გუთნისდედა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწის მუშა, რ-იც ხვნის დროს სახვნელს უძღვებოდა, აწესრიგებდა გუთნის მიმართულებას, ხნულის სიღრმესა და ბელტის სიგანეს, ხელმძღვანელობდა მოდგამს , ანაწილებდა ალოს. გ. დიდ გუთანთან არის დაკავშირებული. ხვნის ერთ სეზონში (გაზაფხული, ზაფხული ან შემოდგომა) მას შრომის საფასურად 2 ალო უწევდა. მასვე ერგებოდა ღვედისათვის 2 ალო, სახნის-საკვეთლისათვის – 3 ალო, გუთნის ხის ნაწილებში – 2 ალო (ქართლი). გ. სოფელში საპატიო კაცად ითვლებოდა. ფეოდ. საქართველოში ხვნის სეზონში გ-ს უფლება ჰქონდა თავის ნაცვლად სხვა გაეგზავნა სამხ. სამსახურში. ოჯახის გაყრის დროს გუთნის ღვედს, სახნის-საკვეთელს, გუთნის იარაღს გ-ს აკუთვნებდნენ.

ლიტ .: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., გუთნეულის ეკონომიური ორგანიზაცია, «საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1944, ტ. 5, #3; ჩ ი ტ ა ი ა გ., ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948 წლისა (წინასწარი ანგარიში), «მიმომხილველი 1949, [ტ.] 1; ჯ ა ლ ა ბ ა ძ ე გ., აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ., 1960. გ. ჯალაბაძე.