გუმისთა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიდი მდინარე გუმისთაზე.

მდინარე დასავლეთ საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართ. 576 კმ 2. წარმოიქმნება მდინარეების – აღმოსავლეთის გუმისთისა და დასავლეთის გუმისთის შეერთებით. ერთვის შავ ზღვას ქ. სოხუმის დასავლეთით. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 30 3/წმ. მდინარის წყალს იყენებენ სოხუმის წყალმომარაგებისათვის. ი. აფხაზავა.






გუმისთა

სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტის გუმისთის თემში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. გუმისთის მარცხენა ნაპირას. ზ. დ. 30 , სოხუმიდან 6 კმ . 4,2 ათ. მცხ. (1989). გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია; იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 60C) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 240C). ნალექები – 1550 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2120 სთ წელიწადში, სამკურნ. საშუალება – თალასოთერაპია (ზღვის აბაზანებითა და მზით მკურნალობა). გ. უშვერიძე.




გუმისთა

ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლ. შუა წლები) ნასახლარი სოხუმის დასავლეთით 3 კმ -ზე, მდ. გუმისთისა და ზღვის შესართავთან, მაღალ ტერასაზე. არქეოლ. გათხრებით მოპოვებულია ქვის იარაღი: რიყის ქვის ცულები, სატეხები, სათლელები, პიკის ტიპის იარაღი, ე. წ. სოხუმის ტიპის თოხები, ბადის საწაფები, შურდულის ქვები, მოვარდისფრო-ნაცრისფერი კერამიკა (ქილები, ქოთნები, ჯამები), რ-იც უხეშადაა ნაძერწი, შემკულია პარალელური ხაზებით, დაჭდეულია რელიეფური სარტყლებით, კიბისებური ნაკაწრებით, კოპებით და სხვ. გაითხარა სინქრონული ქვაყრილიანი, ქვით გარშემოწყობილი ყორღანი. გაიწმინდა 4 ინდივიდ. სამარხი. ყველა მიცვალებული ესვენა მიწის ზედაპირზე, გვერდზე მოკრუნჩხული; თავი დას-კენ ჰქონდათ. ინვენტარი ნასახლარის მასალის ანალოგიურია, გამოირჩევა მხოლოდ შედარებით მომცრო ზომებით. მასალა ინახება სოხუმის არქეოლ. მუზეუმში.

ლიტ. : საქართველოს არქეოლოგია, ტ. 2, თბ., 1992; С о л о в ь е в Л. Н., Новый памятник культурных связей стоянки Воронцовской пещеры, «Труды Абх. ин-та», 1958, т. 29. გ. ფხაკაძე.