გუდრუხი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის ტერიტორიულ ორგანოში (მცხეთა- მთიანეთის მხარე), ქართლის ქედის დას. კალთაზე, მდ. ფშავის არაგვის (არაგვის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 820 , დუშეთიდან 22 კმ . 65 მცხ. (2002). 1981 და 1986–88 არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) სოფლის მიდამოებში შეისწავლა რამდენიმე საყურადღებო ძეგლი. ძვ. გ-ის თავზე, კონცხისებური ტყიანი მთის დავაკებაზე, ე. წ. ადგილის დედაზე, დგას X ს. ღვთისმშობლის ეკლესია. ეკლესია გეგმით წაგრძელებული მართკუთხედია. აღმ-ით, კედლების სწორკუთხედში, მოქცეული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. სარკმელი ორია – აღმოსავლეთით და სამხრეთით. საკურთხევლის წინ ჯვრის აღსამართავი კვარცხლბეკია. აფსიდის სამხრ. კუთხეში შემორჩენილია კონქის თაღის შირიმის პროფილირებული იმპოსტი. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო განიერი, პილასტრია. სამხრ. კედლის დას. ნაწილში გაჭრილია კარი. კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით ორპირად ამოყ193 ვანილ კედლებს შორის სიცარიელე წვრილი ქვითაა ამოვსებული. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები შირიმის ქვისაა. სამხრეთიდან ეკლესიას ეკვრის გვიანდ. ხანის გეგმით მართკუთხა უაფსიდო სათავსი, რ-საც კარი დასავლეთიდან აქვს. ეკლესია და სათავსი შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა. ეკლესიას გარს არტყია კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რ-ის კარი სამხრ.- აღმ. ნაწილშია. ეკლესიის ეზოში გამოვლენილ სამარხთაგან შესწავლილია 23 ქვის სამარხი, რ-ებიც ინვენტარის მიხედვით (მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, ბეჭდები, ჯვარი, რკინის სამაჯური და სხვ.) XII–XIII სს-ით თარიღდება. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია დიდი ნასოფლარის ნაგებობათა კედლების ქვედა წყობა. ეკლესიის აღმ-ით გაითხარა კლდის მოზრდილი ქვებით ნაგები საცხოვრ. კომპლექსის 2 სათავსი. ერთ-ერთში გამოვლენილია ქვის ფილებით მოფენილი იატაკი, ხოლო მეორეში – ქვევრი, მართკუთხა ქვის კერა, კეცი, მოუჭიქავი და მრავალფერად მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაგებობები XII–XIII სს. მიეკუთვნება. ნასოფლარის დას-ით, ქვემოთ, ადგილ სათაოზე, პატარა ეკლესიასთან გათხრილი სამარხები ორ ქრონოლ. პერიოდს მიეკუთვნება. ქვედა ფენის ორ ორმოსამარხში მიცვალებულები მარცხ. გვერდზე იწვნენ მოკრუნჩხულ პოზაში, თავი დასავლეთისკენ ჰქონდათ. იქვე იყო III–IV სს. თიხის ხელადები, რკინის აბზინდები, დანები და სხვ. ზედა ფენაში გამოვლენილია ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, ქვის სამარხები, ამოშენებულკედლებიანი სამარხები და აკლდამები. მათში მიცვალებულები დაკრძალული არიან ქრისტიანული წესით. საოჯახო სამარხებში ადრინდ. ჩონჩხები მიხვეტილია აღმ. ნაწილში. სამარხებში აღმოჩენილი თიხის სასმისები, ბრინჯაოს სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, ჯვრები, მინისა და რკინის სამაჯურები და სხვ. XI–XIII სს-ით თარიღდება.

ლიტ. : Р а м и ш в и л и Р. М., Г о г о ч у р и Г. К., Д ж о р б е н а д з е В. А. и др., Исследования в горных районах Восточной Грузии, კრ.: Археологические открытия 1986 года, М., 1988. ბ. ჯორბენაძე.