გუგარები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ო გ ა რ ე ბ ი, ქართული ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდ. დებედის ზემო დინების ხეობა, რ-საც ძვ. ქართ. და სომხ. წყაროებში კანგარი ჰქვია (ამჟამად სომხ. რესპ.). აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი „გოგარანი" (დღეს სოფ. გუგარქი). თვით სომხ. წყაროები გ-ს მიიჩნევენ არასომხურ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), კერძოდ კი – ქართულ ტომად (იოანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V ს. სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი და ალბანეთის ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი ქართლის თუ ქართველთა პიტიახშს უწოდებენ. იხ. აგრეთვე სტ. გოგარენე. დ. მუსხელიშვილი.