გუდავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოგო ესტატეს ძე (23. IX. 1922, სენაკი, – 23. XI. 1976, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულკავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინტსა და თსუ-ში. გ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება დაღ. ენათა 181 როგორც აღწერითს, ისე ისტ.-შედარებით შესწავლას. გ-მ პირველმა შეისწავლა მეცნიერულად დაღესტნის რამდენიმე უმწერლობო ენა. მისი სტატია «ხუნძურ-ანდიურ- დიდოურ ენათა „ტ" ლატერალის გენეზისისა და ქართველურ ენებში მისი შესატყვისის შესახებ » (1954) იბერიულ-კავკასიურ ენებში ჯგუფთაშორისი კანონზომიერი ბგერათშესატყვისობის ძიების ერთ-ერთი პირველი ცდაა. გ-ს კვლევის სფეროში შედიოდა აგრეთვე ქართველურ ენათა ისტ. შედარებითი შესწავლის საკითხები (მეგრული კონსონანტიზმი, გრამატიკა, ლექსის სტრუქტურა და სხვ.), რ-თა შორის ზოგი პრობლემა ახლებურადაა დასმული და ახსნილი.

თხზ .: ბოთლიხური ენა, თბ., 1962; ბაგვალური ენა, თბ., 1971; ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები, I – პოეზია, თბ., 1975 (თანაავტ. ა. ცანავა); Сравнительный анализ глагольных основ в аварском и андийских языках, Махачкала, 1959; Консонантизм андийских языков (Историко-сравнительный анализ), Тб., 1964; Историко-сравнительный анализ консонантизма дидойских языков, Тб., 1979.

ლიტ .: ტოგო გუდავა, «მაცნე», 1977, #1; F ä h n r i c h H., In memoriam Togo Gudawa, «Zeitschrift für Phonetik, Sprachwissenschaft und Kommunikationsforschung», Bd. 30, Berlin, 1977; B o e d e r W., T. E. Gudawa, «Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie », v. 37, Р., 1979. გ. ბურჭულაძე. მ. მაჭავარიანი.



გუდავა

სოფელი გალის მუნიციპალიტეტის აჩიგვარის თემში (აფხაზეთის არ), სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოქუმის (ერთვის შავ ზღვას) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 20 , გალიდან 12 კმ , აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 3 [[კმ] . 933 მცხ. (1989). ისტ. სოფელი გ. მოიცავდა ახლანდ. სოფლების: პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გ-ის ტერიტორიებს. სოფლის თავდაპირველი სახელწ. იყო გუდაყვა, რ-იც გვიანდ. ფეოდ. ხანაში გ-თი შეიცვალა, ხალხ. მეტყველებაში გეოგრ. სახელი გუდა ეწოდებოდა. ამ სახელწოდებით არის დატანილი არქანჯელო ლამბერტის (1654) რუკაზე. გ-ს გვიანდ. ანტ. ხანასა და ადრინდ. შუა საუკუნეებში ზიგანისი ეწოდებოდა, ხოლო ბიზანტ. წყაროებში ზიგანეოსის სახელით არის მოხსენიებული. წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, რ-შიც IV–V სს. მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400–600-კაციანი რაზმი) მდგარა. არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბანაკ-ციხის ნაშთები (1970–72, პ. ზაქარაია). გამოვლინდა გეგმით მართკუთხა ფორმის ბანაკის გალავნისა და მცირე ეკლესიის ნაშთები, აგრეთვე რომაული მონეტები, რომაული მინის ჭურჭლის ნატეხები და გვიანდ. ანტ. – ადრინდ. შუა საუკ. – ადგილ. და რომაული კერამიკა. გვიანდ. ანტ. ხანაში გ. (ზიგანისი) აფსაროსთან, ფასისთან, სებასტოპოლისთან, პიტიუნტთან და სხვ. ერთად შედიოდა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში, რ-იც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. გ-ში იყო VII–X სს-ში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთერთი (იხ. გუდაყვის საეპისკოპოსო ). ფეოდ. ხანაში გ. ოდიშის შემადგენლობაში შედიოდა, XVII ს. მიწურულს კი ახლადშექმნილი ფეოდ. ერთეულის სამურზაყანოს შემადგენლობაში შევიდა. გ-ში დაკრძალულია ქრისტიანობისთვის წამებული კირიაკე, რ-იც დაიღუპა III–IV სს. მიჯნაზე, პირველ ქრისტიანთა დევნის დროს.

ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., ლ ე ქ ვ ი ნ ა ძ ე ვ., გუდავაში 1971 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, კრ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, წგ. 3, თბ., 1974; Л о м о у р и Н., Из исторической географии древней Колхиды, «Вестник древней истории », 1957, №4. თ. ბერაძე. ვ. ლექვინაძე.