გულანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართულ ლიტურგიკულ პრაქტიკაში დამკვიდრებული კრებული, რ-იც მოიცავს თითქმის ყველა საღვთისმსახურო წიგნს. მოცულობით გ. დიდი იყო. მისი შეძენა შეეძლოთ მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს. ის შედარებით გვიანდ. წარმოშობისაა. XVII ს-ზე ადრე არ გვხვდება. დღეს ცნობილია გელათის, დავითგარეჯის, მარტვილის, შემოქმედის, ალავერდის, მცხეთისა და სხვა ეკლესია-მონასტრების კუთვნილი გ-ები. განსაკუთრებით საინტერესოა XVIII ს. კრებულები, რ-ებშიც აისახა ქართ. სას. მწერლობაში მიმდინარე პროცესები: სვინაქსარებში შეიტანეს ქართვ. წმინდანთა სვინაქსარული საკითხავები, თთუენ-სადღესასწაულოებში – საგალობლები. გ. ქართ. მოვლენაა, ამიტომაც გაოცებულა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი (XVII ს.), რ-საც ქართ. ეკლესიაში კლიროსზე დასვენებული ვეებერთელა წიგნი უნახავს. გ-ის პარალელურად ქართ. საღვთისმსახურო პრაქტიკაში არსებობს ჟამნგულანიც – შინაარსითა და დანიშნულებით შესამჩნევად განსხვავებული კრებული. მ. ქავთარია.