გუგუშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ა. შ. გუგუშვილი.

ალმასხან შოთას ძე (7. X. 1937, თბილისი, – 10. XII. 2003, იქვე), ინჟინერ-ელექტრიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1991). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექ. ფაკ-ტი (1960). 1960–63 მუშაობდა თბილ. ხელსაწყოთმშენებლობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1967-იდან იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტი, 1977-იდან – ამავე კათედრის გამგე. გ-ის შრომები ეხება არაწრფივი სისტემების იდენტიფიკაციას, ოპტიმალური და ადაპტური მართვის თეორიას, გამოსახულების ციფრული დამუშავებისა და კომპიუტერული გრაფიკის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის თეორიის გამოყენებას მართვის თეორიაში. 2001 მისი ხელმძღვანელობით საქართვ. მეცნ. აკადემიის ხელნაწერთა ინ-ტში ჩატარდა სამუშაოები ხელოვნური კლიმატის მართვის სისტემის შესაქმნელად. ავტორია მრავალი სამეცნ. და მეთოდ. ნაშრომისა (მ. შ. 4 მონოგრაფია და 8 სახელმძღვანელო); მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა. 2004 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (გარდაცვალების შემდეგ). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზ .: ოპტიმალური და ადაპტური სისტემები, ტ. 1–3, თბ., 1997; მართვის თეორია. წრფივი და არაწრფივი სისტემები, წგ. 1–2, თბ., 1999; სინერგეტიკა, თბ., 2000; ოპტიმიზაციის მეთოდები, თბ., 2002; Принцип симметрии в идентификации нелинейных объектов управления, Тб., 1998. შ. ნემსაძე.






სარჩევი

გუგუშვილი ანდრია

1895, ქუთაისი, – 1970, ლონდონი), ისტორიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი, პოლიტ. და საზ. მოღვაწე, ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1913). 1913–14 სწავლობდა ბერლინის უნ-ტში. 1914-იდან ინგლისში იყო, 1919 დაამთავრა ლონდონის უნ-ტი. საქართვ. დემოკრ. რესპ. გამოცხადებისთანავე ჩადგა მის სამსახურში. 1919–21 იყო ლონდონის ქართ. საპროპაგანდო ბიუროს ხელმძღვანელი. პარალელურად, 1918–21 – საქართვ. დემოკრ. რესპ. საელჩოს პირველი მდივანი. საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ლონდონში საქართვ. საელჩოს გაუქმების შემდეგ, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, შეიქმნა ქართ. ბიურო, რ-საც გ. ხელმძღვანელობდა. იგი აქტ. თანამშრომლობდა როგორც ქართ. პოლიტ. ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებთან, ისე ინგლისურენოვან პრესასთან. იყო "კავკ. დამოუკიდებლობის კომიტეტის" და "ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის" (გენ. მდივანი – დოქტ. ნ. ნაკაშიძე) წევრი. II მსოფლიო ომის წლებში ინგლ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გ. გაიგზავნა პარიზში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქართ., აზერბ. და ჩრდ. კავკ. პოლიტ. ემიგრანტულ წრეებთან. გ. აქტ. მოღვაწეობდა ქართველოლოგიის, საქართვ. ისტ. დარგში. იყო ინგლისურენოვანი სამეცნ. ჟურნ. ""Georgica"-ს ერთ-ერთი დაამარსებელი და პ/მგ მდივანი, ლონდონის უნ-ტის ლექტორი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზ-ბის ნამდვ. წევრი. საქართვ. ისტ. და ქართ. ლიტ. ისტ. საკითხებზე გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი. თანამშრომლობდა ენციკლოპედია "ბრიტანიკასთან" და ბრიტ. ეროვნ. მუზეუმთან. გ-ის აქტ. მონაწილეობითა და კონსულტაციით ინგლისურად ითარგმნა ძვ. ქართ. მწერლობის ძეგლები. მათგან აღსანიშნავია რ. სტივენსონთან ერთად თარგმნილი "ომანიანი" და "ამირანდარეჯანიანი". იგი კონსულტაციას უწევდა დ. ლანგს "ბალავარიანის" ინგლ. თარგმანზე მუშაობისას, იყო რ. სტივენსონის მთ. კონსულტანტი "ვეფხისტყაოსნის" თარგმნის დროს (გამოიცა 1977 ნიუ-იორკში) და ჟურნალ "ბედი ქართლისას" მუდმივი თანამშრომელი.

