გუდიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლ. გუდიაშვილი.
ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. "ძველი თბილისი". 1925.
ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. "წყნეთური სერენადა". 1958. კერძო კუთვნილება.

ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე [18 (30). III. 1896, თბილისი, – 19. VII. 1980, იქვე], ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ- მონუმენტალისტი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. (1958) და სსრკ (1972) სახალხო მხატვარი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1965), სოციალ. შრომის გმირი (1976), თბილისის საპატიო მოქალაქე (1979). დაამთავრა თბილისის ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზბის სამხატვრო სკოლა (1914). ხატვას ასწავლიდა თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში (1914– 19). მისი პირველი ნახატები დაიბეჭდა ჟურნ. "თეატრსა და ცხოვრებაში" (1914). ამ პერიოდში შექმნილ გრაფიკულ ნახატებს აქვეყნებდა ჟურნალებში: "არსი" ("ARS"), "ფენიქსი" და სხვ. 1915 მოეწყო მხატვრის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა. 1916 გ-მა სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება" , მონაწილეობდა ძვ. ქართ. კულტურის ძეგლების შემსწავლელ (1916–17) და 1917 ე. თაყაიშვილის მიერ ისტორიულ სამხრ. საქართველოში მოწყობილ ექსპედიციებში; გაეცნო ქართულ ძეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. თბილისში მოხატა ძვ. კაფე "ფანტასტიკური დუქანი" (1917). მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" (ახლანდ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის შენობის ნაწილი) მოხატვაში (1919). 1917–19 შექმნა თბილისისადმი მიძღვნილი ციკლი: "სტეპკოს დუქანი", "ქრისტინე", "კინტოების ქეიფი ქალთან" (სამივე 1919) და სხვ. ამ პერიოდში გ-მა გაიცნო ნ. ფიროსმანაშვილი , რ-საც შემდგომ მრავალი ნაწარმოები უძღვნა. მასვე ეკუთვნის 22 ილუსტრაცია პირველი ქართ. მოდების ჟურნალისათვის. 1919 გაემგზავრა პარიზში, მეცადინეობდა ვ. რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". პარიზში ყოფნისას კვლავ განაგრძო მუშაობა ძვ. თბილისის თემაზე ("მოქეიფენი ეტლში", "თევზი ცოცხალი", "სადღეგრძელო გარიჟრაჟზე"; სამივე 1920, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი). ამავე დროს, მხატვრის შემოქმედებაში გაჩნდა მთავარი პერსონაჟი – ქალი. გ-მა ქართ. ფერწერაში პირველმა შემოიტანა "ნიუს" ჟანრი (ხატავდა შიშველ, უმეტესად ქალის, სხეულს). ამ პერიოდს ეკუთვნის ნაწარმოებები: "გაზაფხული", "იდილია", "ქეიფი ფაეტონზე", "ცოცხალი", "მონადირე", აგრეთვე პარიზის თემაზე შექმნილი ნამუშევრები: "ხიდი პარიზში", "პარიზელები", "პარიზელი მოქალაქენი" და სხვ. პარიზში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1922 და 1925 გ-ის პერსონალური გამოფენები მოეწყო პარიზში. მისი ნამუშევრები შეიძინეს ცნობილმა კოლექციონერებმა და გალერეებმა ("საშემოდგომო სალონი", "გალერეა ჟოზეფ ბიე", "ლიკორნი"), მადრიდის ეროვნ. მუზეუმმა "პრადომ". იმდროინდელ ფრანგულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა წერილები გ-ის შემოქმედების შესახებ. გამოიცა ფრანგი მწერლის მორის რეინალის მონოგრაფია – "ლადო გუდიაშვილი". 1926 გ. დაბრუნდა თბილისში. იმავე წელს შოთა რუსთაველის სახ. დრამატული სტუდიის შენობაში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. 1926–31 დაუახლოვდა კ. მარჯანიშვილს, გააფორმა სპექტაკლები: "მზეთამზე", "ლამარა", "არსენა", აგრეთვე მ. ჭიაურელის ფილმები: "საბა", "ხაბარდა". 1927–34 იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. სამშობლოში დაბრუნებულ მხატვარს გაუჭირდა საბჭ. რეალობასთან შეგუება. მისთვის უცხო იყო ე. წ. სოციალ. რეალიზმის პრინციპები, ამ ჟანრში ვერ შეძლო საკუთარი ინდივიდუალობის პოვნა. ეს განწყობა აისახა მის ნამუშევრებში ("ბოროტი ოჯახი", "უმწეო", "განწირული", "ჩინეთი" და სხვ.), სადაც გამუქებულია ფერწერული ტილოების კოლორიტი, ხოლო ექსპრესიულობისთვის დარღვეულია ფიგურის ანატომიური სიზუსტე. 1930 იქორწინა ნინო მგელაძეზე (შემდგომ – ნინო გუდიაშვილი), რ-იც მთელი ცხოვრების მანძილზე მხატვრის მუზა და ერთგული მეგობარი იყო. 1931–40 მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში (თბილისი, მოსკოვი, ჩიკაგო, პარიზი, მარსელი, ლონდონი და სხვ.). თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გააფორმა სპექტაკლი "ქეთო და კოტე". 1946–48 თბილისში მოხატა ქაშვეთის ეკლესიის საკურთხეველი. ქართველ მხატვართაგან პირველმა დაასურათა (XVII ს. მინიატიურების შემდეგ) და გრაფიკულად გააფორმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (1934). მასვე ეკუთვნის სულხანსაბა ორბელიანის წიგნის "სიბრძნე სიცრუისას" ილუსტრაციები (1930). დაასურათა ასევე ქართველ და უცხოელ მწერალთა მრავალი წიგნი. 1957 თბილისში, საქართვ. სურათების გალერეაში, ხოლო 1958 მოსკოვში, მხატვართა კავშირის დარბაზში, მოეწყო გ-ის პერსონალური გამოფენა, სადაც პირველად სრულად იყო წარმოდგენილი მისი ნამუშევრები. 