გუგუნავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. გუგუნავა.

ივანე გიორგის ძე (24. III. 1860, სოფ. ლიტვინოვო, ბელიოვის რ-ნი, ტულის ოლქი, რუსეთი, – 8. II. 1919, მოსკოვი), ფერმწერი, პეიზაჟისტი, პორტრეტისტი. სწავლობდა მოსკ. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელსა (1875–80) და პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1881–86). მოსკ. მხატვართა ამხანაგობისა და საზ-ბა „სრედას" წევრი. 1865–72 და 1897–1901 ცხოვრობდა საქართველოში, 1881–91 – პეტერბურგში, 1872–80 და 1901- იდან სიკვდილამდე – მოსკოვში. გ. ერთ-ერთი პირველი ქართვ. პროფესიონალი პეიზაჟისტია. დახატული აქვს საქართვ. ბუნების ამსახველი რეალისტური, პოეტური განწყობილების 100- ზე მეტი სურათი, რ-თა უმეტესი ნაწილი მიუკვლეველია. ბევრს მუშაობდა პლენერის პრობლემებზე. გ-ს პირველი პეიზაჟები 1876– 77-ით თარიღდება. უმთავრესი ნამუშევრები: „შემოდგომის დილა" (1886), „ოკაზე" (1888), „წმიდა ეგორის დღეობა" (1890), „გურული ოდა", „ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი", „სალომეს პორტრეტი" (ორი უკანასკნელი – 1893, სამივე – საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), „პატარა სიმონ ჯახუტაშვილი" (1892–93, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), „კარმიდამო", „ნაადრევი თოვლი" (1897), „შემოღამება ბახვისწყალზე" (საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). ო. ფირალიშვილი.






გუგუნავა

ნანი ახმედის ასული (დ. 21. III. 1937, ბათუმი), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001). 1961 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1961–67 იმყოფებოდა სხვადასხვა პედ. და ადმ. თანამდებობებზე. 1967-იდან იქვე კითხულობს ლექციებს ბიოლოგიის კათედრაზე, 1975-იდან ეწევა საზ. მოღვაწეობას: იყო აჭარის არ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1986–93); აჭარის არ განათლების მინისტრი (1993– 2004). 2004 აირჩიეს აჭარის არ პარლამენტის სენატორად და სენატის სამდივნოს თავ-რედ. 2009- იდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწ. უნ-ტის სრული პროფესორია. დაჯილდოებულია 177 ღირსების ორდენით (1997); მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწ. პრემიით (1999).



სიმონ დავითის ძე (30. VI. 1839, სოფ. ძიმითი, ოზურგეთის მაზრა, – 18. VII. 1909, ქუთაისი), პოეტი. სწავლობდა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში (არ დაუსრულებია). 1889–98 იყო ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, 1898- იდან – ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ-შუამავალი. 1888 გამოვიდა გ-ს პოემა „თამარიანი", რ-იც გ. ი. რჩეულიშვილის ისტ. რომანის „თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა. პოემა დაწერილია ვეფხისტყაოსნის გავლენით, შეინიშნება ხალხ. სიტყვიერებასთან სიახლოვეც. „თამარიანმა" დიდი პოპულარობა მოიპოვა (1888–1970 ათგზის გამოიცა). პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა (მაგ., „შალვა, ჩემო სიყვარულო..."). გ. ავტორია აგრეთვე რამდენიმე ლექსისა, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „დედაენა" („კვალი", 1893, #14).

თხზ. : თამარიანი. ლექსად თქმული, თბ., 1973.

ლიტ. : მ ე გ რ ე ლ ი ძ ე ი., გუგუნავები, ბათ., 1987. ნ. ალანია.