გუმბა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რ. გუმბა.

რაჟდენ ჯგუტას ძე (12. IX. 1926, სოფ. დურიფში, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, - 17. VII. 2007, სოხუმი), აფხაზი კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1958). 1957–59 სწავლობდა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (ი. ტუსკიასა და ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასები); 1971 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (ვ. ფერეს საკომპოზიციო კლასი). 1940–53 ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითმოქმედ საგუნდო კოლექტივს. 1954–71 (ხანგამოშვებით) იყო აფხ. ხალხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1971–72 – აფხ. სახელმწ. საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი, 1972-იდან – აფხ. სახელმწ. ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი და სამხატვრო საბჭოს თავ-რე. ნაწარმოებები: საზეიმო უვერტიურა „სიხარული" (1974), 2 სიმფონია (1979), კანტატა გუნდის, სოლისტისა და სიმფ. ორკესტრისათვის – „მისალმება საქართველოს" (1979) და სხვ. ავტორია 300-მდე საგუნდო ნაწარმოებისა (მ. შ. „იარუმა", „საფსანი", „სამშობლოსადმი", „აფხიარცა"), დამუშავებული აქვს აფხ. ხალხ. სიმღერები. აღსანიშნავია გ-ს სადირიჟორო და საშემსრულებლო მოღვაწეობაც. მის მიერ შესრულებული 120-ზე მეტი ხალხ. სიმღერა ჩაწერილია გრამფირფიტებზე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. არის დ. გულიას სახ. პრემიის ლაურეატი (1974). ვ. ცარგუში.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=გუმბა&oldid=2643-დან“