ლიტ .: უ რ უ შ ა ძ ე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, თბ., 2005. ლ. ურუშაძე.



გუგუშვილი ბესარიონ პაატას ძე

ბ. გუგუშვილი.

(დ. 6. V. 1945, თბილისი), საქართვ. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (დაინიშნა 1991). ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1971). 1962–63 სწავლობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე, 1966–67 – აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე თურქეთის ისტ. სპეციალობით, 1967–70 – თბილ. უცხო ენათა ინ-ტში, 1973-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. სამეცნ. ინფორმაციის ცენტრის განყ-ბის გამგე, შემდეგ – დირექტორის მოადგილე. არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. 1992 იანვარში, თბილისის ომის დამთავრების შემდეგ, ჩაჩნეთში გაჰყვა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას, თან ახლდა მას სამეგრელოშიც. 1994-იდან ემიგრაციაშია.








გუგუშვილი გიორგი (გია) ბონდოს ძე

გ. ბ. გუგუშვილი.
გ. ბ. გ უ გ უ შ ვ ი ლ ი. "დიალოგი". 1992.

(დ. 16. VIII. 1952, თბილისი), მხატვარი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1977, პროფ. კ. მახარაძის სახელოსნო). 1983– 89 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილისის მხატვრის სახლთან არსებულ ს. ქობულაძის სახ. ნატიფი ხელოვნების სტუდიაში. 1987–96 იყო საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. გამოფენებში მონაწილეობს 1980- იდან. გ-ის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: სერია "ორი ფლეიტა", "ჩიტებზე მონადირე" (ორივე 1984, მხატვრის საკუთრება), "მუსიკოსი" (1985), "უცნობი", "დასაწყისი" (ორივე 1986, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი), "დაგვიანებული მგზავრის სიზმარი" (1987, კერძო კოლექცია, მოსკოვი), "პური" (1988), "პასტორალი" (1991), "დიალოგი" (1992), "თავისუფალი კაცი" (1997) და სხვ.; ნამუშევრების სერიისათვის "დავით გარეჯა", "ღვთისმშობელი", "ნოსტალგია" – მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. გ. აქტიურად მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამართულ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. 1988 ოსაკაში (იაპონია) საერთაშ. გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 2007 გამარჯვება მოიპოვა დუბაის საერთაშ. სიმპოზიუმზე. გ-ის ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში






გუგუშვილი გუგული კოკის ასული

(19. IX. 1923, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 10. VIII. 2010, თბილისი), ენტომოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1996). 1945 დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი და დაიწყო მუშაობა ამავე უნ-ტის ფიზიოლ. კათედრაზე. 1946–98 მუშაობდა ს. ვირსალაძის სახ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1999-იდან იყო ამავე ინ-ტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედ. ენტომოლოგიის განყბის ხელმძღვანელი. 1950-იდან პარალელურად ეწეოდა პედ. საქმიანობას თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში, ამზადებდა სამეცნ. კადრებს სამედიცინო პარაზიტოლოგიასა და ენტომოლოგიაში. გ. უშუალოდ ხელმძღვანელობდა მალარიის ლიკვიდაციას კოლხეთის დაბლობზე და მალარიის გადამტანების პრევენციას აფხაზეთსა და აჭარაში. გ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. ერთი მონოგრაფია – "ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანების ეკოლოგიური თავისებურებები მალარიის განახლების პერიოდში" (2006). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). ი. ჯაფარიძე.