1960–80 მონაწილეობდა ევროპის ქალაქებში მოწყობილ გამოფენებში. გ. ეკუთვნის ქართვ. მხატვარ191 თა იმ თაობას, რ-საც მიზნად ჰქონდა დასახული ხელოვნებაში ეროვნ. ფორმის ძიება. მხატვარს იმთავითვე ჰქონდა მიდრეკილება დეკორაციულობისა და მახვილი ექსპრესიულობისაკენ; ამაში იგი ეროვნ. თავისებურებათა გამოვლინებას ხედავდა. გ-ის ეროვნ. შემოქმედების ინდივიდუალობას დიდად შეუწყო ხელი XX ს. 20- იანი წლების ევრ. ხელოვნებაში არსებულმა მოდერნისტულმა მიმდინარეობამ. უდიდესი ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე ძველმა ქართულმა კედლის მხატვრობამ, მინიატიურამ და მონუმ.-დეკორ. ხელოვნებამ. გ-ის ხელოვნების საიდუმლო მისი ხაზის ექსპრესიონისტულ გამომსახველობაშია. შემოქმედების პირველ წლებში გ-ის თემატიკა მოიცავდა, ერთი მხრივ, ძვ. თბილისის ბოჰემური ცხოვრების სცენებს (რაშიც, შესაძლებელია, ერთგვარი როლი ითამაშა გ-ის შეხვედრამ ნ. ფიროსმანაშვილთან), მეორე მხრივ, საქართვ. წარსულით შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს ("ნადირობა", 1920, მხატვრის სახელოსნო; "იდილია", 1920, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; "ქალი კლდეებში", 1923, მხატვრის მისახელოსნო) და სხვ. თბილისური ბოჰემისადმი მიძღვნილ საუკეთესო სურათებში მხატვარი ღრმა დრამ. გამომსახველობას აღწევს. პარიზში ყოფნის დროს საფუძველი ჩაეყარა გ-ის მორალური და სოც. თემებისადმი მიძღვნილ სატირული ხასიათის ნახატების ციკლსაც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მხატვრის შემოქმედებაში აისახა ქართვ. ხალხის წარსული ("ლეგენდა თბილისის დაარსებაზე", 1946; "ყეენობა თბილისში", 1937, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; "საკადრისი პასუხი", 1945, მხატვრის სახელოსნო, და სხვ.), შექმნა ისტ. პირთა და თანამედროვეთა პორტრეტები ("ნიკო ფიროსმანაშვილი", 1928, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1941; "ბექა და ბეშქენ ოპიზრები", 1946, ორივე მხატვრის სახელოსნო; "ნინო გუდიაშვილი", 1937, მხატვრის სახელოსნო; "თამარ ციციშვილი", 1940, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი; "აკადემიკოსი დიმიტრი უზნაძე", 1945, კერძო კუთვნილება; "ნათელა ახვლედიანი", 1941, კერძო კუთვნილება, და სხვ.). შექმნა ბოროტებისა და მშვენიერების დაპირისპირების ამსახველი გროტესკული ჟანრის გრაფიკული ციკლი ("ტვინის ჭყლეტა", "ცენზურა", "ყასაბი", "იმპერატორი" და სხვ.). გ-ის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მშვენიერების თემას, აღბეჭდილს დიდი სითბოთი და პოეტური აღფრთოვანებით ("მაია სატრფოს მოლოდინში", 1940, "ეთერი სარკის წინ", 1940; "საქორწინო განბანა", 1942; სამივე – მხატვრის სახელოსნო; "გოგონები საყვარელ ნაკადულთან", 1943, კერძო კუთვნილება, და სხვ.). აღსანიშნავია II მსოფლიო ომის ამსახველი გრაფ. სერია ("საზიზღარი ქვეწარმავალნი"; "აგრესორის ულტიმატუმი", ორივე 1942, მხატვრის სახელოსნო, და სხვ.). სხვა გრაფ. სერიაში ალეგორიული და სიმბოლური სახეებით არის გაკიცხული ადამიანის მანკიერი მხარეები ("თავმოკვეთილი მეუღლე", "ფუჭი დიდების აღსასრული", "სილამაზის მესაფლავენი", 1941; "მცდარი მისამართი", ყველა – მხატვრის სახელოსნო, და სხვ.). გ. მკაფიოდ გამოსახული ინდივიდუალობის მქონე შემოქმედია, რ-მაც მხატვრულ სახეთა საკუთარი მდიდარი სამყარო შექმნა. შინაარსის შესაბამისად, გ. თავის სურათებსა და ნახატებში ხან სადღესასწაულო, ამაღლებულ, "ზღაპრულ" განწყობილებას ქმნის, ხან ფსიქოლოგიურად ღრმასა და დრამატულს, ხან თეატრ. სანახაობას, ხანაც გროტესკისას. მისი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი და დასრულებული კომპოზიციით, დეკორაციულობითა და, ზოგჯერ, ორნამენტულობითაც. გ-ის შემოქმედებამ საერთაშ. აღიარება მოიპოვა. მისი ნამუშევრები დაცულია საქართვ. ეროვნ. მუზეუმში, მის ოჯახში, საქართვ. და უცხოეთის კერძო კოლექციებში. გ-ის სახელი ეწოდა მცირე ცთომილს (იხ. სტ. გუდიაშვილი ). საქართველოში და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში გამოცემულია მხატვრისადმი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. საფლავზე დგას გ-ის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ნ. მგალობლიშვილი, 1985). თბილისში არის ლადო გუდიაშვილის მოედანი, გუდიაშვილის ქუჩა. ქუჩის ბოლოს, 9 აპრილის სახ. ბაღში დგას გ-ის ძეგლი (მოქანდაკე დ. მიქატაძე, არქიტ. რ. ბერიძე, 2003, ბრინჯაო). გარდაცვალების შემდეგ გ-ის პერსონალური გამოფენები მოეწყო რომში (1991, სან-მიკელეს ტაძარი), თბილისში (1996, სურათების ეროვნული გალერეა) და პარიზში (1997, საფრ. ნაციონალური ასამბლეის მორნის გალერეა). ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ლადო გუდიაშვილი, თბ. – ბუდაპეშტი, 1975; З л а т - к е в и ч Л., Ладо Гудиашвили, Тб., 1971; Ладо Гудиашвили. Альбом. Сост. М. К. Коган. Автор текста Л. Златкевич, Л., 1983; Lადო Gუდიაცჰვილი. Aსსემბლéე Nატიონალე, P., 1997; ღ ა ყ ნ ა ლ M., Lადო Gუდიაცჰვილი, P., 1925. ვ. ბერიძე. ა. მელივა.

ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. "თევზიცოცხალი". 1920. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.
ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. "ნიკო ფიროსმანაშვილი". 1928. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი.
ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. "უმწეო". 1930. შ. ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი ს სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი.
ლ. გ უ დ ი ა შ ვ ი ლ ი. «კაფე "როტონდა". ჩარლი ჩაპლინი და ბატონი იმპრესარიო». 1921. კერძო კუთვნილება.


გუდიაშვილი

ნ. გუდიაშვილი.

ნიკოლოზ ივანეს ძე (19. V. 1913, თბილისი, – 7. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1941 – ასპირანტურა (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით). 1937-იდან თბილ. კონსერვ. პედაგოგი იყო, 1981-იდან – პროფესორი. გ. მუშაობდა თეატრ., სიმფ. კამერულ-საკრავიერ, კამერულ-ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი (1948) ამ ჟანრის პირველი და საუკეთესო ნიმუშია ქართ. მუსიკაში. გ-ს ეკუთვნის ოპერები: „ელისო" (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), „ქეთევან წამებული" (1960); ერთმოქმედებიანი ოპერები – „სისხლიანი სუფრა", „შურისძიება" და „ვივა ივერია" (სამივე 1971); 2 ბალეტი: „დედის მანდილი" (1951) და „ნარიყალას ციხესთან" (1958); ოპერეტები: „შეხვედრა აგარაკზე" (1950), „საჩუქარი" (1951), „სალხინობელი" (1953), „ვახშამზე" (1959); 4 სიმფონია (1944, 1949, 1968, 1980); 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980); სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო კვინტეტი (1948), საფორტეპიანო სონატინა (1950), 24 პრელუდია და ფუგა (1975), რომანსები, ხალხ. თემებზე შექმნილი საესტრადო ჟანრის "ქართული ფანტაზია", რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა 40-იანი წლებიდან ქართველ და, კერძოდ, თბილისელ მუსიკის მოყვარულთა შორის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.






გუდიაშვილი

(Gudiashvili), მცირე ცთომილი #2595. მზიდან საშ. მანძილი 416,9 მლნ. კმ. მზის ირგვლივ გარემოქცევის პერიოდი 4,65 , საშ. ვარსკვლავიერი სიდიდე 17,0. აღმოაჩინა რ. ვესტმა 1979 წ. 19 მაისს ევროპის სამხრ. ობსერვატორიაში. სახელი გ. უწოდეს ლ. გუდიაშვილის პატივსაცემად.