გულგულის სამაროვანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გულგულის სამაროვანი.

ო ლ ი ე ბ ი ს ტ ყ ი ს ს ა მ ა რ ო ვ ა ნ ი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIV–XII სს.) ძეგლი სოფ. გულგულის მახლობლად, მდ. თურდოს მარცხ. ნაპირზე (თელავის მუნიციპალიტეტი). გაითხარა 1956–72. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, ე. წ. ოლიების ტყეში, გამოვლინდა 29 ინდივიდ. ორმოსამარხი. კიდურებმოხრილი მიცვალებულები ესვენენ მარჯვ. ან მარცხ. გვერდზე. ჩატანებული ჰქონდათ ბრინჯაოს იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა სამკაული, თიხის ჭურჭელი (უყურო, ორყურა და შვერილყურიანი დერგები, ქილები, სადღვებლები, ქოთნები, კოჭბები, ბადიები, ჯამები და სხვ. ზოგ სამარხში 60-მდე) და სხვ. აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მრავალრიცხოვნება მიგვითითებს, რომ მოსახლეობის ერთ-ერთი საარსებო წყარო თიხის ჭურჭლის წარმოება (მეთუნეობა) უნდა ყოფილიყო. ახლომდებარე სოფლებში დღემდეა შემორჩენილი თიხისა და საწარმოო ქვიშის კარიერები. თიხის ჭურჭლის გარდა სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევრები, მთლიანმასრიანი შუბისპირები მასრაზე ორი სამანჭვლე ნახვრეტით, ბრინჯაოს ხვია, სასაფეთქლე რგოლები, გვერგვები, სარდიონის მძივები და სხვ. მასალა ინახება გ. ჩუბინაშვილის სახ. თელავის სახელმწ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმში. სოფლის სამხრ.-აღმოსავლეთით, ე. წ. სათვალისწყალზე, გაითხარა 20 ინდივიდ. ორმოსამარხი, რ-ებიც ზემოთ აღწერილი სამარხების ანალოგიური და სინქრონულია.

ლიტ .: მ ა ი ს უ რ ა ძ ე ბ., იორალაზნის ზემო დინების გვიანბრინჯაო – რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993; ნ უ ც უ ბ ი ძ ე ა., ალაზნის ველის ძვ. წ. XIV–XII სს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1981; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973. ც. მენაბდე. ა. ნუცუბიძე.