გუგუშვილი ეთერ ნიკოლოზის ასული

ე. გუგუშვილი

(2. IX. 1925, თბილისი, – 2. II. 2005, იქვე), თეატრმცოდნე, თეატრ. კრიტიკოსი, თეატრ. ისტორიკოსი, პედაგოგი. საქართვ. (1967), აფხ. (1974) და დაღ. (1984) ხელოვნ. დამს. მოღვაწე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971), პროფესორი (1973). კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1974). 1949 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. სახელმწ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი. იმავე წლიდან იქვე დაიწყო მუშაობა დაუსწრებელი განყ-ბის მეთოდისტ- კონსულტანტად. 1954–55 მუშაობდა საქართვ. კულტურის სამინისტროს ხელოვნ. მთ. საქმეთა სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ და თეატრების სამმართველოს უფროსად, 1955–73 – საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის პრორექტორად სასწ. და სამეცნ. დარგში, ხოლო 1973–92 – ამავე ინ-ტის რექტორად. გ. წლების მანძილზე იყო საქართვ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის მდივანი და პრეზიდიუმის წევრი. 1987 აირჩიეს სსრკ თეატრის მოღვაწეთა კავშირის (მოსკოვი) მდივნად (კრიტიკისა და სოციოლოგიის დარგში) და პრეზიდიუმის წევრად, 1956 – საქართვ. მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავ-რედ. 1995-იდან იყო ვ. ჭაბუკიანის სახ. საერთაშ. ცენტრის პრეზიდენტი. 1955-იდან გ. ფართო პედ. მოღვაწეობას ეწეოდა (კითხულობდა ლექციებს, ატარებდა სემინარებს, პრაქტ. მეცადინეობებს თეატრის ისტორიაში, თეორიასა და პრაქტიკაში). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი: გამოკვლევები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები, წერილები, რეცენზიები. მნიშვნელოვან სამეცნ. მუშაობას ეწეოდა საენციკლოპედიო სფეროში. მისი შრომები გამოირჩევა დახვეწილი სტილით, მაღალი პროფ. კულტურით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1996). თხზ .: კოტე მარჯანიშვილი, თბ., 1962, 1972; აკაკი ხორავა, თბ., 1962, 1979; ქართული საბჭოთა თეატრი, თბ., 1964, 1971; თეატრალური პორტრეტები, თბ., 1966; პიერ კობახიძე, თბ., 1968; ვასო გოძიაშვილი, თბ., 1972; ბესო ჟღენტი (შემდგ.), თბ., 1972; აკაკი ვასაძე, თბ., 1979; სიმართლის გზით, თბ., 1985; წარსულის ფურცლები, თბ., 1988; ვახტანგ ჭაბუკიანი, თბ., 1990; აკაკი ხორავა – 100. შემდგენელი, შესავალი წერილისა და კომენტარების ავტორი, თბ., 1997. შ. ცუცქირიძე.



გუგუშვილი ვლადიმერ ივანეს ძე

(დ. 17. XII. 1934, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.- მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1991). 1958 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1958–60 მუშაობდა საქართვ. გეოლ. სამმართველოსა და ა. თვალჭრელიძის სახ. კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტში, 1960- იდან, დროგამოშვებით, – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1991–94 იყო საქართვ. გეოლ., გეოდ. და კარტოგრაფიის დეპარტამენტის დირექტორი, 2004–06 – სააქციო საზ-ბა "მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი. გ-ის სამეცნ. 179 შრომები ეხება ვულკანოლოგიისა და პეტროლოგიის საკითხებს, სასარგებლო წიაღისეულის, მ. შ. ფერადი ლითონების საბადოების გენეზისისა და პოსტმაგმური პროცესების როლს დედამიწის ქერქის ფორმირების პროცესში. აღმოაჩინა ორი საბადო (ახალი ბედისეულის ბენტონიტური თიხები და მადნეულის კერამ. ნედლეული). გ. იყო საქართვ. გეოლ. საზ-ბის ვიცე-პრეზიდენტი და დედამიწის შემსწავლელ მეცნ. სამეცნ.-საექსპერტო საბჭოს თავრე.

თხზ .: Поствулканический процесс и формирование рудных и нерудных полезных ископаемых в интрадуговых палеорифтах и островных дугах. Монография, Тб., 1981; Вулканизм и поствулканический процесс на рифтовой и островодужной стадии развития Аджаро-Триалетии, Братислава, 1984. ნ. ძოწენიძე.



