გულრიფშის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gulrifshi.jpg
მდინარე კოდორის ხეობა.
ბაღმარანის სამონასტრო კომპლექსი. შუა საუკუნეები.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), აფხაზეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე და შავი ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. ჩრდ-ით ესაზღვრება რუს. ფედერაცია, დას-ით – სოხუმის, აღმ-ით – ოჩამჩირისა და მესტიის მუნიციპალიტეტები, სამხრ.-დას-ით – შავი ზღვა. ფართ. 1834,5 კმ 2. მოსახლ. 54,9 ათ. კაცი (1989). ცენტრი – დაბა გულრიფში . მუნიციპალიტეტში არის 1 დაბა, 97 სოფელი, 12 თემი: ამტყელის, აჟარის (ცენტრი – ქვემო აჟარა), ბაბუშარის, ბაღმარანის, განახლების, დრანდის, ვლადიმიროვკის, ლათის, მაჭარის, მერხეულის, ფშაფის, წებელდის. ისტორიული ცნობა. ძველთაგანვე ახლანდ. გ. მ-ის ტერიტორია ქართ. მოდგმის ტომებით იყო დასახლებული და ეგრისის (კოლხეთის) სამეფოში შედიოდა. I ს-იდან წერილობით წყაროებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდ. კელასურსა და კოდორს შორის ტერიტ-ზე აფშილები იხსენიებიან. კოდორის ხეობის ზემო დინებაში მისიმიელები ცხოვრობდნენ. IV ს-ში აღნიშნული ტერიტ. ეგრისის სამეფოში შევიდა და უშუალოდ ეგრისის სამეფოს ადმინისტრაციას დაემორჩილა. VIII ს. დასასრულს აფშილეთი ცხუმის საერისთავოს სახით ეგრის-აფხაზეთის, X ს. ბოლოს კი გაერთიანებული საქართვ. სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. XIV ს. დასაწყისიდან აღნიშნული ტერიტ. ოდიშის (სამეგრელოს) შემადგენლობაშია და ეკლესიურად დრანდის ეპისკოპოსს ემორჩილება. XVII–XVIII სს. ჩრდ. კავკასიელი ტომების, ძირითადად აფსუების ექსპანსიის შედეგად ძირძველი ქართ. მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა გ. მ-ის ტერიტორია. ამ დროიდან ეს ტერიტ. აფხაზური მხარის გუმის შემადგენლობაში მოექცა. 1864, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. სოხუმის ოლქის შემადგენელი ნაწილი გახდა და ქართვ. მოსახლეობამ თანდათანობით დაიწყო მამაპაპეულ ადგილზე დაბრუნება. 1917-მდე ახლანდ. გ. მ-ის ტერიტ. შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში, 1921–30 – საქართვ. ფარგლებში შექმნილ აფხ. სსრ გუმისთისა და სოხუმის მაზრებში, 1931-იდან – აფხ. ასსრ სოხუმის რ-ნში, 1946–59 იყო და 1966-იდან კვლავ გამოიყო ცალკე რ-ნად. სეპარატისტული და რეაქციული ძალების მიერ აფხაზეთში პროვოცირებული შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტ., სოც., ეკონ., დემოგრ., ეკოლ. და სხვა შედეგების შესახებ იხ. სტ. საქართველო. ბუნება. გ. მ-ის საზღვრებში შედის კავკასიონის მთავარი ქედი – მარუხის უღელტეხილიდან მწვ. გვანდრამდე; უმაღლესი მწვერვალია დომბაიულგენი (4046 მ ), უღელტეხილები – მარუხი, კლუხორი და სხვ. სამხრ-ით მთავარი ქედის პარალელურად მიემართება ჩხალთის ქედი (მწვ. შხაფიძგა). მდინარეებს კელასურსა და ამტყელს შორის მდებარეობს ბზიფის ქედის განშტოება – სხაპაჭის ქედი. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ გორაკ-ბორცვიანი ზოლია, რ-ის სამხრ-ით ვრცელდება შავიზღვისპირა დაბლობი. კავკასიონის მთავარი ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით, სამხრ. კალთა – იურული და ცარცული თიხაფიქლებითა და კირქვებით. გორაკ-ბორცვიანი ზოლის აგებულებაში მონაწილეობს ნეოგენური კონგლომერატები, ქვიშაქვები, თიხები, მერგელები. შავიზღვისპირა დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარებით, ქვიშებით, თიხებით. წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვია (მცირე რაოდენობით), თუთია და ვერცხლი (ამტყელის, ხეცკვარის, გვანდრისა და საკენის აუზებში), კალა (ახუპაჭის მთაზე), დარიშხანა (სხაპაჭის ქედზე), ბარიტი (გვანდრისა და საკენის აუზებში). ჩხალთის, საკენის, ყლიჩის და სხვა მდინარეთა ხეობებში არის მინერ. წყლები. შავიზღვისპირა დაბლობზე ზღვის ნოტიო სუბტროპ. ჰავაა. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა 5–60C, ივლ. 23–240C. ნალექები 1400 მმ წელიწადში. გორაკ-ბორცვიან ზონაში ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა 2–30С, ივლ. 18–200С. ნალექები 1800–2000 მმ წელიწადში. საშუალმთიან ზონაში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. იანვ. საშ. ტემპ-რა –50C-იდან –60C-მდეა, ივლ. 15–160C. ნალექები 2000 მმ წელიწადში. ჩხალთის ქედის თხემურ ზოლში ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ნოტიო ჰავაა, კავკასიონის მთავარ ქედზე კი – ნივალური. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა კოდორი, მისი მდგენელებია გვანდრა და საკენი, მარჯვ. შენაკადებია ჩხალთა (აწგარა) და ამტყელი (ჯამპალით). მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის, მყინვარებისა და მიწისქვეშა წყლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ამტყელის ტბა, მაღალმთიან ზონაში კი – პატარპატარა მყინვარული ტბები (გორაფის ტბა და სხვ.). ზღვისპირა დაბლობზე გავრცელებულია უკარბონატო ალუვიური ნიადაგი, გორაკ-ბორცვებზე – ყვითელმიწა, კირქვიან ფერდობებზე – კორდიან-კარბონატული, მთის ტყის ქვედა სარტყელში – ყომრალი, ზედა სარტყელში – გაეწრებული ყომრალი ნიადაგი. მაღალმთიან ზონაში მთის მდელოს ნიადაგია. ზღვისპირა ვიწრო ზოლში, დიუნებზე, იზრდება ქვიშნარის მცენარეულობა: რძიანა, გლერტა, ლურჯი ნარი, ძეძვი, ქოთანა და სხვ. დიუნების მიღმა ჭაობის მცენარეულობის კომპლექსში მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს მურყნარს. შედარებით მშრალ ადგილებში ხარობს მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარი. უფრო ზემოთ იზრდება ტიპური კოლხური ტყე მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ბუჩქებით. ფართოდაა გავრცელებული ლიანები. მთის ტყის ქვედა სარტყელში ჭარბობს წიფელი, იზრდება აგრეთვე რცხილა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, იფანი და სხვ. ზედა სარტყელში ხარობს უმეტესად სოჭი, ნაძვი, ფიჭვი. ტყის ზედა საზღვარზე აქა-იქ გავრცელებულია არყი, ცირცელი. ქვეტყეში ხშირია კავკასიური მოცვი, იელი და სხვ. 1900–2000 ზემოთ სუბალპ. მდელოებია. იზრდება გიგანტური ქოლგოსნები (დიყი) და სხვა მაღალბალახეულობა. ალპ. მდელოს ზონა ვრცელდება 2400-იდან 2800 მ -მდე. ზონის ქვედა ნაწილში მრავლადაა კავკ. დეკა. ზღვისპირა და გორაკ-ბორცვიან ზონაში ცხოველთა სამყარო განადგურებულია ადამიანის მიერ. ტყის ზონაში ბინადრობს გარეული ღორი, შველი, მურა დათვი, მგელი, ტურა, კვერნა, წავი, დედოფალა, მაჩვი; ფრინველთაგან – ნიბლია, ჩიტბატონა, წივწივა, სტვენია, შაშვი, კოდალა, ჩხიკვი, ნისკარტმარწუხა და სხვ.; ქვეწარმავლები – კავკასიური გველგესლა, ხვლიკი