (Эгрисского) царства и Византии в V в., «Византийские очерки», М., 1982. ნ. ლომოური.