გუგუშვილი თეიმურაზ აკაკის ძე

თ. გუგუშვილი.
თ. გ უ გ უ შ ვ ი ლ ი. ნემორინო, გ. დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი".

(დ. 7. III. 1951, თბილისი), მომღერალი (ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1989). საქართვ. სახელმწ. (1992), ზ. ანჯაფარიძის (1998) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (2003) პრემიების ლაურეატი. 1973 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, 1976 – ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ნ. ანდღულაძის კლასი). 1982–83 სტაჟირება გაიარა მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში", 1984 – ასპირანტურა-სტაჟირება თბილ. კონსერვატორიაში (ნ. ანდღულაძის ხელმძღვანელობით). 1977-იდან თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქვს ლამაზი ტემბრის სრული დიაპაზონის ხმა, დახვეწილი ვოკალური კულტურა და ტექნიკა. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „დაისი"); კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"); ნაცარქექია (მ. დავითაშვილის „ნაცარქექია"); არზაყანი, ერთაოზი, მინდია (ო. თაქთაქიშვილის „მთვარის მოტაცება", „პირველი სიყვარული", „მინდია"); ნემორინო (გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი"); გრაფი ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი"); ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი"), დონ კარლოსი, ჰერცოგი, რადამესი (ჯ. ვერდის „დონ კარლოსი", „რიგოლეტო", "აიდა"); კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ტოსკა"); ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი"); ცრუდიმიტრი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი", კანიო (ლეონკავალოს "ჯამბაზები") და სხვ. გასტროლები გამართა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრალიაში, მონღოლეთში, თურქეთში, იტალიაში, აშშ-ში (1988, აშშ-ის მენის შტატის ქ. საორის საოპერო კომპანიის გუნდს ქართულად შეასწავლა „აბესალომ და ეთერის" საგუნდო პარტია, რ-იც ამ გუნდმა იმავე წელს თბილ. ოპერის სცენაზე „აბესალომ და ეთერის" სპექტაკლში შეასრულა). გ. ამჟამადაც წარმატებით ეწევა სასცენო მოღვაწეობას. 2007- იდან თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ვოკალური ფაკულტეტის დეკანია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). გ. ტორაძე.



გუგუშვილი იოსებ დ. და გ.

(წლები უცნობია), წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის I ცალკე ცხენოსანთა ასეულის რიგითი. საქართველოსომხეთის ომის დროს სოფ. პატარა მუღანლოსთან 1918 ნოემბ. გამართულ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა II ხარისხის წმ. გიორგის ჯვრით (2. XII. 1918). ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა ო., გ ა ბ ე დ ა ვ ა მ., საქართველოს წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები, თბ., 2001. ო. ჟორდანია.



გუგუშვილი ნოდარ ევგენის ძე

ნ. გუგუშვილი.

(28. IX. 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 25. X. 1996, თბილისი), სპორტული ჟურნალისტი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1976). 1950 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი. 1950-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზ. „ლელოში". 1976–80 იყო საქართვ. რადიოსა და ტელევიზიის სპორტ. კომენტატორი, 1984 – ჟურნ. „მართვეს" რედაქტორი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციის დაარსებიდან (1966) – სპორტის სამეცნ. საბჭოს წევრი, ხოლო 1983- იდან გარდაცვალებამდე – ამავე საბჭოს თავ-რე. აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მ. კაკაბაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1993). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1996 დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

თხზ .: ჩვენი ჩემპიონები, თბ., 1965; ოლიმპიური ემბლემით სამყაროს გარშემო, თბ., 1973; სპორტის ოქროს ზამთარი, თბ., 1976; ოლიმპიური ენციკლოპედია, თბ., 1997.








გუგუშვილი პაატა ბესარიონის ძე

პ. გუგუშვილი.

