გუდაური

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უღელტეხილი ხევის კავკასიონზე. იხ. ჯვრის უღელტეხილი.


გუდაური

საქართველოს სამხედრო გზა. სადგური გუდაური (XX ს. დასაწყისი).

სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, ჯვრის უღელტეხილის სამხრ-ით, საქართვ. სამხ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., განისი, ერეთო, საყურიანი, ფალაგყაუ, ქუმლისციხე). ზ. დ. 2200 , სტეფანწმინდიდან 33 კმ. 8 მცხ. (2002). დასახლება გაჩნდა XIX ს. 60-იან წლებში. 1887 გაიხსნა მეტეოროლ. სადგური. გ. ახ. სამთო-სათხილამურო ცენტრია ცენტრალურ კავკასიონზე. მისი კლიმატი ძალზე ხელსაყრელია აქტ. დასვენებისა და სპორტისათვის. მყარი თოვლის საფარი ექვსი თვეა წელიწადში. თოვლის საშ. სიმაღლე სათხილამურო ფერდობებზე 190 სმ აღწევს. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში, ძლიერი ქარები იშვიათია. 1981–82 გ-ში დამკვიდრდა თბილ. სამთოსათხილამურო სკოლა. აშენდა რამდენიმე ბაგირგზა. 1985 გ-ის სპორტ. ტრასებმა საერთაშ. სათხილამურო ფედერაციის სერტიფიკატი მიიღო. ამავე წელს გ-ში პირველად ჩატარდა საერთაშ. სამთო-სათხილამურო შეჯიბრი „გუდაურის გაზაფხული". 1989 მარტში ჩატარდა ევროპის თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპი. გ-ში დღეისათვის ფუნქციონირებს რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო (მ. შ. "გუდაური"), რ-ებიც წლის მანძილზე იღებენ ქართველ და უცხოელ ტურისტებს. მიმდინარეობს საცხოვრ. და სპორტ. ინფრასტრუქტურის განვითარება, ყოველწლიურად ტარდება სპორტ. ტურნირები. მ. ბალიაური. ვ. მიქელაძე.






გუდაური

გუდაური. სასტუმრო "გუდაური".
გუდაური. საბაგირო გზა.

სასტუმრო კომპლექსი სამთო-სათხილამურო ცენტრ გუდაურში, ზ. დ. 2200 -ზე. აერთიანებს ოთხვარსკვლავიან სასტუმრო "გ-ს", საბაგირო გზებსა და სათხილამურო ტრასებს. კომპლექსი ააშენეს ავსტრიულმა ფირმებმა. მშენებლობა დაიწყო 1986 და დასრულდა 1988 (არქიტექტორები: ავსტრ. ე. ჩაკმანი, ლ. ლორთქიფანიძე). თავდაპირველად "გ-ის" სასტუმრო კომპლექსი ეკუთვნოდა კონცერნ "საქკურორტს", ხოლო 1995-იდან – მის ბაზაზე დაფუძნებულ სააქციო საზ-ბა "გერგეთს". 1989-იდან კომპლექსი იჯარით ჰქონდა აღებული და მენეჯმენტს ახორციელებდა ქართ.-ავსტრ. ერთობლივი საწარმო შპს "ე.ს. გუდაური" (1998-მდე მისი საფირმო სახელი იყო "მარკო პოლო"). 2007 წ. სექტიდან კომპლექსს ფლობდა სააქციო საზ-ბა "გუდაური", ხოლო 2010 წ. 1 იანვრიდან მისი მფლობელია შპს "გუდაური სქი რესორტი". "გ." განეკუთვნება სპორტ. და საკონფერენციო სასტუმროების კატეგორიას. შენობა ოთხსართულიანია და კარგადაა შეხამებული გარემოს. მისი არქიტექტურა დამახასიათებელია თანამედროვე ალპური ზონის ნაგებობებისთვის. სასტუმროს ფუნქციური გადაწყვეტა სრულად შეესაბამება სპორტ. და საკონფერენციო ცენტრის მოთხოვნებს. მასში განთავსებულია 121 ნომერი 250 საწოლ-ადგილზე, მ. შ. 85 ნომერი ორადგილიანია, 4 – სამადგილიანი, 24 – "ჯუნიორ სუიტი" (ორსართულიანი ნომერი, ორი ძირითადი და ორი დამატებითი საწოლით), 8 ლუქსი. სასტუმროს აქვს რესტორანი (220 დასაჯდომი ადგილი), ბუხრიანი ბარი, საბანკეტო დარბაზი (30 კაცზე), ღამის ბარი და სათხილამურო გასასვლელთან სპეციალურად მ ო თ ხ ი ლ ა მ უ რ ე თ ა თ ვ ი ს განკუთვნილი ექსპრეს-ბარი (50 დასაჯდომი ადგილი). სასტუმროში არის აგრეთვე საცურაო აუზი ჯაკუზით, საუნებითა და სამასაჟო ოთახით, ორი გადახურული ჩოგბურთის კორტი, საბილიარდო, თხილამურების შესანახი სათავსი, სახელოსნო და გასაქირავებელი პუნქტი, სამაშველო სამსახური, სამედ. პუნქტი და სხვ. სასტუმროში 80-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზია სინქრონული თარგმანის აპარატურით, 3 სასემინარო ოთახი საკონფერენციო აღჭურვილობითა და ინტერნეტით. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხუთი თანამედროვე ტიპის სათხილამურო-საბაგირო გზა (3- და 4-ადგილიანი სავარძლებით), რ-ებსაც მოთხილამურეები აჰყავს ზ. დ. 2200-იდან 3280 მ სიმაღლემდე (უმაღლესი წერტილი – მთა საძელე). სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე არის 36 კმ, ბაგირგზების საერთო გამტარუნარიანობა – 7600 კაცი სთ-ში (2010). ლ. აბრამიშვილი.