და სხვ. მდინარეებში იცის კალმახი, წვერა, ფრიტა, ტობი. ძირითადი ლანდშაფტები: 1. სანაპირო ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები; 2. დახრილი ვაკე-დაბლობები კოლხ. მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით; 3. ბორცვიან-ტერასული მთისწინეთი კოლხ. მცენარეულობით, ყვითელმიწა და კორდიან-კარბონატული ნიადაგებით; 4. მთა-ტყის ლანდშაფტი მუხნარ-რცხილნარით, წიფლნარით, წიფლნარ-მუქწიწვოვნებით; კორდიან-კარბონატული, ტიპური და გაეწრებული 203 ყომრალი ნიადაგებით; 5. სუბალპ. ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით; 6. ალპ. მდელოები მთის მდელოს ნიადაგით; 7. მარადიული თოვლი და მყინვარები. მოსახლეობა. 1989 აღწერით გ. მ-ში ცხოვრობდნენ აფხაზები (2,4%), ქართველები (52,8%), სომხები, რუსები, ბერძნები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 400 - მდეა. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვე – 29,0 კაცი 1 კმ 2 -ზე. მეურნეობა. სოფ. მეურნ. ძირითადი დარგი იყო მიწათმოქმედება. 1990 გ. მ-ის მთელი ფართობის დაახლ. 17,3% (31,8 ათ. ჰა ) ეჭირა სას.-სამ. სავარგულებს. მემცენარეობიდან ძირითადი იყო მეთამბაქოეობა. მოჰყავდათ ეთერზეთოვანი კულტურები, განვითარებული იყო მებაღეობა, მეციტრუსეობა, მეჩაიეობა, მებოსტნეობა. მოჰყავდათ სიმინდი. მისდევდნენ მესაქონლეობას, მეფუტკრეობასა და მეაბრეშუმეობას. სოფ. ვარჩაში იყო კოდორის საყვავილე მეურნეობა. გ. მ-ში იყო ასფალტის ქ-ნა, სახლთსაშენი და ხე-ტყის მრეწვ. კომბინატი, ჩაის ფ-კა და ხილის წვენების ქ-ნა სოფ. დრანდაში, ხის დასამუშავებელი საწარმო სოფ. ვარჩაში, ეთერზეთების მეურნ.-ქ- ნა და ხის დასამუშავებელი კომბინატი სოფ. ბაბუშარაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართვ. რკინიგზის მაგისტრალი და შავიზღვისპირა საავტ. გზატკეცილი. შიდა მიმოსვლაში გადამწყვეტ როლს თამაშობდა საავტ. ტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი – სოხუმის (ბაბუშარის) აეროპორტი. კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა. 1990 გ. მ-ში იყო 16 სკოლამდელი დაწესებულება, ყველა სახის 52 ზოგადსაგანმან. სკოლა, სამუსიკო და სპორტ. სკოლები, 46 ბ-კა, 32 საკლუბო დაწესებულება. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებოდა 4 საავადმყოფო, 130 ექიმი, 428 საშ. მედმუშაკი. იყო 5 სანატორიუმი და დასასვენებელი სახლი. ზღვის სანაპირო ზონაში გათვალისწინებული იყო დიდი საკურორტო კომპლექსის მშენებლობა. გ. მ-ის ტერიტორიაზე იყო სამეცნ.-კვლ. დაწესებულებები, სუბტროპ. კულტურების სოხუმის საცდელი სადგური (გულრიფში), ეთერზეთების სოხუმის ზონალური საცდელი სადგური (სოფ. მაჭარა), საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აფხ. მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური (გულრიფში). ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები. გ. მ-ის ტერიტორიაზე შემორჩენილია მატერ. კულტურის მრავალი ძეგლი: დოლმენები და სამარხები აზანთის მიდამოებში, შუა საუკ. სამონასტრო კომპლექსი ბაღმარანში, ციხეები აზანთისა და კელასურის მიდამოებში, დრანდის ტაძარი (VIII ს., რესტავრირებულია XIX ს. 70-იან წწ-ში, არქიტ. ვ. ცინცაძე), შუა საუკ. ხუროთმოძღვრული ძეგლების (კოშკები, ეკლესიები, ხიდები) ნანგრევები. თ. ბერაძე. შ. ლაშხია. კ. მგელაძე.