[15 (28). IX. 1905, სოფ. კოდორი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 27.III.1987, თბილისი], ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1974; წ.-კორ. 1961). ეკონ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1927 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1930–67 თსუ-ში კითხულობდა სახ. მეურნ. ისტ. და პოლიტეკონომიის, ხოლო 1968–86 – სოციოლოგიის კურსს. 1940–45 განაგებდა პოლიტ. ეკონომიის კათედრას. გ. იყო პირველი მეცნ.- ეკონომისტი, რ-იც საქართვ. მეცნ. აკად. შემადგენლობაში აირჩიეს. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში ეკონ. ინ-ტი, რ-საც იგი სამ ათეულ წელზე (1944–76) მეტი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ინ-ტს 1991-იდან მიენიჭა გ-ის სახელი. მან, ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად, ჩაუყარა საფუძველი ქართ. ეკონ. სკოლას. გ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება პოლიტეკონომიის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის, სახ. მეურნ. ისტორიის, სტატისტიკის, საქართვ. და ამიერკავკ. ეკონ. განვითარების, ქართ. ეკონ. აზრის, გეგმიანობისა და პროგნოზირების პრობლემებს. აღსანიშნავია აგრეთვე გ-ის შრომები ქართ. ჟურნალისტიკისა და ბიბლიოლოგიის დარგში. მის სახელთანაა დაკავშირებული თსუის ესთეტიკისა და ჟურნალისტიკის კათედრების შექმნა. ავტორია მრავალი ნაშრომისა, მ. შ. 50 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფია „საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX–XX სს." (I– VII ტომი, 1949–84), რ-ის სამი წიგნი გამოცემულია რუს. ენაზეც (ამ ნაშრომს 2000 წ. ეკონ. მეცნ. დარგში „XX საუკუნის საუკეთესო მონოგრაფიის" სტატუსით ჟურნ. „მაკრო-მიკროეკონომიკის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიენიჭა პირველი პრემია). გ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახ. ქართ. ეკონ. ტერმინოლოგიის შემუშავებაში, ეკონ. წყაროების მეცნ. პუბლიკაციაში. მუშაობდა მარქსიზმის კლასიკოსების თხზულებათა ქართ. თარგმანის სარედაქციო კომისიაში. საქართველოს მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში გ-ის თაოსნობით შეიქმნა სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყ-ბა, რ-ის ბაზაზეც შემდგომ (1991) დაარსდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი. გ. იყო მისივე ინიციატივით აღდგენილი ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის" მთ. რედაქტორი (1958–67), საქართვ. საგეგმო კომისიის (შემდგომ საგეგმო კომიტეტი) წევრი (1946– 76), ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი (1967–87) და მისი ეკონ. სექციის თავ-რე, საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული ხალხთმოსახლეობის (დემოგრაფიის) სოც.-ეკონ. პრობლემათა შემსწავლელი სამეცნ. საბჭოს თავ-რე, საბჭ. სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი (1958–62), საერთაშ. სოციოლოგიური ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრი (1959–63) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

ბიბლ .: პაატა გუგუშვილი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988 (ყდაზე: 1989). ლ. ჩიქავა.




გუგუშვილი ჯემალ (ელგუჯა) სერგოს ძე

ჯ. გუგუშვილი.

(დ. 14. IV. 1945, აბაშა), ზოოტექნიკოსი. საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2003); სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1994), სომხეთის სას.-სამ. აკადემიის საპატიო პროფესორი (2000). საქართვ. დამს. მწვრთნელი ფეხბურთში (1981), სპორტის დამს. მუშაკი (2002). 1971 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.- სავეტერინარო ინ-ტი, 1974–87 იყო ამავე ინ-ტის მეცხენეობა- მებოცვრეობის განყბის უფროსი მეცნ. თანამშრომელი, შემდეგ ამავე ინ-ტის მეცხოველეობის კათედრის გამგე; 1998–2005 – ზოოტექ.-სავეტერინარო აკადემიის რექტორი. გ. იკვლევს მებოცვრეობის განვითარების პრობლემებს. მისი ხელმძღვანელობით გამოყვანილია ბოცვრის ახ. სახორცე- საქურქე ჯიში. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის (2 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო), 1 გამოგონების, 2 პატენტის. გ-ს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართ. სპორტის განვითარების საქმეშიც. 1994–96 იყო საქართვ. ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთში, 2006–07 – საქართვ. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).

თხზ .: ჯიშთაშორისი შეჯვარების ეფექტურობა მებოცვრეობაში, თბ., 1998.