გულისაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ ალექსის ძე [1(13). IV. 1888, საგარეჯო, – 30. XII. 1971, თბილისი], მეტალურგი. პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1944). დაამთავრა პეტერბ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი (1916). მუშაობდა ურალის მეტალ. ქ-ნაში. 1921 დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო სპეციალისტ-კონსულტანტად სახ. მეურნ. უმაღლეს საბჭოში, პარალელურად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. მონაწილეობდა თსუ- 199 იდან პოლიტექ. ფაკ-ტის გამოყოფასა და პოლიტექ. ინ-ტის დაარსებაში (1928). იყო მეტალ. ფაკ-ტის დეკანი და კათედრის გამგე, ხოლო 1948–53 – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნ. ნაწილში. ავტორია მეტალურგიის, მხაზველობითი გეომეტრიისა და მანქანათა ნაწილების სახელმძღვანელოებისა. 1930-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ. : მხაზველობითი გეომეტრია ტფ., 1927 (ახ. გამოც. – 1962); მეტალურგია, I, ტფ., 1928; მანქანათა ნაწილები, ნაწ. 1–2, თბ., 1937–41.


სარჩევი

ბორის არჩილის ძე

(13. V. 1912, პეტერბურგი, – 13. V. 1977, თბილისი), მუსიკისმცოდნე, პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1954). 1938–60 მუშაობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ, 1956–58 – თეორ. საკომპოზიციო ფაკ-ტის დეკანად. 1960–63 – ტაშკენტის, 1963–65 – ალმა-ათის, 1966–77 თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი იყო, კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორ. სისტემების კურსს. გ. მოღვაწეობდა ძირითადად ქართ. ხალხ. მუსიკისა და მუს. აკუსტიკის სფეროში. ძირითადი ნაშრომები: „კილოები ქართული ხალხური სიმღერების თანხლებასა და საკრავიერ მუსიკაში" (1967), „ობერტონების რიგი და ტემბრული განვითარება" (1971), „ნეიტრალური ინტერვალები ქართულ ხალხურ სიმღერაში" (1972). გ-ს ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზეც: „სუფთა წყობა და ხალხური მუსიკალური შემოქმედება" (1956), „იბნ-სინა და სუფთა წყობის შექმნა" (1964). გ. ტორაძე.



გივი ვახტანგის ძე

გ. გ უ ლ ი ს ა შ ვ ი ლ ი. "ცხენოსნები". 1982. ეროვნული გალერეა. თბილისი

(2. X. 1913, თბილისი, – 24. II. 1995, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1965). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1938, მ. თოიძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1938-იდან. ქმნიდა თანამედროვეობის ამსახველ სურათებს, პორტრეტებსა და პეიზაჟებს: "შემთხვევა საზღვარზე" (1930), "ცხენების ბანაობა" (1938), "მამაცთა შეჯიბრება" (1953), "ცხენების რემის გადარეკვა" (1957), "ქართლი" (1978), "მეფე ერეკლე" (1983) და სხვ. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც წიგნის გრაფიკოსი. გ-ს ეკუთვნის ილუსტრაციები წიგნებისათვის: ე. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა", ი. ევდოშვილის „საბავშვო მოთხრობები", ა. ხახუტაშვილის „გაზაფხულის მერცხლები" და სხვ.






ელიზბარ ზაქარიას ძე

(1893, თბილისი, – 20. V. 1923, იქვე), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–1921) არმიის პოლკოვნიკი (1919), 1921–23 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და სამხ. სასწავლებელი (1914). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა კავკ. ფრონტზე. მიიღო რამდენიმე საბრძოლო ჯილდო. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1918) ჩადგა ეროვნ. არმიის სამსახურში. იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. გენ. შტაბის პოლკოვნიკი, 1917-იდან – საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა იატაკქვეშეთში. 1922–24 იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხ. ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელი. იმავდროულად, ს. ზალდასტანიშვილთან ერთად, ხელმძღვანელობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის არალეგ. სამხ. ცენტრს. 1923 გ. დააპატიმრეს და დახვრიტეს დამკომის სამხ. ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

ლიტ .: აჯანყება–1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარტიული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა თბილისში, 1925 წ.); ჟურნ. «სამშობლო», პარიზი, 1937, #21–22. ლ. ურუშაძე.


ვასილ ზაქარიას ძე

ვ. გულისაშვილი.

[23. IV (6. V). 1903, თბილისი, – 19. X. 1979, იქვე], მეტყევეეკოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1955). დაამთავრა ლენინგრადის სატყეოტექ. აკად. სატყეო მეურნეობისა (1926) და ქიმ. ტექნოლ. (1931) ფაკტები. 1927-იდან მოღვაწეობდა ლენინგრადის სატყეო-ტექ. აკადემიაში. 1931 გ. საქართველოში დაბრუნდა და მუშაობდა თბილ. სატყეო-ტექ. ინ-ტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგედ. 1932–44 სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. 1945–79 ხელმძღვანელობდა თბილ. სატყეო ინ-ტს. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლ. გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხებს. შეისწავლა ტყის ნიადაგის ფიზ. თვისებები და მათი ცვალებადობა ამორჩევითი, პირწმინდა ჭრისა და სას.-სამ. სავარგულებად დროებით გამოყენებისას. გ. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბუნების დაცვის კომისიის თავ-რე და საქართვ. ბუნების დაცვის საზ-ბის თავ-რის მოადგილე. 1974 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. თხზ. : ზოგადი მეტყევეობა, თბ., 1957; მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 1960 (გარეკანზე: 1961); Природные зоны и естественно-исторические области Кавказа, М., 1964.





ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე

(1857, სოფ. ჯიმითი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1914, თბილისი), მწერალი, პუბლიცისტი. სწავლობდა სოფ. გომბორის პირველდაწყებით სასწავლებელში, თბილ. სას. სასწავლებელში, თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ წრეში მონაწილეობისათვის. ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და „გავიდა ხალხში" – მასწავლებლობდა მეტეხში, პატარძეულში, კაკაბეთში, რუისპირში, საგარეჯოში. 1897 მღვდლად ეკურთხა. მისი პირველი თხზულება „ორიოდე სურათი მოთხრობიდან" 1879 გამოქვეყნდა („ივერია", #3). გ-ის მოთხრობებში გამოყენებულია საინტერესო ფოლკლორულ-ეთნოგრ. მასალები. მისი მოთხრობები („მარტიაანთ პაპა", 1879; „მეტივე", „ბედნიერი კუნჭული", ორივე 1881), ნარკვევები („მგზავრის შენიშვნები", 1882; „აწინდელ კახეთზე და ქართლზე", 1884; „რკინიგზით განჯისაკენ", 1900), ისტ.-ეთნოგრ. წერილები („გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი და მათნი ნაშთნი", 1900; „ჩვენი ხალხის ზნე- ჩვეულებანი", „ქორწილი ქვემო ქართლში") იბეჭდებოდა ჟურნალგაზეთებში („ივერია", „იმედი", „დროება", „თეატრი" და სხვ.). გ. ხალხოსნური პოზიციებიდან აშუქებდა ეპოქის საჭირბოროტო საკითხებს. იგი ავტორია აგრეთვე წიგნებისა: „ანბანი მშობლიურ ენის" და „საქართველოს ძველი დროის მეფეებზედ" (1886). მისი წინასიტყვაობით გამოიცა პ. ლარაძის თხზულება „დილარიანი" (1903).

თხზ. : მოთხრობები, ნარკვევები, თბ., 1953.

ლიტ. : ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; მ ი ს ი ვ ე, თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1978. ს. ხუციშვილი. გ. ჯავახიშვილი.



იერემია დიმიტრის ძე

[1 (13). V. 1863 – 20. IV. 1958], მწერალი, თეატრალური და საზ. მოღვაწე, საქართვ. დამს. მასწავლებელი. დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. 1882-იდან მუშაობდა ზუგდიდში სკოლის მასწავლებლად, 1888–1913 – თბილისში. 1915 ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელმა საზ-ბამ გააგზავნა სკოლების ზედამხედველად აჭარაში, სადაც 4 წელიწადში 40-მდე ქართ. სკოლა გახსნა (ხულოში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში). 1919-იდან ცხოვრობდა მშობლიურ საგარეჯოში, იყო სკოლის დირექტორი და რუს. ენის მასწავლებელი. პუბლიც. სტატიებს ათავსებდა „ივერიაში", „სახალხო გაზეთში" და სხვ. შემდეგ თვითონ დაიწყო „ორკაპიკიანი" გაზეთის გამოცემა ღარიბი მშრომელებისათვის. იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართ. წიგნების გამომცემლობის ამხანაგობისა და „ქართული კლუბის" დაარსებისა თბილისში. 1886 ზუგდიდში პირველად დადგა გ. ერისთავის „ძუნწი" და თვითონვე შეასრულა მთ. როლი, სისტემატურად მართავდა წარმოდგენებს; მიღებული შემოსავლით გახსნა სახ. ბ-კა. თბილისში გ. იყო ქართ. სახ. თეატრის – ავჭალის აუდიტორიის – ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი რეჟისორობით იდგმებოდა გ. ერისთავის „გაყრა", ა. ცაგარლის „ციმბირელი", „ხანუმა", „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", „ადვოკატი მელაძე", კ. მესხის „თამარ ბატონიშვილი" და სხვ. ამ წარმოდგენებში თვითონაც ასრულებდა როლებს მ. დემურიასა და ნ. ნაკაშიძესთან, ნ. გოცირიძესა და ი. იმედაშვილთან, გ. ლასხიშვილსა და ი. ნაკაშიძესთან, გ. ჯაბაურთან და სხვებთან ერთად. საგარეჯოში დასახლების დღიდან სიკვდილამდე ქალაქის დრამ. დასის აქტ. წევრი და თეატრის შენობის აგების ინიციატორი იყო. დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დრონი მეფობენ" (1890) და პიესა „ცხოვრება ბრძოლაა" (1892, ცალკე წიგნად დაისტამბა 1895).



სოლომონ თევდორეს ძე

(1874, სოფ. გიორგიწმინდა, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1952, იქვე), პედაგოგი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939). თბილ. მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ბუნებისმეტყველების ფაკტზე, რ-იც 1901 დაამთავრა. მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებზე. 1907–23 საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს ახალგახსნილი 9-წლიანი სკოლის ხელმძღვანელად და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად. 1918-იდან ხელმძღვანელობდა საგარეჯოს განათლების განყ-ბას, პედ. კაბინეტებს და სხვადასხვა პედ.- მეთოდურ სექციას. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. მისი რედაქციით ქართ. ენაზე პირველად გამოვიდა სასწ. გეოგრ. ატლასი და ნახევარსფეროების რუკა. ჟურნ. „ნაკადულში" განაგებდა საბუნებისმეტყველო განყ-ბას. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები. ა. სამადაშვილი.