გუდარეხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუდარეხი. სამონასტრო კომპლექსი. ღვთისმშობლის ეკლესია (1231–37) და სამრეკლო (1278).

სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჩხიკვთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), ბედენის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1090 , თეთრი წყაროდან 8 კმ. 10 მცხ. (2002). გ-ის მიდამოებში აღმოჩენილია ნამოსახლარი, რ-იც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისა და ზღუდის ჩრდ. და ჩრდ.-დას-ით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938–39 გაითხარა ( ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი ) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლ. ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII–XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდ.-დასით (XVI–XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამ. წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გ-ს საკუთარი კერამ. წარმოება გააჩნდა. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი IIIის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგისა) და 1 მონღ. მონეტა, რაც მიგვითითებს, რომ XIII ს-ში გ-ში ინტენს. ცხოვრება იყო. სოფლის მახლობლად, გუდარეხისხევზე, შემაღლებულ ადგილას, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი (რესტავრირებულია 2006). სოფლიდან მონასტრისკენ მიმავალ გზაზე დგას კოშკი. კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, სენაკები და სხვ. შემოზღუდულია მაღალი, თლილი ქვით შემოსილი, მრგვალბურჯებიანი გალავნით. სამონასტრო კომპლექსში ცენტრ. ადგილი უკავია ღვთისმშობლის ტაძარს, რ-იც, სამშენებლო წარწერის თანახმად, 1231–37 (რუსუდანის მეფობაში) აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს. გ-ის ეკლესია სუფთად გათლილი კვადრებით ნაგები მარტივი ერთნავიანი შენობაა. ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. საკურთხეველი გამოყოფილი იყო მოჩუქურთმებული კანკელით (რესტავრირებული და დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმში). ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული, აღმ. ფასადისათვის ოსტატს გამოუყენებია XII–XIII სს. მიჯნის გუმბათოვან ეკლესიებში გავრცელებული სქემა (დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი შუა სარკმლის თავზე, მასთან გადაბმული სარკმლის საპირე და ჩუქურთმიანივე რომბები სარკმლის ქვეშ). გუმბათოვანი არქიტ. თავისებურ გავლენას მოწმობს სამკუთხა ნიშების მოტივიც, რ-იც ერთნავიანი ეკლესიებისათვის უცხოა და სულ ორიოდე შემთხვევაში გვხვდება. გ-ის ტაძარი ნაგებია მაღალი პროფ. ოსტატობით და თავისი დროის ერთ-ერთი დამახასიათებელი ძეგლია. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია – სამხრ-ით კარიბჭე, ჩრდ-ით ეგვტერი. ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 მეფე დემეტრე II თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდ. დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში.

გუდარეხი. კოშკი. XVIII ს.

მისი ქვედა სართული არის თაღებით გახსნილი გასასვლელი, ზემოთ – რვამალიანი ფანჩატური, ხოლო მათ შორის სადგომია მოწყობილი. სამრეკლო შემოსილია სხვადასხვა ფერის კვადრებით. განსაკუთრებით დეკორატიულია მისი მდიდრულად მოჩუქურთმებული ფანჩატური. სამრეკლოს აღმ-ით შენობათა მთელი რიგია: პატარა ეკლესია, წინამძღვრის სამყოფელი საკუთარი სამლოცველოთი, საცხოვრ. ოთახები და სხვ. გალავნის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები იდგა. გალავნის წინ ასიოდე -ზე XIII ს. პატარა მოხდენილი ეკლესია დგას. იგი შემოსილია ყვითელი და ღვინისფერი თლილი კვადრებით და მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. გალავნის გარეთ ჩანს ნასახლართა ნაშთი. მთავარ ტაძარში მრავალი საფლავის ქვაა, ძირითადად გერმანოზიშვილების გვარისა, აქვეა დაკრძალული მონასტრის აღმდგენელი წინამძღვარი დომენტიც (რესტავრირებულია 2006).

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 წწ.) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, თბ., 1954; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1980, #53; Т а к а й ш в и л и Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 2, Тфл., 1905; Ч у б и н а ш в и л и Н. Г., Гударехи, «ქართული ხელოვნება», 1987, ტ. 9. ნ. ანდღულაძე. ვ. ჯაფარიძე.