გუდამაყრელები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლე ქართველთა მცირე ჯგუფი მთიულეთში, ცხოვრობენ შავი არაგვის ხეობის (გუდამაყარი) ოც სოფელში. მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ მთიულები, აგრეთვე მეზობელი კუთხეებიდან გადმოსახლებული მოხევეები, ხევსურები, ფშავლები. მეურნეობის ხასიათით, საცხოვრ. და სამეურნ. ნაგებობებით მთიულებისაგან თითქმის არ განსხვავდებიან. გ-თა მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მემინდვრეობა და მესაქონლეობა. აშენებდნენ კუდიან ცხვარს. უგზოობის გამო სატრანსპორტოდ იყენებდნენ ცხენს, ჯორსა და სახედარს. როგორც ეთნოგრ. და ფოლკლორული მასალიდან ჩანს, სახელი გაითქვეს საბრძოლო იარაღისა და თოფის წამლის დამზადებით, აკეთებდნენ სამეურნ. იარაღსაც. ცხენზე ჯდომის მანერით გამოირჩეოდნენ გუდამაყრელი ქალები, რ-ებიც მაღალბალიშიან უნაგირზე მამაკაცებივით წელში გამართულნი ისხდნენ. გასული საუკუნის ავტორები წერდნენ, რომ ამ პატარა რეგიონში მრავალი რელიგ. დღესასწაული სცოდნიათ. აგვ. მიწურულში ჩოხის ფუძის ანგელოზის ეკლესიის კარზე იხდიდნენ დიდ სათემო დღესასწაულს – ახოობას. აქედან ხევსურეთში, სოფ. უკანახოში, დროშებით გადადიოდნენ ხატის მსახურნი, რ-თაც მოსახლეობა სამზადისით ხვდებოდა. მიწის სიმცირის გამო გ. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში სახლობენ. ერთი ნაკადი სამცხე-ჯავახეთშიც კი ცხოვრობს. წასულებს თან მიჰქონდათ თავიანთი ფუძესალოცავების ნიშები და ტრადიც. დღესასწაულებს იქაც იხდიდნენ.

ლიტ .: კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული (მთიულეთის ეთნოგრაფიის ნარკვევები), III, თბ., 1971; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., მთიულეთი, თბ., 1930; ხ ა რ ა ძ ე რ., რ ო ბ ა ქ ი ძ ე ა., მთიულეთის სოფელი ძველად, თბ., 1965. მ. ჯალაბაძე.